განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/4----18
№1-----------
19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–-------------------, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ------------------------–--------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის 20 ივლისიდან, 2016 წლის 06 დეკემბრამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ-----------------------–--–-----–-----------------------–----------- შემადგენლობა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სწავლების გასავლელად იმყოფებოდა გ--------ს ფ-------–----–-----------–---- ქალაქ ფ------------–- მდებარე საწვრთნელ ბაზა “W---------------“-ზე.
1.2. 2016 წლის 0-----------ს, დ-----------------–-- გამართა გეგმიური სწავლება, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეს განასახიერებდნენ გ--------–- სამხედრო მოსამსახურეები. სწავლების მიმდინარეობისას ასეულის სამხედრო მოსამსახურემ, პირველი კლასის რიგითმა ა-–--------------------, დაარღვია რა სწავლების უსაფრთხოების წესები და მასზე მიმაგრებულ M-4 მოდიფიკაციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღში სასწავლო ვაზნების ნაცვლად მოათავსა საბრძოლო დანიშნულების ვაზნები.
1.3. შენობის მოწინააღმდეგისაგან გაწმენდის იმიტაციის დროს ა-–-------------------- სწავლებაში მონაწილე გ--------–- სამხედრო მოსამსახურეების - კ----–------------–-–---ის და ე-------------------------------ის მისამართით, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღში მისი გაუფრთხილებლობით მოთავსებული საბრძოლო ვაზნების გამოყენებით განახორციელა რამდენიმე გასროლა, რომლის შედეგადაც პ----------–-–---ს ქვედა მარჯვენა კიდურის წვივის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა, კერძოდ: ფეხის ფუძის მოტეხილობა, უცხო სხეული რბილ ქსოვილებში წვივიდან ტერფამდე, ასევე დაზიანება კოჭის არეში, რაც ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა ა-–-------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა-–-------------------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ლ-–----------–---–-ს, ზ---------------–---–--, გ----------–---–--, მ-------------------, კ-----–----------, თ---------------–---–-- და დაზარალებულ პ----------–-–---ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, გ--------ს ფ-------–----–-----------–---დან გადმოგზავნილ მასალებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-–-------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.3. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა-–-------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა-–-------------------- ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
3.2. საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომლის ჩადენაც მხოლოდ გაუფრთხილებლობით არის შესაძლებელი.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულებისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
3.4. საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი, როგორც ზემოთ აღინიშნა, არის ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება ა) ქმედებაში; ბ) დამდგარ შედეგში (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. აღნიშნული ქმედების ამსრულებელი კი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.6. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ა-–-------------------- ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-–-------------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე.
5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა-–-------------------- აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღება მიაპყრობს დაზარალებულ პ----------–-–---ის პოზიციას, რომელსაც ბრალდებული მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ა-–-------------------ს მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ა-–-------------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქონებრივ შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება:
შპლინტის ფოტო, დაერთოს საქმეს.
ჰილზები, ხის ნატეხები, მეტალის ნატეხი, ბამბის ნაჭრები, დენთის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
საწვრთნელი ვაზნა, ტყვიები, საწვრთნელი ვაზნის დამჭერი, მამაკაცის წინდა, სამხედრო ჩექმა, ერთი წყვილი ხელთათმანი, კამუფლაჟის ქურთუკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი