გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2655081-2/753-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 დეკემებრი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - თ------- ბ--–---–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------- ს------–---–-
მოპასუხე - გ------- ბ-----ე
წარმომადგენელი - ნ---- დ----------
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------- ბ-----ისათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 13 ა-----–ს დაბადებული ა-- ბ-----ის სასარგებლოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის - 100 ლარის გაზრდა 600 ლარამდე, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ა-- ბ-----ის სრულწლოვანებამდე.
სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
თ------- ბ--–---–---–ს და გ------- ბ-----ეს თანაცხოვრების პერიოდში 2--- წლის 13 ა-----–ს შეეძინათ შვილი ა-- ბ-----ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ------- ბ-----ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - ა-- ბ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 100 ლარის ყოველთვიურად გადახდა.
ა-- ბ-----ე ალიმენტის დაკისრების მომენტისათვის იყო 6 წლის, ხოლო ამჟამად იგი არის 13 წლის, გაეზარდა მოთხოვნილებები, მისი რჩენისათვის გაცილებით სოლიდური თანხებია საჭირო. ასევე გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ბ-----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯესებულა, არის უმუშევარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ------- ბ--–---–---–ი და მოპასუხე გ------- ბ-----ე 20.02.2012 წლამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 13.--.2--- წელს დაბადებული ა-- ბ-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- ა-- ბ-----ის დაბადების მოწმობა;
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.10.2012წ. გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 20.02.2012 წელს მხარეები განქორწინდნენ და ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ა-- ბ-----ე ცხოვრობს დედასთან თ------- ბ--–---–---–თან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.10.2012წ. გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. 2012 წელს თ------- ბ--–---–---–მა (ბ-----ემ) სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ------- ბ-----ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის ა-- ბ-----ის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება თვეში 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.10.2012წ. გადაწყვეტილება;
3.1.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გ------- ბ-----ე ალიმენტის დაკისრების თაობაზე საქმის განხილვისას არ იყო დასაქმებული და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოპასუხე გ------- ბ-----ეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 13 ა-----–ს დაბადებული ა-- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, 2012 წლის 15 ოქტომბრიდან ა-- ბ-----ის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.10.2012წ. გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. მოპასუხე გ------- ბ-----ე დასაქმებული არ არის. სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. ალიმენტის დაკისრების შემდეგ გ------- ბ-----ის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა - არ გაუმჯობესებულა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - ალიმენტის დაკისრების შემდგომ პერიოდში მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი. მოსარჩელე უთითებს, რომ ალიმენტის ოდენოის გაზრდას ითხოვს მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ არასრულწლოვანი ა-- ბ-----ე გაიზარდა, ამჟამად იგი არის 13 წლის და გაეზარდა მოთხოვნილებები.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლოს მიერ მისთვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ არ შეცვლილა, არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის გაზრდის საფუძველი და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილის ა-- ბ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზე მითითებით, რომ ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------- ბ--–---–---–ს და მოპასუხე გ------- ბ-----ეს თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ა-- ბ-----ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ა-- ბ-----ე ცხოვრობს დედასთან თ------- ბ--–---–---–თან ერთად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ------- ბ--–---–--–-ს (ბ-----ის) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გ------- ბ-----ეს არასრულწლოვანი შვილის ა-- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სწორედ მითითებული პრინციპების დაცვით, სასამართლოს მიერ, 31.10.2012 წლის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა მოპასუხე გ------- ბ-----ის საალიმენტო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის ა-- ბ-----ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა ადგენს მხარეთა მატერიალური მდგომაროების ცვლილებების/გაუმჯობესების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, რაც ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მშობლის გაზრდილი და სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და შეუქმნის განვითარების ფართო წინაპირობებს. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სსკ-ის 1221.2 მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ამ დროს მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, შეიცვალა/გაუმჯობესდა თუ არა არსებითად ალიმენტის გადამხდელი პირის ქონებრივი მდგომარეობა. ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს,ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საოქლქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 31 მარტის განჩიენბაში საქმეზე №ას-1194-1154-2016 განმარტა, რომ „„სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ # ას-303-290-2015, 13.05.2015წ.; შდრ. სუსგ # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ).
ხოლო 2015 წლოის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე 675-641-2013 საკასაციო პალატამ განმარტა: „სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ანუ იმ შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას, რაც მათ გააჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში და არა იმას, თუ როგორი იყო მათი მატერიალური მდგომარეობა წარსულში. ამ დასკვნის მართებულობას ადასტურებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი, რომელიც ითვალიწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ან გადიდების შესაძლებლობას მშობლების მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ როგორც ალიმენტის დანიშვნისას, ასევე შემდგომში მისი ოდენობის შეცვლისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით, ანუ გადამწყვეტია, თუ როგორი მატერიალური მდგომარეობა გააჩნია ალიმენტვალდებულს ალიმენტის დანიშვნისა თუ შეცვლის მომენტში.“
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის გაზრდა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
მოპასუხე გ------- ბ-----ის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა სასამართლოს აზრით ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ბუნებრივია, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა დაკისრებული ალიმენტის გაზრდისა.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს, სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი, ვინაიდან ახალციხის რაოინული სასამართლოს 31.10.2012წლის გადაწყვეტილებით გ------- ბ-----ისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ, ამ უკანასკნელის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა - არ გაუმჯობესებულა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოპასუხისათვის სახელწმიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 245-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს თ------- ბ--–---–---–ის სარჩელი მოპასუხე გ------- ბ-----ის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-- ბ-----ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გაზრდის შესახებ.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი