განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
330100115972022
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – დ----- კ------ის

ბრალდებულ _ დ----- დ--------ს

ადვოკატ - კ------- პ-----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ დ----- ვ-–--------ის ძე დ--------ს, დაბადებულის 1--- წლის-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–ი, კ--–------ ქუჩა, პ------–-----------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- დ--------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

დ----- დ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

ინდივიდუალური მეწარმე „დ----- დ--------“ (ს/ნ------------- რეგისტრირებულია 2003 წლის 2-----------ს. მისი იურიდიული მისამართია ქ------–-----–-----------–---–-------------, ხოლო ფაქტობრივი მისამართია - ქ------–----------------------–----------------. ინდივიდუალურ მეწარმე „დ----- დ--------“-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შაქრისა და ბურღულეულის (ბრინჯი, წიწიბურა) საბითუმო შეძენა, შეფუთვა და რეალიზაცია. მას, როგორც მეწარმეს, ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, დ----- დ--------მ განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 4 ოქტომბრიდან 2014 წლის 11 აპრილამდე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა ინდივიდუალური მეწარმე „დ----- დ--------“-ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აგვისტომდე არსებულ საანგარიშო პერიოდს.

2----–-–------------–-ს საგადასახადო შემოწმების აქტით ინდივიდუალურ მეწარმე „დ----- დ--------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 287.643 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 190.004 (ას ოთხმოცდაათი ათას ოთხი) ლარი.

აღნიშნული აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------–-ს №----- ბრძანების საფუძველზე, 2----–-–------------–ს გაიცა საგადასახადო მოთხოვნა №-----, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალურ მეწარმე „დ----- დ--------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 287.643 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 190.004 (ას ოთხმოცდაათი ათას ოთხი) ლარი, რასაც საკუთარ ვებ-გვერდზე გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 25 აპრილს.

2014 წლის 16 მაისს აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა დ----- დ--------ს მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2----–-–-------------------- ბრძანებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 3 ივლისს.

2014 წლის 23 ივლისს, ინდივიდუალური მეწარმე „დ----- დ--------“-ს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებულ იქნა ზემოხსენებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. დავების განხილვის საბჭოს 2----–-–----------------ს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2015 წლის 9 იანვარს ხელზე ჩაბარდა ინდივიდუალურ მეწარმე „დ----- დ--------“-ს წარმომადგენელს - ზ----- გ-----–--ს, რომელმაც იმავე დღეს გადასცა დ----- დ--------ს.

მიუხედავად აღნიშნულისა, კანონით გათვალისწინებული 45 დღის ვადაში დ----- დ--------მ არ გადაიხადა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები - 190.004 (ას ოთხმოცდაათი ათას ოთხი) ლარი და განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

ე.ი. დ----- დ--------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა დ----- დ--------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ დ----- დ--------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2----–-–------------–-ს საგადასახადო შემოწმების აქტს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------–-ს №----- ბრძანებას და დანართს, 2----–-–------------–ის #----- საგადასახადო მოთხოვნას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის წერილს, შემოსავლების სამსახურის №----- ბრძანებას დ----- დ--------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–----------------ს გადაწყვეტილებას, ოქმს გასაუბრების შესახებ, მოწმეების დაკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ----- დ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი. მოცემულ შემთხვევაში მართალია დ----- დ-------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსათვის მიყენებული სოლიდური ზიანი ნაწილობრივაც კი არ არის ანაზღაურებული დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო მოთხოვნა გაცემულ იქნა 2----–-–------------–ს, ხოლო 2015 წლის 9 იანვარს ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2----–-–----------------ს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების შესახებ.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც იგი არაკანონმორჩილი პიროვნებაა და წლების მანძილზე არაფერი გააკეთა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად, ნიშანდობლივია, რომ მის მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხაც კი (10 000 ლარი) არ არის გადახდილი 2015 წლის 8 მაისიდან დღემდე. ბრალდებულის განმარტებით, იგი ეწევა სოფლის მეურნეობას და 3 წლის მანძილზე მოსავლის მიუღებლობის გამო ვერ შეძლო ბიუჯეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით შემოსავლების სამსახურს მიმართა მხოლოდ 2018 წლის 20 აგვისტოს და 2018 წლის 6 ნოემბერს, თუმცა სამი წლის მანძილზე (2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე) არ უცდია მსგავსი შეთანხმების მიღწევა ან ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურება, რაც მიუთითებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი მატერიალური ვალდებულებების მიმართ მის გულგრილ დამოკიდებულებაზე, ხოლო საქმის დასრულებამდე მცირე დროით ადრე მისი სურვილი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, მიზნად ისახავს მხოლოდ მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქებას და არა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვაზე ზრუნვას.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----- დ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უალტერნატივოდ არის გათვალისწინებული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობაზე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურთან და სამომავლოდ მაინც აანაზღაუროს ზიანი, სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ბრალდებულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- დ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. მსჯავრდებულ დ----- დ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 10 დეკემბრიდან.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი