გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1-----1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1------------- 201- თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ლ---–----–----–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–-----–--–-–---–ი
მოპასუხეები - მ-------–---------------–-–----–---–--------–------–-–----–---–ი
წარმომადგენელი - ლ----–----------------–-–----–---–--------–------–-–----–---–-)
დავის საგანი - მოტყუებით დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ლ---–----–----–---–ს და მ-------–------ს შორის 201- წლის 7 მაისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ვ-–------–----–------------------------- საკადასტრო კოდით N01.10.1-.0--.0---0-.0-- და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნას ლ---–----–----–---–ი;
1.2. იპოთეკის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი ნ------–-–----–---–სა და მ-------–------ს შორის 201- წლის 2 თებერვალს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 201- წლის მაისის დასაწყისში საკუთარმა ქალიშვილმა მ-------–------მ, წაიყვანა საჯარო რეესტრში, ვითომ იმ მიზნით, რომ ხელი უნდა მოეწერა განცხადებაზე, რომლითაც უნდა მოეთხოვა მისი ბინის სრული აზომვა და რეესტრის მონაცემებში სრული ფართის ასახვა. ქალიშვილის მტკიცებით, შემდგომში აღნიშნული მომსახურება შეიძლება გაძვირებულიყო და გართულებულიყო. საჯარო რეესტრში მის ქალიშვილს ჰქონდა პირადობის მოწმობა, გადაჯდა რეესტრის თანამშრომელთან, ცოტა ხანში დაუძახეს და ხელი მოაწერინეს ორგვერდიან საბუთზე, რომელიც მოპასუხემ უთხრა რომ იყო განცხადების სპეციალური ფორმა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, განცხადების ნაცვლად ხელი მოაწერინეს ჩუქების ხელშეკრულებაზე. ამასთან, რეესტრის თანამშრომელს არ განუმარტავს დოკუმენტის შინაარსი, მხოლოდ მიუთითა ადგილი სადაც ხელი უნდა მოეწერა. (ვინაიდან საკითხავი სათვალე დარჩა სახლში (და ფიქრობს, რომ მისმა ქალიშვილმა შეგნებულად მოახერხა ისე, რომ სათვალე სახლში დარჩენოდა, რომ მოკლებული ყოფილიყო იმ ტექსტის გარჩევის შესაძლებლობას, რომელზეც ხელს აწერდა). ხელის მოწერა მოახდინა ავტომატურად რაც მის ხელებს დასწავლილი აქვთ. ამასთან, ჰქონდა საკუთარი ქალიშვილის სრული ნდობა და ეჭვი არაფერში შეპარვია, ასევე ვერ წარმოედგინა, რომ მსგავსი ხასიათის ხელშეკრულებები შეიძლება დაიდოს რეესტრშიც და თვლიდა, რომ მსგავსი სახის ხელშეკრულებების დადება ხდება ნოტარიუსთან, სადაც ნოტარიუსი მხარეებს ხმამაღლა განუმარტავს ხელშეკრულების პირობებს.
მოსარჩელის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოპასუხე მ-------–------მ იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება. აღნიშნული ცნობილი გახდა 201- წლის იანვარში, როცა გამოჩნდა ახალი იპოთეკარი, ვინმე ნ----ა, რომელიც მის შვილს სთხოვდა სარგებლის გადახდას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის მოატყუეს და დაადებინეს ის ხელშეკრულება, რომელიც მის ნებას არ გამოხატავდა. ნ------–-–----–---–მა იცოდა, რომ მ-------–------ ნაჩუქარ ბინას ტვირთავდა იპოთეკით და ის არაკეთილსინდისიერ იპოთეკარს წარმოადგენს.
მოსარჩელის განმარტებით, მხედველობის პრობლემების გამო ვერ შეძლო გაცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს. მისი მდგომარეობა გაუარესდა, კონფლიქტის გამო გამოაგდეს სახლიდან და იმყოფება მეზობლების და ნათესავების კმაყოფაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-------–------ს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. ის არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. შესაბამისად. მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
2.2. მოპასუხეებმა ნ----ა და ჯ---–----- შ-–----–---–--მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელესა და მ-------–------ს შორის დადებული ხელშეკრულების შემდგომ საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მ-------–------. მოსარჩელის მოსაზრება, რომ მას სურდა ბინის ფართის დაზუსტება აღნიშნულისათვის საჭიროა მხოლოდ ბინის შიდა აზომვითი ნახაზი და არა ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, საჯარო რეესტრის უფლებამოსილი პირი სათანადოდ განუმარტავს მხარეებს თუ რა ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს. ეკითხება გაცნობილნი არიან თუ არა მის შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მასზე ხელის მოწერა მხარეთა მიერ და მისი დამოწმება საჯარო რეესტრის უფლებამოსილი პირის მიერ.
მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელისთვის კარგად იყო ცნობილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ. ასევე ცნობილი იყო, რომ ნ------–-–----–---–ი წარმოადგენდა იპოთეკარს. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება 201- წლის 05 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთული იქნა იპოთეკით. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა დათარიღებულია 201- წლის 23 აპრილით და ამ მტკიცებულებით ვერ დადასტურდება მისი მხედველობის პრობლემები სამი წლის წინ, კერძოდ, 201- წელს, როდესაც გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, დედა - შვილი მოქმედებენ შეთანხმებულად, რათა თავი აარიდონ სესხის თანხის დაბრუნებისა პასუხისმგებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 07 ივლისს, ლ---–----–----–---–სა და მ-------–------ს შორის, დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–------–----–-------------------------- საკადასტრო კოდით N 01.10.1-.0--.0---0-.0-- საკუთრებაში გადაეცა მ-------–------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 59 - 60);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 61 - 64)
3.1.2. 201- წლის 02 თებერვალს, ნ------–-–----–---–ს, თ-------–------სა და მ-------–------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, ნ------–-–----–---–მა თ-------–------ს სესხის სახით გადასცა 68 000 ლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 201- წლის 2 დეკემბერი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ-------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდენარე: ქ. თბილისი, ვ-–------–----–-------------------------- საკადასტრო კოდით N 01.10.1-.0--.0---0-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 65 - 70)
3.1.3. თ-------–------მ დაარღვია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები. 201- წლის 13 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დადგინდა მ-------–-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდენარე: ქ. თბილისი, ვ-–------–----–-------------------------- საკადასტრო კოდით N 01.10.1-.0--.0---0-.0-- რეალიზაცია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 71-76)
3.1.4. 201- წლის 6 თებერვალს ჯ---–----- და ნ------–-–----–---–ებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ (ს.ფ. 77 - 80)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 201- წლის 7 მაისს ლ---–----–----–---–სა და მ-------–------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოტყუების შესახებ მოსარჩელის პოზიცია ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ მხედველობის პრობლემის გამო, თითქოსდა არ შეეძლო გაცნობოდა დოკუმენტის შინაარსს, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ჩუქების ხელშეკრულება.
საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 81) არ ადგენს ლ---–----–----–---–ის მხედველობის მდგომარეობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების (201- წლის მაისი) დროისათვის.
ასევე დადგენილი არ არის საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს მის შინაარსზე განმარტების მიუღებლობის და მოტყუებით გაფორმების ფაქტი. შესაბამისად, 201- წლის 7 მაისის ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ლ---–----–----–---–ის სარჩელი მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81- 82-ე, 524-ე, 529-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებდა მოტყუების ფაქტს, შესაბამისად აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მას.
როგორც საქაართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, "დოკუმენტის შინაარსის ცოდნა ან არცოდნა სუბიექტური კრიტერიუმია, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს პრეზუმფციებით, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში ივარაუდება, რომ პირი დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცნობდა დოკუმენტის შინაარსს, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში კი, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მ. ა-ი უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა მოპასუხეებისადმი ნდობის არსებობის გამო". "სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის ნორმაში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას ჰპოვებს ფრაზაში „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა-ის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დეტალურად, გარკვევით, თანმიმდევრულად აღწერილი იყო გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. (ას-1-2-1-1-201-, 16 ივნისი 201- წელი)
მოსარჩელის მითითება, რომ არ იყო ინფორმირებული რა დოკუმენტს აწერდა ხელს, ვერ განიხილება მოტყუებად გარიგების შინაარსში, ვინაიდან მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც. მოცემულ შემთხვევაში მოტყუების ფაქტი დადგენილი არ არის. შესაბამისად, ამ საფუძვლით ჩუქების ბათილობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ჩუქების გაუქმება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როგორიც არის 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უმადურობად ან მძიმე შეურაცხყოფად ვერ შეაფასებს მესაკუთრის მიერ კანონით მინიჭებული ისეთი უფლებამოსილების განხორციელებას, რაც სესხის აღების სანაცვვლოდ ქონების იპოთეკით დატვირთვას ითვალისწინებს. ამასთან, მოსარჩელის მძიმე მდგომარეობის და მისი სხვა პირთა კმაყოფაზე ყოფნის ფაქტი დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც ჩუქების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
6.2. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. ვინაიდან პირველი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს იპოთეკის ნაწილში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლი ადგენს მესაკუთრის უფლებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილ იქნა 3 000 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილია 100 ლარი. ლ---–----–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ---–----–----–---–ის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 201- წლის 13 თებერვალს გაცემული N 1-01-9--- და N 1-01-9--- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55–ე, 243-244-ე, 248-250--ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ლ---–----–----–---–ის სარჩელი;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითავლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 12 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც, შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 201- წლის 13 თებერვალს გაცემული N 1-01-9--- და N 1-01-9--- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე