გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210018002521719
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/19816-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „-----------–-----------ა“

მოპასუხე - ი/მ ზ------–-----–---ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი/მ ზ------–-----–---ას მოსარჩელე შპს „-----------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4059.31 ლარის გადახდა.

 

(მტკიცებულება: 02.07.2018 წლის სარჩელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის განმარტებით, ი/მ ზ------–-----–---ამ შპს „-----------–-----------ის“ თბილისის ტერმინალიდან სხვადასხვა დროს გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა „M--------------------------” L--. შპს „-----------–-----------ასა“ და „M--------------------------” L-- შორის გაფორმებული 2013 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, გადაზიდვები განხორციელდა არაბეთის გაერთიანებული საამირეობიდან საქართველოს მიმართულებით. ხელშეკრულების თანახმად, ადრესატი (მიმღები) ვალდებულია, როგორც გადაზიდვის თანხა, ასევე სატერმინალო მომსახურების ღირებულება გადაუხადოს შპს „-----------–-----------ა“-ს. აღნიშნული ხელშეკრულებების 2.2 პუნქტით გაწერილია გადაზიდვის ტარიფები, რომლითაც იანგარიშება ტვირთვის გადაზიდვის ღირებულება, რომელიც უნდა გადაიხადოს მიმღებმა. მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიის ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციებით. იმპორტის გადასახადისა და მომსახურების საფასურების გადახდის ბოლო ვადებად მოპასუხეს განესაზღვრა 2012 წლის 25 სექტემბერი და 2013 წლის 16 თებერვალი, თუმცა მოპასუხეს ამ დრომდე მასზე ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია. მომსახურების საერთო საფასური შეადგენს 5629.31 ლარს. მოპასუხემ მომსახურების საფასური დაფარა ნაწილობრივ 15700 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 4059.31 ლარს. მოპასუხე დღემდე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ იხდის შპს „-----------–-----------ის“ წინაშე არსებულ დავალიანებას სრულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ყველა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე სრულად არის შესრულებული, ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(მტკიცებულება: 25.07.2018 წლის შესაგებელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ი/მ ზ------–-----–---ამ შპს „-----------–-----------ის“ თბილისის ტერმინალიდან სხვადასხვა დროს გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა „M--------------------------” L--. შპს „-----------–-----------ასა“ და „M--------------------------” L-- შორის გაფორმებული 2013 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, გადაზიდვები განხორციელდა არაბეთის გაერთიანებული საამირეობიდან საქართველოს მიმართულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 31.01.2013 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხე ი/მ ზ------–-----–---ას მიერ მოსარჩელე კომპანიის ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 31.01.2013 წლის ხელშეკრულება;

- საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს "-----------–-----------ის" სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ი/მ ზ------–-----–---ას მიმართ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები. ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელლის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2012 წლის 04 ოქტომბერს (1070 ლარი) და 2013 წლის 04 მარტს (500 ლარი), შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიმართ ამოიწურა 2015-2016 წლებში. მოპასუხის მხრიდან ასევე ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 31.01.2013 წლის ხელშეკრულება;

- 04.10.2012 წლის საგადახდო დავალება;

- 04.03.2013 წლის საგადახდო დავალება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს „-----------–-----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სიტყვა ,,ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადის დადგენა იმითაა გამოწვეული, რომ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება სადაო გარემოებების უტყუარად აღდგენა და პირები, რომლებსაც უსაფუძვლოდ წაეყენათ მოთხოვნა არ ფლობენ თავის დასაცავად აუცილებელ მტკიცებულებებს. ამავე დროს, ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორცილებისა და დაცვისათვის. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. უმეტეს შემთხვევაში, დარღვეული უფლების განხორციელების და დაცვის მიზნით სარჩელით მიმართავენ სასამართლოს, თუმცა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვე-ვაში დარღვეული უფლების განხორციელება და აღდგენა შეიძლება განხორციელდეს როგორც სასარჩელო, ისე არასასარჩელო გზით და ამიტომ ხანდაზმულობის ცნება მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობას კი არ მოიცავს, არამედ ასევე ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს უფლების არასასარჩელო დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამარ-თლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორცი-ელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩრების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან, ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას, ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას, აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ ხანდაზმულობის საერთო ვადაა ათი წელი. აღნიშნული ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომლისთვისაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას. სპეციალური ხანდაზმულობის ვადების დადგენა კი შესაძლებელია კანონით. ამასთან, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მხარის მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში, დარღვეული უფლების განხორციელების და დაცვის მიზნით უფლებამოსილი პირი სარჩელით მიმართავს სასამართლოს, თუმცა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარღვეული უფლების განხორციელება და აღდგენა შეიძლება სხვა ორგანოს მიერაც. ამდენად, უფლების დაცვა შეიძლება განხორციელდეს როგორც სასარჩელო, ისე არასასარჩელო გზით და ამიტომ ხანდაზმულობის ცნება მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობას კი არ მოიცავს, არამედ ასევე ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს უფლების არასასარჩელო წესით დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხის გამორიცხვა და ამით სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურო-ბისათვის ხელის შეწყობა. გარდა ამისა, იგი ემსახურება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლის გაძლიერებას, რაც დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას ახდენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიის ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციებით. მოსარჩელლის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2012 წლის 04 ოქტომბერს (1070 ლარი) და 2013 წლის 04 მარტს (500 ლარი), შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიმართ ამოიწურა 2015-2016 წლებში. მოპასუხის მხრიდან ასევე ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა და მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ აღნიშნული დავის თაობაზე ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

7.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „-----------–-----------ის“ სარჩელი ი/მ ზ------–-----–---ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე