გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7227-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.12.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ტ---------------რ
წარმომადგენელი გ-----------–--–--ა
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის N--------60 გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე (იხ. 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „დ-----------–---------------–------------------ტის“ კანცლერის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს გაცემული რეკომენდაცია-დახასიათების მიხედვით, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ტ--------------რი არის მედიცინის ფაკულტეტის (უმაღლესი სამედიცინო სკოლა ,,ა------'') დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. იგი ირიცხება 1 სემესტრზე (I კურსი). სწავლა 6 წლიანია და დასრულდება 2024 წლის ივლისის თვეში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს „დ-----------–---------------–------------------ტი“-ს კანცლერის 2018 წლის 23 ოქტომბრის რეკომენდაცია-დახასიათება (ს.ფ. 61);
-პასპორტის ასლი (ს.ფ. 56-58).
3.1.2. 2018 წლის 25 ოქტომბერს ტ--------------რმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ტ--------------რის განცხადება (ს.ფ. 64-67)
3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 26 ოქტომბრის N--------60/7 წერილით ტ---------------რს აცნობა, რომ წარმოსადგენია საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტ--------------რს დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 05 ნოემბრამდე. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ტ--------------რს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ამავე ბარათით განმცხადებელს ეცნობა, რომ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღია 26.11.2018 წელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წლის 26 ოქტომბრის N--------60/7 წერილი (ს.ფ. 46)
- სამახსოვრო ბარათი ( ს.ფ.48-49).
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 26 ოქტომბერს წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობს თუ არა მოსარჩელისათვის განცხადებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის N--------60/1 წერილი (ს.ფ. 55)
3.1.5. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2018 წლის 19 ნოემბრის S---------------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 19 ნოემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 54)
3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 25 ოქტომბრის №---------- განცხადება, ტ---------------რისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 43).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ---------------რის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
5.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
5.3. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი.
5.4.საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ტ---------------რის განცხადება, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მე-6 მუხლის შესაბამისად, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით); ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციას, რომლის თანახმად (ს.ფ. 52), ტ---------------რმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2018 წლის 20 სექტემბერს, დარჩენილი დღეების რაოდენობაა (შსს) 90 დღე, ასევე მის სახელზე გაცემულია ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა 2018 წლის 11 ივლისს, ხოლო მოქმედების ვადაა 2028 წლის 08 ივლისი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ---------------რიმ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 2018 წლის 25 ოქტომბერს, ანუ ვიზის მოქმედების პერიოდში, ხოლო სააგენტომ 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილით განმცხადებელს დაავალა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 20 სექტემბრიდან დარჩენილი დღეების რაოდენობა შეადგენდა 90 დღეს, მოპასუხე ვალდებულია შეაფასოს განცხადების წარდგენის დროისათვის იმყოფებოდა თუ არა მოსარჩელე საქართველოში კანონიერად, რაც მას სათანადოდ არ შეუფასებია.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ---------------რის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ტ--------------რის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ტ---------------რის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ტ---------------რისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ტ---------------რის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა დარასელია