განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100118002646281
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - ნ-----------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ------ თ------ის ძე ბ------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ--–-----------------–-------–-------------------------–-------------------–-----------------------–--------ში

 

ადვოკატი - გ--------–---–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, დინამოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბ------ ბ------–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა ე-–--------ა ჟ------ს, რა დროსაც ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ „სადაც დაიჭერდა ღორივით გამოჭრიდა ყელს“, რითაც ე-–--------ა ჟ------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნა, შემაკავებელი ორდერები და სხვ.) ერთობლიობა ბ------ ბ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ----- ბ------–---–მა დაადასტურა, რომ ე-–--------ა ჟ------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „სადაც დაიჭერდა, ღორივით გამოჭრიდა ყელს“, თუმცა განმარტა, რომ ეს იყო აღელვებული ადამიანის სიტყვები და დაზარალებულის მიერ რეალურად არ უნდა აღქმულიყო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ე-–--------ა ჟ------ი განიცდიდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ბ------ ბ------–---–ისაგან (მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულს სილურჯეებიც კი ეტყობოდა) ბრალდებულის მიმართ ორჯერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი და კვლავ აგრძელებდა დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას, რითაც მუდმივ სტრესსა და შიშში აცხოვრებდა და უკარგავდა სიმშვიდეს, დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ნათლად ასახავს მოწმეთა ჩვენებები. დაზარალებულისადმი ბ------ ბ------–---–ის მხრიდან აგრესიას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სიცოცხლის მოსპობის რეალურობას ცალსახად ადასტურებს დათვალიერების ოქმი.

 

მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას და მის ქმედებებს დაზარალებულთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ასეთი წარსულისა და „გამოცდილების“ მქონე პირისაგან სიცოცხლის მოსპობის მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში დაზარალებულში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.

 

მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა, ბრალდებულის პიროვნება და მის მიერ წარსულში დაზარალებულის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რის შედეგადაც უტყუარად დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------ ბ------–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ------ ბ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ბ------ ბ------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------ ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ------ ბ------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ბ------ ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

სს საქმეზე დაუშვებლად ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულება - 3 (ცალი) ლაზერული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) დაუბრუნდეს ბრალდების მხარეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.ნაჭყებია