გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210017002045752
N2/792-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ შე-------–---------------ი
წარმომადგენლები: ალ--------------------ე (არ გამოცხადდა), გუ-----------ე
მოპასუხე - ი/მ ,,გი---------------–---–ი“
წარმომადგენელი - ამ------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი/მ ,,გი---------------–---–ისათვის“ მოსარჩელე სსიპ შე-------–---------------ის სასარგებლოდ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 13 925 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-14).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 30 აგვისტოს, სსიპ შე-------–---------------სა და ი/მ ,,გი---------------–---–ს“ შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი/მ ,,გი---------------–---–ს“ იჯარით გადაეცა მა-------–--------------------–--------ჩში, სსიპ შე-------–---------------ის სგპ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე მდებარე ფართის ნაწილი, 70 კვ.მ.-ის ოდენობით, სანაცვლოდ მას ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით უნდა გადაეხადა 308 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად, 2012 წლის სექტემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით გადასახდელმა საიჯარო ქირამ შეადგინა 16 940 ლარი, საიდანაც ფაქტიურად გადახდილია 3015 ლარი, ხოლო დავალიანება შეადგენს 13 925 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-14).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ი/მ ,,გი---------------–---–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან გადაიხადა საიჯარო ქირა 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ანუ იქამდე, ვიდრე ფაქტობრივად სარგებლობდა იჯარით აღებული ფართით. გარდა ამისა, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 30 აგვისტოს 3 (სამი) წლით, ანუ 2015 წლის 10 სექტემბრამდე, ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 10 სექტემბრიდან. მოპასუხის განმარტებით, მან 2014 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელეს წერილობით აცნობა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 2014 წლის იანვრის თვიდან მას არ გადაუხდია საიჯარო ქირა. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 8.2. მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ არ გადაიხადა 3 თვის საიჯარო ქირა. ამით მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და გაუმართლებლად აყენებს დიდი ოდენობით ზიანს. მოსარჩელეს რომ მოეთხოვა 3 თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის ხელშეკრულების შეწყვეტა და სამი თვის გადაუხდელი საიჯარო ქირა, მისთვის ადვილი იქნებოდა სამი თვის გადაუხდელი ქირის გადახდა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 2014 წლის იანვრის თვიდან არ გადაუხდია საიჯარო ქირა და მოსარჩელემ გადაუხდელი საიჯარო ქირის გადახდა მოითხოვა 2017 წლის იანვრის თვის შემდეგ, მან არასაპატიო მიზეზით გაუშვა ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144 -ე მუხლის თანახმად, კანონიერი უფლება აქვს მოსარჩელეს არ გადაუხადოს საიჯარო ქირა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 62-70).
2018 წლის 18 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, 36 თვის საიჯარო ქირის გადახდის ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 11 088 ლარს. რაც შეეხება 36 თვეზე ძველ მოთხოვნას, მოპასუხე მხარის მითითებით არის ხანდაზმული და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. 18.04.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 30 აგვისტოს, სსიპ შე-------–---------------სა და ი/მ ,,გი---------------–---–ს“ შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი/მ ,,გი---------------–---–ს“ იჯარით გადაეცა მა-------–--------------------–--------ჩში, სსიპ შე-------–---------------ის სგპ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე მდებარე ფართის ნაწილი, 70 კვ.მ.-ის ოდენობით, სანაცვლოდ მას ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით უნდა გადაეხადა 308 ლარი. იჯარის საგნით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 3 წელი, ხოლო ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 10 სექტემბრიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იჯარის საგნით სარგებლობის ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე არცერთი მხარე მეორე მხარის წინაშე წერილობით არ გამოთქვამს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვეტის სურვილს, იჯარის საგნით სარგებლობის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით. იგივე წესი იმოქმედებს იჯარის საგნით სარგებლობის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.08.2018 წლის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება და იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა 2012 წლის სექტემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით.
თავდაპირველად წარმოდგენილი შესაგებლით და შემდგომ სასამართლო სხდომაზეც მოპასუხე მხარე უთითებდა, რომ მან მიმართა მოსარჩელეს 2013 წლის იანვრის თვეში და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით, სასამართლოს მიერ შე-------–---------------იდან გამოთხოვილი იქნა მოპასუხის განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ი/მ ,,გი---------------–---–მა“ ნამდვილად მიმართა შე-------–---------------ს 2013 წლის 22 იანვარს და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება. მოგვიანებით, მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად ის და მისი მეგობარი კვლავ აგრძელებდნენ იჯარით აღებული ფართის ფლობას და მისით სარგებლობას. მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ და იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც სადავოდ აღარ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.02.2018, 14.03.2018 და 18.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმები);
- განცხადება (ს.ფ. 125).
3.2.2. ი/მ ,,გი---------------–---–ს“ გადახდილი აქვს საიჯარო ქირის ნაწილი, ჯამში 3015 ლარის ოდენობით. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2012 წლის ნოემბერში გადაიხადა 538 ლარი, 2012 წლის დეკემბერში - 309 ლარი, 2013 წლის იანვარში -308 ლარი, 2013 წლის ივნისში - 310 ლარი, 2013 წლის ივლისში - 310 ლარი, 2013 წლის აგვისტოში - 310 ლარი, 2013 წლის ოქტომბერში - 310 ლარი, 2013 წლის ნოემბერში - 310 ლარი, 2013 წლის დეკემბერში - 310 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 20-30);
3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2012 წლის გადაუხდელი საიჯარო ქირის, ასევე 2013 წლის გადაუხდელი საიჯარო ქირისა და 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით გადაუხდელი საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
განსახილველ სარჩელში დავის საგანია საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
მოპასუხე ი/მ ,,გი---------------–---–ის“ დავალიანება წარმოიშვა მხარეთა შორის 2012 წლის 30 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სადავო დავალიანებას შეადგენს სულ 13 925 ლარი და იგი წარმოშობილია 2012 წლის სექტემბრის თვიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 2012-2013 წლის 9 თვის საიჯარო ქირის გადასახადი.
მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის მარტის თვის მდგომარეობით არსებული საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ამ დავალიანების ნაწილი არის 2012 წლის, 2013 წლისა და 2014 წლის ივლისის თვის მდგომარეობით არსებული დავალიანება. ამდენად, ყველაზე გვიან ამ თანხების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2017 წლის ივლისის თვიდან. ამ დროიდან სსიპ შე-------–---------------ს წარმოეშვა სარჩელით ამ თანხის მოთხოვნის უფლება, რადგან საიჯარო ქირის საფასურის ანაზღაურება ხდებოდა ყოველთვიურად. შესაბამისად, სადავო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2017 წლის ივლისში.
განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 10 აგვისტოს. ამდენად, მოსარჩელის მიერ, საიჯარო ქირის ნაწილის (2012 წელი, 2013 წელი და 2014 წლის ივლისის თვე) გადახდევინების თაობაზე, სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.02.2018, 14.03.2018 და 18.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმები);
- 30.08.2018 წლის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 20-30);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შე-------–---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 581-ე, 531-ე, 129-ე, 130-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 11 088 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
განსახილველ შემთხვევაში, თანხის მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. საიჯარო ქირის ნაწილის მოთხოვნის უფლება წარმოშობილი იქნა 2012 წლის სექტემბრის თვეში - 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით. ამ პერიოდში მოპასუხის მიერ ასევე გადახდილია 9 თვის საიჯარო ქირა, რასაც მოსარჩელე მხარე არ ითხოვს და არ წარმოადგენს სადავო თანხას. თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2014 წლის ივლისიდან, რომლის მომდევნო 3 წლის მანძილზე სსიპ შე-------–---------------ს უნდა აღეძრა ი/მ ,,გი---------------–---–ის“ მიმართ სარჩელი.
ამდენად, სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს საიჯარო ქირის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა ყველაზე გვიან 2014 წლის ივლისიდან. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 10 აგვისტოს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ხანდაზმულია 2012 წლის 1 თვის, 2013 წლის 5 თვის და 2014 წლის 7 თვის საიჯარო ქირის მოთხოვნა, ხოლო არახანდაზმულ მოთხოვნას კი შეადგენს სულ 32 თვის საიჯარო ქირა (2014 წლის აგვისტო - 2017 წლის მარტი), თუმცა მოსარჩელემ სულ ცნო სარჩელი 36 თვის ქირის დაკისრების ნაწილში, რაც გახდა დამატებით 4 თვის ქირის დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ შე-------–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ი/მ ,,გი---------------–---–ს“ მოსარჩელე სსიპ შე-------–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 30 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 11 088 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე