განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010100115793093
დავის ტიპი
150
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115793093

საქმე №1-520/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ფუტკარაძე

 

პროკურორის _ ზ-----------–--–--ის

დამცველის _ დ-------------ის

 

მონაწილეობით, განსასჯელის _ ზ---- ქ------ის დასწრების გარეშე _ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171040711005 საქმე :

 

ბრალდებულ ზ---- ა--------ს ძე ქ------ის მიმართ

დაბადებული: 1--- წლის 8------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: ს-–----–--

მცხოვრები: ქ. ბათუმი, გუ----–---–----------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნების თანახმად, განსასჯელ ზ---- ქ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა პ----ა დ-------ის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 1999 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, საქართველოს შსს საკუთრების დაცვის პოლიციის აჭარის ა/რ სამმართველოს შენობის გვერდით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- ქ------ემ, დაუდგენელი მოტოვით, მჩხლეტავი მჭრელი საგნის გამოყენებით, პ----ა თ------- ძე დ-------ეს, განზრახ მკვლელობის მიზნით მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, გულმკერდის მწვერვალის, დიაფრაგმისა და ღვიძლის კედლის მარჯვენა ნაწილის დაზიანებით, რამაც გამოიწვია სისხლის ჩაქცევა გულის პერანგში და მუცლი ღრუში, აგრეთვე ჭრილობა მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე კუნთის დაზიანებით, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებას, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.

 

2. აღნიშნული ქმედებისთვის, ზ---- ქ------ე წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ზ---- ქ------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ზ---- ქ------ემ ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაულებივი ქმედება, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

4. დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ----- დ-------ის მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ გარდაცვლილი პ----ა დ-------ე მისი შვილი იყო, რომელიც 1999 წლის 1 აპრილს მოუკლეს. დარწმუნებულია, რომ ეს ზ---- ქ------ემ ჩაიდინა, რადგან შემთხვევის დღეს პ----ა სწორედ ზ----სთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ქ------ე და მისი ოჯახი საერთოდ წავიდნენ ბათუმიდან. მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი არავინაა, მაგრამ შემდგომ განვითარებული მოვლენები უპირობოდ მიუთითებენ ზ---- ქ------ეზე, როგორც მკვლელზე.

 

5. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა ზვიად დ-------ემ - გარდაცვლილი პ----ა დ-------ის ძმამ.

 

6. მოწმე ნ------–------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, პ----ა დ-------ე მისი შვილია, რომელიც 1999 წლის 1 აპრილს მოუკლა ზ---- ქ------ემ. დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელი სწორედ განსასჯელი ქ------ეა, რადგან იცის, რომ ქ------ე და მისი შვილი მთელი დღე ერთად იყვნენ. ერთად წამოსულან ზ----ს მამის სახლიდან და სწორედ ამის შემდეგ მომხდარა ზ----ს მიერ პ----ას დაჭრა. თავდაპირველად ქ------ე ამბობდა, რომ სხვა პირმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა პ----ა დ-------ეს, მაგრამ შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს მისი ჩადენილი იყო. განსასჯელის ძმას, რომელიც პ----ას ახლო მეგობარი იყო, მოწმის მეუღლისთვის - თ----- დ-------ისთვის უთქვამს, რომ მისმა ძმამ მოკლა პ----ა. მომხდარის შემდეგ ქ------ეების ოჯახმა დატოვა ბათუმი და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ზ----ც აღარსად გამოჩენილა და როგორც დაზარალებულის ოჯახისთვისაა ცნობილი, საზღვარგარეთ იმყოფება.

 

7. მოწმე ა--------------------მა სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა დაცვის პოლიციაში, 1999 წლის 1 აპრილის ღამეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 23 საათზე დაცვის პოლიციის სამორიგეო ნაწილში ყვირილით შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შველას ითხოვდა, ამბობდა, რომ მისი მეგობარი დაჭრილი იყო და საჭირო იყო მისი საავადმყოფოში გადაყვანა. თანამშრომლებთან - მ----- თ---------ესთან და თ----- ვ------ესთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გაჰყვა ახალგაზრდას. დაახლოებით 30 მეტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე დაინახეს ასფალტზე მწოლიარე დაჭრილი მამაკაცი, რომელიც დააწვინეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე და გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იმ ახალგაზრდის ამოცნობა, რომელმაც შეატყობინა მეგობრის დაჭრის შესახებ და შველა სთხოვა დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, არ შეუძლია. იყო სიბნელე და სახე კარგად არ დაუნახავს.

 

8. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმის განხილვისას მოწმედ დაკითხულმა მ----- თ---------ემ.

 

9. მოწმე ლ----------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდაცვლილი პ----ა დ-------ე მისი ნათესავია. 1999 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, სახლში მარტო იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილთან ერთად, რა დროსაც ვიღაც უცნობმა მამაკაცმა დაუკაკუნა კარზე, გარეთ გასულს კი აუწყა, რომ პ----ა დ-------ე იყო რესპუბლიკურ საავადმყოში და როდესაც ბაკურიძის ქმარი, თ---------------- სახლში დაბრუნდებოდა, ეთქვა მისთვის ამ ფაქტის შესახებ. მამაკაცის სახე კარგად არ დაუნახავს, იყო ს-–----–-- ტანის, ეცვა შავი ქურთუკი. სახლში დაბრუნებულ მეუღლეს მართლაც აცნობა უცნობის დანაბარები და ისიც მაშინვე გაეშურა დ-------ეებთან ამ ამბის შესატყობინებლად.

 

10. მოწმე თ----------------მ დაკითხვისას სასამართლოს დაუდასტურა ლ----------------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები.

 

11. მოწმე ლ-----–-----ემ განმარტა, რომ შემთხვევით შეესწრო 1999 წლის 1 აპრილს ღამის საათებში დაჭრილი ახალგზარდის გადაყვანას საავადმყოფოში დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ. არ შესწრებია დაჭრის მომენტს, არ იცის ვინ ჩაიდინა ეს.

 

12. მოწმე კ---------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, 1999 წლის პირველ აპრილს თავის მეგობრებთან პ----ა დ-------ესთან და ზ---- ქ------ესთან ერთად ქეიფობდა თავისი მეზობლის ბადრი ჩხობაძის სახლში. ყველაზე ადრე თავად დატოვა სუფრა, წავიდა სახლში და დაიძინა. მეორე დღეს შეიტყო პ----ა დ-------ის დაჭრის თაობაზე.

 

13. მოწმე თ---------–----ემ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას, განმარტა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმია. 1999 წლის 1 აპრილს იმყოფებოდა ცვლაში, რა დროსაც სავამდყოფოში მიიყვანეს დაჭრილი ახალგაზრდა. დაჭრილს აღენიშნებოდა ჭრილობები მკერდის და ბარძაყის არეში. იყო უგონო მდგომარეობაში, დაკარგული ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. საოპერაციოში გაყვანამდე გონს მოვიდა, თქვა, რომ იყო პ----ა დ-------ე და გაუკვირდა საავადმყოფოში ყოფნის ფაქტი. ვინ მიაყენა ჭრილობები არ უთქვამს. ოპერაციის შემდეგ ის გონზე აღარ მოსულა, 4 აპრილს გარდაიცვალა.

 

14. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პ----ა დ-------ეს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები: გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, გულმკერდის მწვერვალის, დიაფრაგმისა და ღვიძლის კედლის მარჯვენა ნაწილის დაზიანებით, რამაც გამოიწვია სისხლის ჩაქცევა გულის პერანგში და მუცლის ღრუში, აგრეთვე ჭრილობა მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე კუნთის დაზიანებით.

 

15. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს განსასჯელი ქ------ის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

16. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ---- ქ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სანდო და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

 

17. საქმის მასალების მიხედვით, ცალსახად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა. არ დადგენილა ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი არც ერთი მოწმე. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მკვლელობა მოხდა საქართველოს შსს საკუთრების დაცვის პოლიციის აჭარის ა/რ სამმართველოს შენობის გვერდით, თუმცა არ ჩატარებულა ისეთი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შესაბამისად, არ ყოფილა მიღებული ზომები დანაშაულის კვალის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გარკვევის მიზნით. ასევე არ ჩატარებულა არც ერთი სხვა საგამოძიებო თუ პროცესუალური მოქმედება მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად. დაიკითხა მხოლოდ რამდენიმე მოწმე,რომლებიც ეჭვებსა და ვარაუდებზე აგებენ დასკვნებს, ან ავრცელებენ სხვისგან მიღებულ ინფორმაციას.

 

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.

 

19. ირიბი ჩვენების - სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

20. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში ვერც ერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც დამაჯერებლად და ნათლად მიწვდიდა ინფორმაციას მკვლელობის გარემოებების და მისი ჩამდენი პირის შესახებ. უფრო მეტიც, ბრალდების მხარეს არაფერი გაუკეთებია მათ დასადგენად, არ ჩაუტარებია არც ერთი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედება, არ მოუპოვებია ნივთმტკიცებები, არ დაუნიშნავს ექსპერტიზები, შესაბამისად, არ მოუპოვებია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა (გარდა რამდენიმე მოწმის ირიბი ჩვენებისა) ზ---- ქ------ის დამნაშავედ ცნობისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რაც საფუძველი გახდებოდა მის მიმართ ჩადენილის ადექვატური და სამართლიანი სასჯელის დანიშვნისა.

 

21. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია უხარისხოდ, გამოძიების მიერ არ არის შესწავლილი საქმისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოებები და არ არის მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დროც, საშუალებაც და ყველანაირი რესურსი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების საწარმოებლად. საქმეზე თექვსმეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა საბოლოოს მაინც გამოუძიებელი, მხოლოდ რამდენიმე ირიბი ჩვენების ერთობლიობის სახით, წარედგინა სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

22. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ზ---- ქ------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ნაცვლად დამაჯერებლობისა, მტკიცებულებებში ასახული გარემოებები იწვევენ მხოლოდ გაურკვევლობასა და ეჭვს, რაც არ არის საკმარისი ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით განსასჯელმა ზ---- ქ------ემ ჩაიდინა სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

 

23. სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

24. სსსკ-ის 10-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად: ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

26. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ---- ქ------ის მიერ სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებებში ზ---- ქ------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-ე, 504-ე, 510-512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

განსასჯელი: ზ---- ა--------ს ძე ქ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ზ---- ქ------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი