განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
190100118002731277
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნუგზარ მახათაძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ე-–-------–-------ი, პირადი №-----------, დაბადებული: 05.12.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, განათლების გარეშე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--------------–--–-----------------–------------------;

 

ადვოკატი - კახაბერ ჩუბინიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ

 

თარჯიმანი - ნურანა გაჯიევა

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

_ 2018 წლის 03 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------------–--------------------ის ქუჩაზე მდებარე ფ-----–-----------ის მიწის ნაკვეთში პირად საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს ე-–-------–-------მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ფ-----–-----------ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ჯოხის არაერთჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ფ-----–-----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.

 

ე-–-------–-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ფ-----–-----------ის, რ-–--------------------------------------------–-------------–---ას გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფ-----–-----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აქტის ამონაწერი.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------------–--------------------ის ქუჩაზე მდებარე ფ-----–-----------ის მიწის ნაკვეთში პირად საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს ე-–-------–-------მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ფ-----–-----------ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ჯოხის არაერთჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ფ-----–-----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ე-–-------–-------ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ე-–-------–-------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულ ე-–-------–-------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.

4.2. ბრალდებულ ე-–-------–-------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ე-–-------–-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–-------–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. ე-–-------–-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 10 იანვრიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი