გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2018
საქმის ნომერი
010310018002672206
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002672206

საქმეN3-533/2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.11.2018 ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

მოსარჩელე: შპს ს---------–------------

წარმომადგენელი: ა---- ნ------

მოპასუხე: სსიპ ს---------------------–------------

წარმოამდგენელი: ნ------- ნ----------

დავის საგანი: საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2018 წლის 10 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას საჩივრით მომართა "შპს ს---------–-------------ამ" რომლითაც მოითხოვა სსიპ ს---------------------–------------ს აჭარის რეგიონალური სამმართველოს დოკუმენტური შემოწმების N02-235 აქტის და 2018 წლის 20 მარტის საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გაუქმება.

 

1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის დადგენილებით შპს" ს---------–--------------ის" საჩივარი მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით "შპს ს---------–-------------ის" საჩივარი მიჩნეული იქნა სარჩელად და მიენიჭა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის სტატისტიკური ნომერი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს

 

2.2. მოპასუხის განმარტებით 2018 წლის 20 მარტს სსიპ ს---------------------–------------ს აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ შემოწმებული იქნა ბიზნესოპერატორი შპს ს---------–------------, აღნიშნულზე შედგა დოკუმენტური შემოწმების აქტი N02-235, შემოწმებით დადგინდა, რომ შპს "ს---------–-------------ას" ქ. ბათუმში აღმაშენებლის ქუჩა 21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი აქვს სასურსათო ბაზრობა, რომელიც ფუნქციონირებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე, 2018 წლის 22 მარტს შპს "ს---------–-------------ის" მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0----- სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2018 წლის 20 მარტს სსიპ ს---------------------–------------ს აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ შემოწმებული იქნა ბიზნესოპერატორი შპს ს---------–------------, აღნიშნულზე შედგა დოკუმენტური შემოწმების აქტი N02-235,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

სსიპ ს---------------------–------------ს აჭარის რეგიონალური სამმართველოს 2018 წლის 20 მარტის დოკუმენტური შემოწმების აქტი N02-235; მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. სსიპ ს---------------------–------------ს მიერ 2018 წლის 22 მარტს შპს "ს---------–-------------ის" მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0----- სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ საფუძვლით, რომ შპს "ს---------–-------------ას" ქ. ბათუმში აღმაშენებლის ქუჩა 21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი აქვს სასურსათო ბაზრობა, რომელიც ფუნქციონირებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2018 წლის 22 მარტის საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----; მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.შპს ს---------–-------------ის ტერიტორიაზე მოწყობილია სასურსათო ბაზრობა, შპს ადმინისტრაციას სავაჭრო ფართები მიქირავებული აქვს სხვადასხვა პირებზე, სადაც 10-ზე მეტი პირ ახორციელებს სურსათით ვაჭრობას. შპს არ გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა განმარტებები; წარმოდგენილი ფოტოსურათები; მოწმე გულთამზე ხოროიშვილის ჩვენება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ს---------–------------ -ის სარჩელის დაკმაყოფილების ფქაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი "სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417 დადგენილება

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. "სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად ეს კოდექსი განსაზღვრას და არეგულირებს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს

 

6.2. "სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" საქართველოს კანონის მეორე მუხლის "ყ" პუნქტის თანახმად ბიზნესოპერატორი არის – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;

 

6.3."სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" საქართველოს კანონის მეცამეტ მუხლის პიორველი ნაწილის შესაბამისად - ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

 

6.4. ტექნიკური რეგლამენტის - აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგლამენტი ადგენს აგრალურ ბაზრებზე/ ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესებს, აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად რეგლამენტი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორებზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან

 

6.5 რეგლამენტის მეორე მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად აგრარული ბაზარი/ბაზრობა განმარტებულია როგორც - მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები(არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომელიც განკუთვნილია სურსათის ან/და ცხოველის რეალიზაციისათვის. ამავე მუხლის "დ" პუნქტის თანახმად ბაზარზე განთავსება განმარტებულია - პირის მიერ სურსათის ან/და ცხოველის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები(მათ შორის აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის ან/და ცხოველის ბაზარზე დაშვება სარეალიზაციოდ.

 

6.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შპს ს---------–-------------ა თავად არ ახორციელებს სურსათით ვაჭრობას და სავაჭრო ადგილები მიქირავებული აქვს სხვადასხვა პირებზე, რის გამოც შესაბამის ეკონომიური საქმიანობის რეგისტრაციის უქონლობის გამო მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ს---------–-------------ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულია 10-ზე მეტი არასტაციონარული სავაჭრო ადგილი სადაც ხდება სურსათით ვაჭრობა. რეგლამენტის მეორე მუხლის "ა" პუნქტის თანახმად აღნიშნული წარმოადგენს აგრარულ ბაზარს და შპს ს---------–-------------ა, რომელიც აქირავებს სავაჭრო ადგილებს სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ახდენენ სურსათით ვაჭრობას, განიხილება, როგორც ბაზრის მომწყობი, შესაბამისად როგორც ბიზნესოპერატორს გააჩნდა ვალდებულება მოეხდინა შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია.

 

6.7. "სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მეორე პუქტის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

 

6.8. "სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველიპუნქტის თანახმად - პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე –

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ ს---------------------–------------ს მიერ 2018 წლის 22 მარტს შპს "ს---------–-------------ის" მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0----- ) შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით "სურსათის/ცხოველური საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" საქართველოს კანონით

გადაწყვიტა

 

1. შპს ს---------–-------------ის (ს/ნ 2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

2. შპს ს---------–-------------ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში(მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 30) ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 30) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე: ირაკლი შავაძე