განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/57-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მუ-–-----------------------------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი - 2----------, ცოლ-შვილიანი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ში---–ო.
ადვოკატი - იზ---–-------–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თარჯიმანი - ელ--------------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხ--–-- მიმდებარედ, მუ-–-----------------ის მფლობელობაში არსებულ მანქანაში, ამ უკანასკნელმა ხელის სახის არეში ერთჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლის სუ---------–---ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული განხორციელდა მათი არასრულწლოვანი შვილის აი--------------ას თანდასწრებით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII). განსახილველ საქმეში ბრალდებულ მუ-–-----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მუ-–-----------------მა (მისთვის შესაბამისი განმარტების შემდეგ) ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მუ-–-----------------ის აღიარებითი ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ქორწილიდან ბრუნდებოდა და სიმთვრალის გამო ვერ გააკონტროლა თავი და ხელი გაარტყა მეუღლეს სახეში, რაც მისდაუნებურად მოუვიდა და ნანობს აღნიშნულს; დაზარალებულ სუ---------–---ის განმარტებით ავტომანქანაში სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით დაწყებული შელაპარაკებისას ბრალდებულმა ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც მარჯვენა წარბის არეში განიცადა ფიზიკური ტკივილი, მეუღლე ამ დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ავტომანქანაში იმყოფებოდა მათი ქალიშვილი ა------. დაზარალებულმა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც დაადასტურა; ანალოგიური დაადასტურეს დაზარალებულის დედამ გი---–------–---ამ, ბრალდებულის დამ ჯე---------------ამ და ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანმა შვილმა აი--------------ამ (დაბადების თარიღი: 2----–-–------------------, რომლებიც შემთხვევისას ავტომანქანაში იმყოფებოდნენ; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, სუ---------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევა შუბლზე მარჯვნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს; მსგავსი სახის დაზიანებაზე მიუთითებს დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მუ-–-----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ოქბიექტი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაა.
6. სასამართლოს შეფასებით დასტურდება მუ-–-----------------ის მიერ არასრულწლოვან აი--------------ის თანდასწრებით სუ---------–---ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მუ-–-----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მუ-–-----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც მუ-–-----------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. მუ-–-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს შეურიგდა და ამ უკანასკნელს არ აქვს პრეტენზია მის მიმართ.
8. მუ-–-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რაც განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მთვრალ მდგომარეობაში სასამართლო გამორიცხავს მუ-–-----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად და რაც საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით ვერ მიიღწევა მისი ხასიათის გამო, მათ შორის გასათვალისწინებელია სახის არეში დარტყმა, დანაშაულის ჩადენის მიზეზი.
13. მუ-–-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს არანაირი პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია, მხოლოდ ერთელ გარტყმას ჰქონდა ადგილი, ასევე აქედან გამომდინარე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სასჯელის ვადის განსაზღვრის ნაწილში დანაშაულის ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში, ვინაიდან იგი გათვალისწინებულია სასჯელის სახის განსაზღვრისას და მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელ და გარდაუვალ საჭიროებას არ წარმოადგენს მუ-–-----------------ის მიერ დანიშნული სასჯელის რეალური აღსრულება პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მიზნების შესრულება მისი პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაშიც სრულებით რეალური და პროპორციულია. ამასთან, გამოსაცდელი ვადად 1 წლის განსაზღვრა ადეკვატური დროა მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მუ-–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მუ-–-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 ნოემბრიდან იმავე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
4. მუ-–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი