გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002749129
საქმე № 3/324-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ლ----------–-–---–ი
მოპასუხე: მ----- თ------ე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, მ----- თ------ე (პირ. № 5----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; პირადი პატაკის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2006 წლიდან; მთლიანობაში მასთან გაფორმებულია 4 კონტრაქტი; სადავო პერიოდში იგი მსახურობდა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო მისიის ფარგლებში, რა დროსაც ხელმძღვანელობამ შეაწყვეტინა იქ სამსახური და დააბრუნა საქართველოში, ხოლო შემდეგ დააწერინეს პატაკი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით მ----- თ------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა მეტყვიამფრქვევედ 2005 წლის 8 ნოემბრიდან სამხედრო წოდება ,,კაპრალის" მინიჭებით;
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანება № 293.
3.2.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით მ----- თ------ე პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 4 ნოემბრიდან;
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანება № MOD 0 17 00006309.
3.2.3. მ----- თ------ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ქვეითი ბატალიონის მე-2 ქვეითი ასეულის მე-3 ოცეულის მე-2 ქვეითი ათეულის 1-ლი საცეცხლე ჯგუფის მეთაურად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანება № MOD 7 16 00006145.
3.2.4. მ----- თ------ეს 2016 წლის 29 სექტემბრიდან გაუფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ";
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ----- თ------ეს შორის გაფორმებული, 2016 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული კონტრაქტი № 3902/16.
3.2.5. კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი; ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვება მის ირგვლივ.
იმავე მუხლის 7.4.1 და 7.4.3. ქვეპუნქტების მიხედვით, 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1., 9.1.4., 9.1.5., 9.1.7. და 9.3.1., 9.3.2. და 9.3.3. პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას;
კონტრაქტის 9.1.7. და 9.3.3. პუნქტების თანახმად, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); მხარეთა შეთანხმებით, ,,სამხედრო მოსამსახურის" დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად ითვლება ,,სამხედრო მოსამსახურის" სურვილით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული იმ მიზეზებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს ,,სამხედრო მოსამსახურის" ვადამდე დათხოვნას მხარეთა შეთანხმებით.
მტკიცებულება: კონტრაქტი.
3.2.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით მ----- თ------ე 2016 წლის 19 დეკემბრიდან გათავისუფლდა 1-ლი საცეცხლე ჯგუფის მეთაურის თანამდებობიდან და დაინიშნა მე-2 საცეცხლე ჯგუფის მეთაურის თანამდებობაზე;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანება № MOD 5 16 00007999.
3.2.7. მ----- თ------ემ 2018 წლის 13 აგვისტოს პატაკით მიმართა 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს; ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმაა;
მტკიცებულება: 2018 წლის 13 აგვისტოს პატაკი № MOD 2 18 00803620, შეტყობინება.
3.2.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) მ----- თ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანება № MOD 0 17 000004886.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის № 683 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა მ----- თ------ემ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;
დადგენილია, რომ მ----- თ------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს.
მ----- თ------ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და მ----- თ------ესთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას).
მ----- თ------ესთან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;
ამ პუნქტის მიხედვით, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); მ----- თ------ე კი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა პირადი პატაკის საფუძველზე, რომლის შინაარსიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 9.1.7. პუნქტით განსაზღვრულ არც ერთ შემთხვევას მასთან მიმართებაში ადგილი არ ქონია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 3 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 7.3 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;
კონტრაქტის მიხედვით, 3 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურემ არასწორად წარადგინა თავისი მონაცემები (9.1.2 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურე სისტემატურად არღვევას ნაკისრ ვალდებულებებს (9.1.3 ქვეპუნქტი).
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით და სურვილით.
როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმსახურა 11 წელი; 3. სამსახურებრივ მოვალეობათა პირნათლად შესრულების გამო მოხდა მისი დაწინაურება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანკლებ 50 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე მ----- თ------ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარი.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე მ----- თ------ეზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 3 000 ლარიდან 2 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მ----- თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი