გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/4977-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
2 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - გ------------------ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
წარმომადგენელი - ლ---------–----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის №-------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მარტის N------ ბრძანებით გ------------------ე გათავისუფლდა დაკავბული თანამდებობიდან, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ი-----------–----------–----------------------–---–-----------------------–--------–--------------- სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მარტის N------ ბრძანება (ს.ფ. 53);
3.2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 ივნისის N------- წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ი-----------–----------–----------------------–---–-----------------------–--------–--------------- სამსახურის ხელმძღვანელი - გ------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე წერილით გაიგზავნა ბრძანება დანართის სახით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 ივნისის N------- წერილი (ს.ფ. 32-33);
3.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა 2018 წლის 13 ივლისს გამოსცა №-------- განკარგულება, რომლის საფუძველზეც გ------------------ე დაჯარიმდა 1000 ლარით კანონით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 13 ივლისის №-------- განკარგულება (ს.ფ. 35);
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციასთან, რომელიც მოქმედებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს.
6.2. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან განთავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, ასევე თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 1 წლის შემდეგ, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად: 9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი თავად არის ვალდებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია, რის შემდეგად საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირს უგზავნის ელექტრონული სისტემის უნიკალური კოდს.
დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მარტის N------ ბრძანებით გ------------------ე გათავისუფლდა დაკავბული თანამდებობიდან, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ი-----------–----------–----------------------–---–-----------------------–--------–--------------- სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 ივნისის N------- წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ი-----------–----------–----------------------–---–-----------------------–--------–--------------- სამსახურის ხელმძღვანელი - გ------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე წერილით გაიგზავნა ბრძანება დანართის სახით. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ გ------------------ეს თავად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის არ უცნობებია თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო დეკლარირებისათვის საჭირო უნიკალური კოდი გაეგზავნა დაჯარიმების თაობაზე განკარგულების გამოცემის შემდეგ, 2018 წლის 17 ივლისს.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე -14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ამავე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას ბიუროს უფროსი გამოსცემს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო ასეთ წესს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამრიგად, მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცულია როგორც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს სარჩელის შემთხვევაში ბათილად ცნობს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე