გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/2762-17
26 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი
სხდომის მდივანი აკაკი ღურწკაია
მოსარჩელე სს ,,ლი------------ი”
წარმომადგენლები: ნი------------ა, ლა-–---------ა
მოპასუხე წარმომადგენელი მა---------–------–---–ი ნი-------–--ა
დავის საგანი საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მა---------–------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ლი------------ის” სასარგებლოდ 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 2 000 ლარის გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე მა---------–------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ლი------------ის” სასარგებლოდ 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 302,46 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე მა---------–------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ლი------------ის” სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 100 ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 13 ოქტომბერს, სს ,,ლი------------ს” და მა---------–------–---–ს შორის გაფორმდა საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 2 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - წლიური 28%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 12 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, ეცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მოპასუხის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული. 2015 წლის 13 მარტს, სს ,,ლი------------მა” მა---------–------–---–ისთვის 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გამარტივებული წარმოების წესით გადახდევინების მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სს ,,ლი------------ის” მიერ გადახდილი იქნა საფასური 100 ლარის ოდენობით. 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, მა---------–------–---–ის დავალიანება სს ,,ლი------------ის” მიმართ 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 302,46 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 2 000 ლარი და პროცენტი - 302,46 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა მა---------–------–---–ისთვის: 1) 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 2 000 ლარის და პროცენტის - 302,46 ლარის, სულ 2 302,46 ლარის გადახდის დაკისრება; 2) ზიანის ანაზღაურების სახით 100 ლარის გადახდის დაკისრება. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 2-5, იხ. 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 11:32:37-11:49:41 სთ)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა---------–------–---–ი სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2011 წლის 13 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 13 ოქტომბრამდე. ამასთან, მა---------–------–---–მა კრედიტის დაფარვა შეწყვიტა 2011 წლის დეკემბერში. მითითებული თარიღიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე კი გასულია სამ წელზე მეტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა 2015 წლის 13 მარტს მარტს მოსარჩელის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში განცხადების წარდგენის გზით, ვინაიდან მოსარჩელეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით. მითითებული თარიღიდან ექვსი თვის ვადაში კი, მოსარჩელეს სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ლი------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 36-38 იხ. 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 11:49:46-11:56:38 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 13 ოქტომბერს, სს ,,ლი------------ს” და მა---------–------–---–ს შორის გაფორმდა საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 2 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - წლიური 28%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 12 თვე. მსესხებლის მიერ მიღებული იქნა საბა--ო კრედიტი 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 15-19) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.2. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება. 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, მა---------–------–---–ის დავალიანება სს ,,ლი------------ის” მიმართ 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 302,46 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 2 000 ლარი, პროცენტი - 302,46 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 26) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.3. 2015 წლის მარტს, სს ,,ლი------------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მა---------–------–---–ისთვის გამარტივებული წარმოების წესით 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელის მიერ განცხადებაზე გადახდილი იქნა მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით. სს ,,ლი------------ის“ მოთხოვნაზე წერილობითი პროტესტი წარადგინა მა---------–------–---–მა. მოპასუხის მიერ წერილობითი პროტესტის წარდგენის გამო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 30 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრებას. ამდენად, სახეზეა სახელშეკრულებო მოთხოვნა. შესაბამისად, სს ,,ლი------------ის“ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 2011 წლის 13 ოქტომბერს, სს ,,ლი------------ს“ და მა---------–------–---–ს შორის გაფორმდა საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის საბა--ო ანგარიშზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 2 000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. ამდენად, მა---------–------–---–ს კრედიტის თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 13 ოქტომბერს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოვალეს საკრედიტო ლიმიტის ამოწურვამდე 30 დღით ადრე არ მოუთხოვია საკრედიტო ლიმიტის შეწყვეტა, ხელშეკრულების დადებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, კრედიტორის გადაწყვეტილებით 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ლიმიტის მოქმედების მომდევნო ვადით და საკრედიტო ლიმიტი მოქმედებდა იმ დრომდე, ვიდრე სს ,,ლი------------მა“ არ შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა. აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ,,Magic Card”-ის საკრედიტო ბარათის პირობები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 85-101).
საკრედიტო ბარათის პირობების 3.1.6. პუნქტის თანახმად, თუ კლიენტი საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე წერილობით არ მოითხოვს საკრედიტო ლიმიტის შეწყვეტას (და შესაბამისად საკრედიტო ბარათის გაუქმებას), ბა--ი უფლებამოსილია საკრედიტო ლიმიტის მოქმედების თითოეული ვადის ამოწურვამდე 30 დღის განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ გადახედოს კლიენტის საკრედიტო ბარათის ლიმიტს და დაამტკიცოს (ან არ დაამტკიცოს) ის საკრედიტო ლიმიტის მოქმედების მომდევნო ვადით. საკრედიტო ლიმიტის გადახედვისთვის ბა--ი უფლებამოსილია კლიენტს დააკისროს ტარიფებით განსაზღვრული საკომისიო მიუხედავად საკრედიტო ლიმიტის გადახედვის შედეგისა.
ამდენად, მითითებული პირობის მიხედვით, თუ საკრედიტო ლიმიტის ამოწურვამდე 30 დღით ადრე კლიენტი წერილობით არ მოითხოვდა საკრედიტო ლიმიტის შეწყვეტას, ბა--ი უფლებამოსილი იყო თავისი შეხედულების მიხედვით დაემტკიცებინა ან არ დაემტკიცებინა საკრედიტო ლიმიტი მოქმედების მომდევნო ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია ზემოაღნიშნული ჩანაწერი წერილობითი ფორმის სავალდებულოობას ითვალისწინებს მხოლოდ კლიენტის მიერ საკრედიტო ლიმიტის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუმცა გონივრული განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფორმა სავალდებულო იყო ბა--ის მიერ საკრედიტო ლიმიტის ახალი ვადით დამტკიცების შემთხვევაშიც. სასამართლოს დასკვნა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ საკრედიტო ლიმიტის გადახედვის შემთხვევაში ბა--ს შესაძლოა საკრედიტო ლიმიტი ახალი ვადით არ დაემტკიცებინა ანუ საკრედიტო ლიმიტის ამოწურვისას ლიმიტის მოქმედების ვადა ავტომატურად არ გრძელდებოდა. შესაბამისად, კლიენტი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული იმის თაობაზე, მას ქონდა თუ არა კვლავ შესაძლებლობა ესარგებლა საკრედიტო ლიმიტით. გარდა ამისა, საკრედიტო ბარათის პირობების მომდევნო პუნქტები (მაგალითად, პირობების 3.1.11 პუნქტი), საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კლიენტის ხელმოწერის საჭიროებას. ამდენად, ბა--ს კლიენტისთვის წერილობით უნდა ეცნობებინა საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მან საკრედიტო ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოქმედების ახალი ვადით დაამტკიცა საკრედიტო ლიმიტი (ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ცალმხრივად გააგრძელა) და მოპასუხეს აცნობა აღნიშნულის თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მა---------–------–---–ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2011 წლის 10 დეკემბერს, ხოლო 2011 წლის 19 დეკემბრის შემდეგ მას საკრედიტო ლიმიტი არ გამოუყენებია (იხ. ამონაწერი საბა--ო ანგარიშიდან, ტომი 1, ს.ფ. 24-25). ამდენად, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ საკრედიტო ლიმიტის გამოყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას იმის შესახებ, რომ სს ,,ლი------------ის“ მიერ მოქმედების ახალი ვადით იქნა დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი (გაგრძელებული იქნა ხელშეკრულების მოქმედების ვადა), მა---------–------–---–ისთვის ცნობილი იყო აღნიშნულის და შესაბამისად, საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებთ, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა და სს ,,ლი------------ის“ მოთხოვნის უფლება მა---------–------–---–ის მიმართ წარმოეშვა 2012 წლის 14 ოქტომბრიდან (საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ), სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლაც დაიწყო აღნიშნული თარიღიდან და დასრულდა 2015 წლის 14 ოქტომბერს.
2015 წლის 13 მარტს, სს ,,ლი------------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მა---------–------–---–ის მიმართ გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოპასუხის მიერ წერილობითი პროტესტის წარდგენის გამო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 30 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 13 მარტს, მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე განცხადების წარდგენით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სარჩელის შეტანა სასამართლოში ან მოთხოვნის არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, რა დროსაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლი), თუმცა სარჩელის შეტანა ან მოთხოვნის არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა ყოველთვის არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული.
ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლის შემთხვევას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმა სარჩელის განუხილველად დატოვებისას ან საქმის წარმოების შეწყვეტისას იგივე სარჩელის ექვსი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადას პირველი სარჩელის წარდგენიდან ადგენს შეწყვეტილად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლი------------ს“ 2015 წლის 30 ივნისიდან, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმიდან, ექვსი თვის ვადაში სასამართლოში სარჩელი არ წარუდგენია. სს ,,ლი------------ის“ მიერ სასამართლოში სარჩელი თავდაპირველად აღძრული იქნა მხოლოდ 2016 წლის 15 მარტს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 110-112). ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად არ ითვლება, ვინაიდან დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ხოლო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმიდან ექვსი თვის ვადაში მოსარჩელეს სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ის“ მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 145-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, მა---------–------–---–ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. მოპასუხე მა---------–------–---–ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელემ კი სარჩელით სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის დაწყებიდან) ოთხი წლისა და სამი თვის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული გარემოება კი მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს შესრულებაზე 2011 წლის 13 ოქტომბრის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდის დაკისრების ნაწილში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე და 145-ე მუხლებისა. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე განცხადებაზე, გადახდილი საფასურის 100 ლარის გადახდის დაკისრებას. მითითებული მოთხოვნა გამომდინარეობს 2011 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებიდან და შესაბამისად, იგი წარმოადგენს დამატებით მოთხოვნას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მთავარი მოთხოვნა ხანდაზმულია, აღნიშნული კი, მოპასუხეს უფლებას აძლევს ასევე უარი განაცხადოს დამატებითი მოთხოვნის შესრულებაზეც, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლისა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ლი------------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი