განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
200100118002481934
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002481934

N1/160-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

14 იანვარი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ--------------–---–ი

ბრალდებული: გ------- ა-–---------ი

მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.ახმეტა, ე-----–--------ის ქუჩა N47

მცხოვრები: ქ.ახმეტა, ე-----–--------ის ქუჩა N47

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

1. 2018 წლის 10 მაისს, ქ.ახმეტაში, ე-----–--------ის ქუჩა N47-ში მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ სახლის ეზოში, გ------- ა-–---------მა ძალადობის გამოყენებით, ჯერ მაჯებში მოუჭირა ძლიერად ხელი დედას, ნ----- შ-------–---–ს, შემდეგ წაქცეულ დედას ფეხებით, ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ----- შ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მუქარის ეპიზოდი:

 

2. 2018 წლის 10 მაისს, ქ.ახმეტაში, ე-----–--------ის ქუჩა N47-ში მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ სახლის ეზოში, გ------- ა-–---------ი ყელში უჭერდა ხელს დედას - ნ----- შ-------–---–ს, ახრჩობდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგადაც ნ----- შ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამარლომ დაადგინა:

 

3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - გ------- ა-–---------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. გ------- ა-–---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა შემდეგი: შემთხვევის დღეს, ის შეესწრო, რომ დედამისს და მის მეუღლეს მოუვიდათ ჩხუბი. დედამისმა უთხრა, რომ წაეყვანა მეუღლე და მოეშორებინა სახლიდან. დედამისმა მისკენ გაიწია დასარტყმელად. მან დედას მოკიდა ხელი რომ არ დაერტყა, ხოლო შემდეგ კი გაეცალა დედამისს. ამ ფაქტს მისი ძმა და მამა შეესწრნენ. გაშველება არ გამხდარა საჭირო. ამჟამად, მას დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

5. მანვე განმარტა, რომ 2018 წლის 10 მაისს დედისთვის არ დაურტამს ფეხი, მაჯებზე ძლიერად არ მოუჭერია ხელი და არც დანით დამუქრებია. დედამისი არ წაქცეულა. დედამისის დაზიანებები საიდან ჰქონდა არ იცის.

6. ბრალდებულის დედამ დაზარალებულმა ნ----- შ-------–---–მა, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

7. ბრალდებულის მამამ მოწმემ შ----- ა-–---------მა, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

8. ბრალდებულის ძმამ მოწმემ მ------ ა-–---------მა, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

9. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები, კერძოდ, ლ---–--–----–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის N15/ცი დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

12. გ------- ა-–---------ის მიერ დედა, ნ----- შ-------–---–ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებული ნ----- შ-------–---–ი, მოწმე შ----- ა-–---------ი და მოწმე მ------ ა-–---------ი, რომლებმაც უარი განაცხადეს ოჯახის წევრის გ------- ა-–---------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, არ დაადასტურეს გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია საპროცესო უფლებები, რომლის მე-11 ნაწილით დადგენილია, რომ „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.“

14. ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავების პირთა წრე განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

15. საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და არა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია.

16. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს პრეიუდიციებს, იმ მტკიცებულებეს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

17. არასადავოდ მიჩნეული ბრალდებულის მეუღლის მოწმის ლ---–--–----–---–ის ჩვენება (ს.ფ 95-97) ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მეუღლესთან გ------- ა-–---------თან ერთად ცხოვრობს ქ.ახმეტაში მდებარე მისი მეუღლის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. 2018 წლის 10 მაისს მას გ-------ს დედამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო, გ------- ა-–---------მა დედამისს უსაყვედურა და მოსთხოვა, რომ მათ ცხოვრებაში არ ჩარეულიყო. ამის გამო, მათ შორის მოხდა კამათი. კამათის დროს გ-------მ დედამისს ხელი მოკიდა მკლავებში და გავიდნენ სახლის მეორე მხარეს, საიდანაც მას მხოლოდ ხმა ესმოდა. მას არ დაუნახავს, რომ გ-------ს დედამისისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს ან დამუქრებოდეს.

18. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 13 მაისის დასკვნით (ს.ფ. 87) დადგენილია, რომ ნ----- შ-------–---–ს სხეულზე აღენიშნება ნაჭდევები მარჯვენა წინამხრის არეში. დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთხვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დასკვნაში, აღწერილობით ნაწილში, დაზიანების მიყენების თარიღად მითითებულია 2018 წლის 10 მაისი. ხოლო ნ----- შ-------–---–ი ექსპერტიზაზე შეამოწმეს 2017 წლის 11 მაისს.

19. 2018 წლის 12 მაისის ცივი იარაღის N15/ც დასკვნით დადგენილი, რომ გ------- ა-–---------ისგან ამოღებული დასაკეცი დანა დამზადებულია ქარხნულად, არის მჩხვლეტავ მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. (ს.ფ 91)

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ოჯახურ ძალადობად განმარტავს ქმედებას, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. გ------- ა-–---------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს, ის, რომ მან ფიზიკური ტკივილი მიაყენა ნ----- შ-------–---–ს, ტანჯვის მიყენება მას ბრალად არ ერაცხება.

21. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად, უწყვეტად, რამდენჯერმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ტკივილს აყენებს. მსუბუქ დარტყმას, რასაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი ცემად არ განიხილება, ასევე ცემას არ წარმოადგენს ერთი დარტყმა, თუნდაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვა ძალადობად.

22. ამდენად დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული განიცდის ტკივილს.

23. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ----- შ-------–---–მა არ მისცა სასამართლოს შვილის, გ------- ა-–---------ის მამხილებელი ჩვენება. აღნიშნულით არ დაადასტურა, რომ მას შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სხვა მტკიცებილება, რაც დაადასტურებდა გ------- ა-–---------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

24. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი წარდგენილი ბრალდებას. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება ქმედებაში, მუქარაში. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

25. დანაშაულის შემადგენლობისთვის არ კმარა მხოლოდ მუქარის განხორციელება. ისიც ვისაც ემუქრებიან, მასაც უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

26. ვინაიდან დაზარალებულმა ნ----- შ-------–---–მა სასამართლოს არ მისცა შვილის, გ------- ა-–---------ის მამხილებელი ჩვენება, სასამართლო ვერ დაადგენს, რომ მას დაემუქრა შვილი გ------- ა-–---------ი და მან ეს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სხვა მტკიცებულება, რაც დაადგენდა გ.ა-–---------ის ბრალეულობას, არც ამ ნაწილში არ გამოკვლეულა.

27. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ 2018 წლის 16 მაისს დაზარალებულმა ნ----- შ-------–---–მა, ნოტარიული წესით დაამოწმა განცხადება, რომ მან აღელვებულმა არასწორი განმარტება მისცა გამოძიებას და შვილის გ------- ა-–---------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. გამოძიების ეტაპზე არ მოპოვებულა მტკიცებულება, რომ დაზარალებულის ეს პოზიცია იყო ვინმეს ძალადობის შედეგი. ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარე ვალდებული იყო შეეფასებინა დაზარალებულის ეს პოზიცია, ამასთან, მხედველობაში მიეღო მისი კონსტიტუციური უფლება, რომ დაზარალებულს, მოწმეს, შეუძლია არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიმართ.

28. ასევე ყურადღებამისაქცევია, რომ გ------- ა-–---------ს დისპოზიციის მიხედვით, ბრალად ერაცხება წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, მუქარის განხორციელება, თუმცა, ქმედება დაკვალიფიცირებულია, სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეუსაბამობაშია, დისპოზიციასთან, ასევე არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ------- ა-–---------ის დედა, დაზარალებული ნ----- შ-------–---–ი იყო ორსული და ეს იცოდა ბრალდებულმა. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება ზედმეტად წარდგენილია.

29. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

33. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

34. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

35. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ა-–---------ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

37. გამართლებულ გ------- ა-–---------ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ა-–---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

2. გ------- ა-–---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

3. გ------- ა-–---------ის მიმართ შეფარდებულია აღკვეთის ღონისძიება გირაოს გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ------- ა-–---------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ გ---–- მ---–--–---–ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

4. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დანა, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

5. გ------- ა-–---------ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური