გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210118002413358
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12070-18

330210118002413358

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - შპს ,,გე-----------ი“

წარმომადგენლები: გი-------–---–---ე, ოთ----------ე, ქე---------------–---–ი

მოპასუხე - ჯუ------------–---–ი

წარმომადგენლები: ლა–-------------ი, თა----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე, ჯუ------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე, შპს ,,გე-----------ის“ სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის სახით, 9083177 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები:

20/11/2017წ. შპს ,,ბა-------------სა“ (შპს ,,გე-----------ი“) და ჯუ------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს სესხად გადაეცა 4000000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით.

01/12/2007წ. მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 3 წლამდე, ხოლო სესხის ვალუტად განისაზღვრა ფუნტი სტერლინგი. სესხის თანხამ შეადგინა 1935465 ფუნტი სტერლინგი.

19/11/2010წ. დაიდო შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 6 წლით.

შპს ,,გე-----------ს“ ამ შეთანხმების დადებისას წარმოადგენდა ჯუ------------–---–ი. შესაბამისად, შეთანხმება ორივე მხრიდან ხელმოწერილია ჯუ------------–---–ის მიერ.

14/10/2012წ. მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხზე დარიცხული პროცენტის კაპიტალიზაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სესხის საერთო თანხამ შეადგინა 3419356 ფუნტი სტერლინგი (9083177 ლარი).

შპს ,,პლ-------------ი“ დაფუძნებული იქნა შპს ,,გე-----------ის“ მიერ 2011 წლის 23 მაისს, მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.

შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორი მისი დაფუძნებიდან ლიკვიდაციამდე იყო ჯუ------------–---–ი.

შპს ,,გე-----------მა“ 14/09/2012წ. მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,პლ-------------ის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ, 3419356 ფუნტი სტერლინგი ექვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 9083177 ლარს. ეს შენატანი უნდა განეხორციელებინა შპს ,,გე-----------ს“.

14/09/2012წ. შპს ,,გე-----------ს“, შპს ,,პლ-------------სა“ და ჯუ------------–---–ს შორის დაიდო შეთანხმება 20/11/2007წ. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც შპს ,,გე-----------მა“, კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, სრულად დაუთმო ჯუ------------–---–ის მიმართ მოთხოვნის უფლება იმავე პირობებით შპს ,,პლ-------------ს“.

შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორი მისი დაფუძნების დღიდან გაკოტრებამდე იყო ჯუ------------–---–ი. მოთხოვნის დათმობის შემდეგ, ჯუ------------–---–მა, როგორც მოვალემ, არ შეასრულა ვალდებულება, ხოლო როგორც შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორმა, დაარღვია დირექტორის ვალდებულება - არ მოითხოვა მოვალისაგან ვალდებულების შესრულება, რითაც კომპანიას მიაყენა ზიანი.

შპს ,,პლ-------------ი“, რომელსაც 2015 წლის 7 ივლისის მდგომარეობით გააჩნდა 10 მილონზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მიმდინარე ბიზნესი (სასტუმრო და სპორტული კომპლექსი) და ჯუ------------–---–ის მიმართ 9 000000-ის მოთხოვნა, ამ უკანასკნელმა გახადა გადახდისუუნარო და განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,პლ-------------ის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით.

შპს ,,პლ-------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ბიზნესი მოპასუხემ საკუთრებაში გადასცა მის მიერვე კონტროლირებად კომპანიებს, შპს ,,პლ-------------ი“ კი გააკოტრა, რასთან დაკავშირებითაც ჯუ------------–---–ის წინააღმდეგ, სასამართლოს წარმოებაშია 3 საქმე.

შპს ,,პლ-------------ის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების განჩინების საფუძველზე, მოხდა ამ საწარმოს ლიკვიდაცია.

საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას, მოპასუხის, როგორც შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორის მიერ, მეურვისა და სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა, ამ კომპანიიის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობის შესახებ, რითაც მან დაარღვია დირექტორის კეთილსინდისიერების მოვალეობა (26/09/2018წ. სას. სხდომის ოქმი (16:13 სთ); მოსარჩელე კომპანია, როგორც შპს ,,პლ-------------ში“ 9 მილიონის ოდენობის კაპიტალის შემტანი, არის ამ კომპანიის კრედიტორი და რამდენადაც შპს ,,პლ-------------ი“ აღარ არსებობს, შპს ,,გე-----------ს“ შეუძლია მოითხოვოს ვალის გადაუხდელობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოპასუხისაგან (17:05სთ).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (ს.ფ.-ები: 104-126).

 

შესაგებლის საფუძვლები:

მას შემდეგ, რაც 14/09/2012წ. შეთანხმებით, შპს ,,გე-----------მა“ მოთხოვნა ჯუ------------–---–ის მიმართ გადასცა შპს ,,პლ-------------ს“, მოსარჩელემ დაკარგა მოთხოვნების ჯუ------------–---–ის მიმართ.

25/12/2017წ. დასრულდა შპს ,,პლ-------------ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და შესაბამის განჩინებაში დეტალურადაა ჩამოთვლილი ის ქონება, რაც გააჩნდა ამ კომპანიას.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ყველ დაინტერესებულ პირს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი პრეტენზია. მეურვემ მოიძია კომპანიის ქონება და სასამართლოს მიერ შემოწმდა შპს ,,პლ-------------ის“ კრედიტორების მოთხოვნები.

შპს ,,გე-----------ს“ სარჩელში აღნიშნული პრეტენზია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას, არ წარუდგენია.

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნები დაუსაბუთებელი და ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 19/11/2007წ. შპს ,,ბა-------------ს“ 100%-იანი წილის მფლობელმა, შპს ,,ბა------------------მა“, წარმოდგენილმა დირექტორის, ნი--------------ის მიერ, მიიღო გადაწყვეტილება ჯუ------------–---–ისათვის სესხის სახით 4000000 აშშ დოლარის მიცემის შესახებ და 20/11/2017წ. შპს ,,ბა-------------სა“ (შპს ,,გე-----------ი“) და ჯუ------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს სესხად გადაეცა 4000000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 19/11/2007წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ.30);

- 20/11/2007წ. ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 27-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 01/12/2007წ. მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით განხორციელდა სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა: სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 3 წლამდე, ხოლო სესხის ვალუტად განისაზღვრა ფუნტი სტერლინგი. სესხის თანხამ შეადგინა 1935465 ფუნტი სტერლინგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 01/12/2007წ. პარტიორთა კრების ოქმი (ს.ფ.35);

- 01/12/2007წ. შეთანხმება (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 24/12/2007წ. სამეწარმეო რეესტრში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ბა-------------ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,გე-----------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება (ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 19/11/2010წ. დაიდო შეთანხმება 20/11/2017წ. სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 6 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 19/11/2010წ. შეთანხმება (ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 20/05/2011წ. შპს ,,გე-----------ის“ (100% წილი მფლობელი შპს ,,ბა------------------ის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შპს ,,გე-----------ის“ 100%-იანი წილობრივ მონაწილეობით შპს ,,პლ-------------ის“ დაფუძნების შესახებ.

შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორი, დაფუძნებიდან ლიკვიდაციამდე, იყო ჯუ------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 20/05/2011წ. პარტნიორის გადაწყვეტილება (ს.ფ. 44);

- შპს ,,პლ-------------ის“ წესდება (ს.ფ.-ები: 46-49);

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 50-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. 14/10/2012წ. შპს ,,გე-----------სა“ და ჯუ------------–---–ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხზე დარიცხული პროცენტის კაპიტალიზაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, სესხის ძირითად თანხას, 1935465 ფუნტ სტერლინგს დაემატა დაგროვილი საპროცენტო სარგებელი, 1483891 ფუნტი სტერლინგი და სესხის საერთო თანხამ შეადგინა 3419356 ფუნტი სტერლინგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 14/09/2014 წ. შეთანხმება (ს.ფ.-ები: 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. შპს ,,გე-----------მა“, როგორც შპს ,,პლ-------------ის“ 100%-ის წილის მფლობელმა პარტნიორმა, წარმოდგენილმა დირექტორის, და-------------ის მიერ, 14/09/2012წ. მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,პლ-------------ის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ, 3419356 ფუნტი სტერლინგით, ექვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 9083177 ლარს. ეს შენატანი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა შპს ,,გე-----------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 14/09/2014წ. პარტნიორის გადაწყვეტილება (ს.ფ.-ები: 39-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. 14/09/2012წ. შპს ,,გე-----------ს“, შპს ,,პლ-------------სა“ და ჯუ------------–---–ს შორის დაიდო შეთანხმება 20/11/2007წ. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ: ა) შპს ,,გე-----------ს“ აღარ ექნებოდა 3419356 ფუნტი სტერლინგის მოთხოვნის უფლება ჯუ------------–---–ის მიმართ; ბ) დასახელებული თანხის მოთხოვნის უფლება, იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო 20/11/2007წ. სესხის ხელშეკრულებით, ჯუ------------–---–ს მიმართ გაუჩნდა შპს ,,პლ-------------ს“; გ) მოთხოვნის დათმობის შედეგად, სრულად შესრულებულად ჩაითვალა შპს ,,გე-----------ის“ ვალდებულება შპს ,,პლ-------------ის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 14/09/2014 წ. შეთანხმება (ს.ფ.-ები: 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. შპს ,,პლ-------------ის“ წილის 37.59%-ის მფლობელი 2012 წლიდან იყო შპს ,,ბა---------–---ა“, რომლისგანაც ეს წილი შეიძინა სს ,,გრ--------მა; ამ უკანასკნელისაგან კი - შპს ,,სმ-----------მ“.

ამდენად, საბოლოოდ, შპს ,,პლ-------------ის“ პარტნიორები იყვნენ: შპს ,,გე-----------ი“ – 62.41%; შპს ,,სმ-----------“ - 37.59%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 143-148);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 31/10/2016წ. განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,პლ-------------ის“ განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- განჩინება (ს.ფ.-ები: 53-55);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 25/12/2017 წ. განჩინებით, დასრულდა შპს ,,პლ-------------ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და კომპანია გამოცხადდა გაკოტრებულად.

მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა შპს ,,პლ-------------ის“ ქონების გამოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა ორი უძრავი ქონება, 8 დასახელების მოძრავი ქონება და 100%-იანი წილი შპს ,,პლ---------–-----ში“.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ეს ქონება შეფასებული იქნა 4 738 128, 94 ლარად.

აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული იქნა 443 671.35 ლარი, აქედან შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადაირიცხა დღგ - 67678,68 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც გაკოტრების მმართველს, გადაერიცხა მომსახურების საფასური 27019,4869 ლარი; შემოსავლების სამსახურს, როგორც მე-4 რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორს - 158276.14 ლარი; დარჩენილი 173677,56 ლარი გადანაწილდა მე-6 რიგის კრედიტორებზე, მათი მოთხოვნების პროპორციულად: შპს ,,პლ----------------ი“ – 48770.6638 ლარი, ჯუ------------–---–ი - 43852.9698 ლარი, შპს ,,ეი-----ი“ – 10121.9907 ლარი, გი--------------–---–ი - 36645.6062 ლარი, შო----------–---–ი - 34286.3294 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- განჩინება (ს.ფ.-ები: 57-60);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 18/01/2018წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლ-------------ის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18/01/2018წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 61);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვენლობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე, ჯუ------------–---–ს, როგორც შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორს, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, არ მიუყენებია ზიანი მოსარჩელე, შპს ,,გე-----------ისათვის“.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-6 და მე-9 პუნქტები, 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, შეზღუდული პასუხისმგებლობის დირექტორი ვალდებულია საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სამოქალაქო №ას-1307-1245-2014 საქმეზე 2015 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). ზრუნვის მოვალეობა, საგადასახადო ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური ოპტიმიზაცია. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან".

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოსაზრება სადავო ურთიერთობის დასახელებული ნორმით მოწესრიგების შესახებ, უსაფუძვლოა, ვინაიდან კომპანიის წინაშე ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობის (ფიდუციური მოვალეობა) დარღვევისათვის კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობა დგება ამ კომპანიის და არა მისი პარტნიორის ან მესამე პირის წინაშე. მოსარჩელე კი ითხოვს, მოპასუხის მიერ, მისთვის, როგორც შპს ,,პლ-------------ის“ პარტნიორისათვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთანავე, მოპასუხის მიმართ ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, დასახელებული ნორმით, მოსარჩელეს წარმოეშობოდა, თუკი დადგინდებოდა, რომ შპს ,,გე-----------ი“ იყო შპს ,,პლ-------------ის“ კრედიტორი და მოპასუხის, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობის დარღვევის შედეგად, - რამაც გამოიწვია ამ საწარმოს გადახდისუუნარობა, - მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

ზემოაღნიშნულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ: ა) საწარმოს გააჩნია ვალდებულება; ბ) საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების გადახდის უნარი; გ) სახეზეა ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება აუცილებელია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, კომპანია ვალდებულია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დირექტორისგან. ხოლო თუ აშკარაა, რომ საწარმოსათვის მისი დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნას არავითარი შედეგი არ ექნება, შესაძლებელია კრედიტორმა უშუალოდ მოითხოვოს მის მიმართ საზოგადოების ვალდებულების ანაზღაურება საზოგადოების დირექტორისაგან.

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,გე-----------ი“ არასდროს ყოფილა შპს ,,პლ-------------ის“ კრედიტორი სახელშეკრულებო და/ან კანონისმიერი საფუძვლით, ხოლო საწარმოს კაპიტალის წილზე პარტნიორის საკუთრების უფლება, არ წარმოშობს საწარმოს ფინანსურ ვალდებულებას პარტნიორის წინაშე, გარდა დივიდენდის მიღების უფლებისა, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნორთა მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მოგების განაწილების შესახებ (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 46-ე მუხლები).

 

6.2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სასამართლოს მიერ პარტნიორის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს პარტნიორს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის საზიანო აღმოჩნდა. თუ პარტნიორი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პარტნიორს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, რომლებიც წარმოიშვა პარტნიორის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს მას სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირდად მისთვის, მიყენებულ ზიანზე.

როდესაც კომპანიის პარტნიორი ამ კომპანიის დირექტორისაგან ითხოვს მისთვის და არა კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ასეთი სახით, პარტნიორის მოთხოვნას დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია (იხ. სუსგ Nას-457-436-2015 , 06/06/2016წ.).

 

ამრიგად, როგორც მითითებული ნორმით, ისე დოქტრინაში აღიარებული შეხედულებით, დერივაციული სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელე გამოდის საკუთარი სახელით, მაგრამ საწარმოს წარმომადგენლად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - მოსარჩელე, შპს ,,გე-----------ს“ სარჩელი შემოტანილი აქვს პირადად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნა ვერ დაკვალიფიცირდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დერივაციულ სარჩელად.

საყურადღებო გარემოებაა, რომ 20/11/2007წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადა იწურებოდა 2103 წლის 19 ნოემბერს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტი). ამ დროისათვის, შპს ,,გე-----------ის“ იყო შპს ,,პლ-------------ის“ 62.41% წილის მესაკუთრე, შესაბამისად, თუკი მოპასუხე, როგორც ამ კომპანიის დირექტორი, არ ახორციელებდა დასახელებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას, მოსარჩელეს შეეძლო ესარგებლა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უფლებით, რასაც ადგილი არ ჰქონია და, შედეგად, რამდენადაც შპს ,,პლ-------------ი" აღარ არსებობს, მოსარჩელემ დაკარგა ასეთი სახის სარჩელის წარდგენის უფლება.

 

6.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კვლევის საგანია, ხომ არ აქვს ადგილი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის, ზოგადი დელიქტური საფუძვლით ზიანის მიყენებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრებოდა დელიქტის ყველა სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობის ელემენტის არსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთი, რაც მოიცავს: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; 2. ზიანს; 3. მიზეზობრივ კავშირს მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის; 4. მოვალის ბრალს.

 

მოსარჩელე, მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებად განიხილავს შპს ,,პლ-------------ის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას, 19/11/2007წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯუ------------–---–ის მიმართ შპს ,,პლ-------------ის“ მოთხოვნის არსებობის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობას (სარჩელო მოთხოვნის დამაფუძნებელი ფაქტობრივი გარემოება) (26/09/2018წ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი. 16:13:15სთ.).

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით, თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

როგორც ეს ,,გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31/10/2016წ. განჩინებით (საქმე N2/32630-16) დგინდება, ჯუ------------–---–მა, როგორც შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორმა (წარმომადგენელი, მა-–-------–------–---–ი), 26/10/2016წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს, შპს ,,პლ-------------ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ.-ები: 53-55).

მოცემული დროისათვის, შპს ,,გე-----------ი“ წარმოადგენდა შპს ,,პლ-------------ის“ მაჟორიტარ პარტნიორს, კაპიტალში წილის 62.41%-ით.

შპს ,,პლ-------------ის“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც დაევალა კომპანიის, როგორც მოვალის, კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების განხილვა და შეფასება, კომპანიის ყველა კრედიტორის დადგენა და მათთვის გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების შეტყობინება; ასევე, დირექტორს, როგორც კომპანიის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, დაევალა განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის ვადაში მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სასამართლოში წარდგენისა და განემარტა ასეთი ინფორმაციის წარუდგენლობის, მისი განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

კრედიტორთა კრებაზე არჩეული იქნა მომრიგებელი საბჭო, რომელმაც 2017 წლის 1 თებერვალს სასამართლოს წარუდგინა გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით, შპს ,,პლ-------------ის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი საბოლოო ანგარიშით, საწარმოს გააჩნდა ორი უძრავი ქონება, 8 დასახელების მოძრავი ნივთები და 100%-იანი წილი სს ,,პლ---------–-----ში“. ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4738128,94 ლარი.

აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა 443 671.35 ლარი, განაწილდა კრედიტორებზე, მათ შორის, ჯუ------------–---–ზე გაიცა 43852,96 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25/12/2017წ. განჩინებით, დასრულდა შპს ,,პლ-------------ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და იგი გამოცხადდა გაკოტრებულად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 18/01/2018წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლ-------------ის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული განჩინებით დასტურდება, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის, შპს ,,პლ-------------ს“ ჯუ------------–---–ის მიმართ მოთხოვნა აღარ გააჩნდა. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა 147-ე და 152-ე მუხლების, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტისა და 38-41-ე მუხლებისა და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის, როგორც სამეურვეო ქონების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხა განაწილდებოდა კრედიტორებზე, ხოლო დარჩენილი გაუნაწილებელი თანხა კი, ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, მიექცეოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მოსარჩელის მიმართ; ასევე, არ დგინდება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ზემოაღნიშნულ სესხის ხელშეკრულებასა და შპს ,,პლ-------------ის“ გაკოტრებასთან და მოპასუხის, როგორც დასახელებული კომპანიის დირექტორის, არამართლზომიერი ქმედება გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვისას; გაურკვეველია, თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის მიერ, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, ჯუ------------–---–ის მიმართ, ეკუთვნოდა შპს ,,პლ-------------ს“ და არა მოსაჩელეს; ასევე, სრულიად დაუსაბუთებელია სარჩელი დავის საგნის მოცულობის ნაწილში.

 

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ ჯუ------------–---–ის, როგორც შპს ,,პლ-------------ის“ დირექტორის მიერ, მოსარჩელე, შპს ,,გე-----------ის“ მიმართ ზიანის მიმყენებელ, ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5050 ლარი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,გე-----------ის“ (ს.ნ.2--------) სარჩელი ჯუ------------–---–ის (პ.ნ.0----------) წინააღმდეგ, მიყენებული ზიანის სახით, 9083177 ლარის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,გე-----------ის“ (ს.ნ.2--------) მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5050 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი