გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310018002497816
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნ---------, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

 

სხდომის მდივანი თეა აფციაური

 

მოსარჩელე - ე-–----- ბ---------ა

წარმომადგენელი - ს---–----- ი-----–---ი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------------- ბრძანება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების 2018 წლის 0--------–-- N6------------- ოქმის მიხედვით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მ---------’’ მთავარი მებაჟე-ოფიცერი დ----------------- მიერ დათვალიერებული იქნა ე-–----- ბ---------ას ხელბარგი, რომელსაც თავად ესწრებოდა და დათვალიერების შედეგად გამოვლინდა: სავარაუდოდ ოქროს სამკაული, კერძოდ ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ოთხი ცალი, წონით 20,74 გრამი და ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით ხუთი წყვილი, წონით 40,48 გრამი. აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები დალუქული იქნა N0------ ლუქით და გადაგზავნილი იქნა ექსპერტიზაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 0--------–-- მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N6-------------

ოქმი ( ს/ფ 12)

 

3.1.2. 2018 წლის 0--------–--, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ე-–----- ბ---------ას მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E-------.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 03 აპრილს, 15:52 საათზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,მ---------“ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა აზერბაიჯანის მოქალაქე ე-–----- ბ---------ა (პასპორტის N C--------), რომლის ხელბარგის დათვალიერებისას გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული ოქროს სამკაული, კერძოდ: ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ოთხი ცალი, წონით 20,74 გრამი და ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით ხუთი წყვილი, წონით 40,48 გრამი. სასაქონლო ექსპერტიზის N0---------- დასკვნის მიხედვით არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13349,4 ლარი.

 

ე-–----- ბ---------ა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 13349,4 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 0--------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E------- (ს/ფ 11)

 

3.1.3. 2018 წლის 03 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „მ---------“ მიერ ე-–----- ბ---------ას ჩამოერთვა აღმოჩენილი ოქროს სამკაული, რაზედაც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6----------(ს/ფ 13-14)

 

3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მომზადებული, 2018 წლის 0--------–-- საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის N0---------- დასკვნის მიხედვით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზის, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემთა ანალიზის შედეგად, წარდგენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5550,21 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს სებ-ის 03.04.2018 წლის მონაცემებით - 13349,4 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნის N0---------- ( ს/ფ 15)

 

3.1.5. 2018 წლის 03 მაისს, ე-–----- ბ---------ას წარმომადგენელმა ს---–----- ი-----–---მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 0--------–-- №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას ე-–----- ბ---------ას თან ჰქონდა კუთვნილი ოქროს სამკაულები, რომელიც ქორწილში საჩუქრად მიიღო მეუღლისგან. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული სამკაულების ე-–----- ბ---------ას მიერ ფლობა უკანონოდ იქნა მიჩნეული მებაჟე-ოფიცრების მიერ და დაჯარიმდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2-------- №1---- ბრძანებით ე-–----- ბ---------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნულ ბრძანებაში მიეთითა, რომ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2018 წლის 03 აპრილს, საბაჟო კონტროლის ზონაში შესული ე-–----- ბ---------ას კუთვნილი ხელბარგის დასკანერების შედეგად მიღებული სურათი იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ ხელბარგში მოთავსებული იყო ოქროს სამკაული ან ბიჟუტერია. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას ხელბარგში ოქროს ნივთები, რომლებიც ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას, ე-–----- ბ---------ამ განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა. მიეცა მითითება ხელბარგიდან ამოელაგებინა ნივთები. ამოლაგებისას მოქალაქემ, მებაჟე-ოფიცრისაგან მამულად, ამოიღო ხელჩანთიდან ოქროს სამკაული და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. მებაჟე-ოფიცრის განმეორებით კითხვაზე, მოძებნა თუ არა მან ოქროს სამკაული ან ბიჟუტერია, მოქალაქემ კვლავ განაცხადა, რომ ხელჩანთაში მსგავსი არაფერი ჰქონდა. ხელჩანთის განმეორებით დასკანირებისას მიღებული სურათი განსხვავდებოდა პირველი სკანირებისას მიღებული შედეგისაგან, ვინაიდან ხელჩანთაში ლითონის ნივთები აღარ ჩანდა. მებაჟე-ოფიცერმა დაიწყო ხელჩანთის დათვალიერება, რის შემდგომაც მოსარჩელემ წარადგინა სამკაული, კერძოდ: ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ოთხი ცალი, ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით ხუთი წყვილი. აღნიშნული ფაქტი ჩანს ვიდეო-მასალაში და ფოტოების ასლებში. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13349,4 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 2-------- სსიპ შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანება ( ს/ფ 16-19|)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-–----- ბ---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 199-ე, 207-ე, 215-ე, 218-ე, 227-ე, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 0--------–-- №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2-------- №1---- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამავე კოდექსის 289-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები, რომლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 0--------–-- №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ე-–----- ბ---------ი დაჯარიმდა 13349,4 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. ე-–----- ბ---------ას ხელჩანთაში სკანერის აპარატით დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საერთო წონით - 61.22 გრამი, კერძოდ, ბრილიანიტის თვლებით ბეჭედი - 4 ცალი, ბრილიანტის თვლებით საყურე - 5 წყვილი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 13349,4 (ცამეტი ათაც სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხი თეთრი) ლარი. ასევე, მას, სანქციის უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოერთვა მის კუთვნილ ბარგში აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს პირადი ნივთის დეფინიციას, კერძოდ, პირადი ნივთი არის მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

 

ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.

 

საქონლის გაფორმებისას გამოსაყენებელი სასაქონლო ოპერაციების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. მითითებული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი დადგენილია, რომ გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს. სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.

 

ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.

 

,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.

 

ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

 

აღნიშნული ინსტრუქციის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა/გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ე-–----- ბ---------ას ჰქონდა განზრახვა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულებას შეადგენს 13349,4 (ცამეტი ათაც სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხი თეთრი) ლარს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ მინიმუმს აღემატება და რომლის დეკლარირების ვალდებულებაც წარმოეშვა მოსარჩელეს. შესაბამისად, იგი საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერის თანახმად, 2018 წლის 0--------–--, საბაჟო გამშვები პუნქტის „მ---------“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე ე-–----- ბ---------ას საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ მისთვის გასაგებ ენაზე მიეცა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის, ძვირფასეულობა, რაზეც უარი განაცხადა. ვიდეო-ჩანაწერის თანახმად, უარის გაცხადების შემდგომ, მოხდა ხელბარგის ხელმეორედ დასკანერება. მეორედ დასკანერების შემდგომ, მოხდა ე-–----- ბ---------ას მიერ ნივთების წარდგენა, როდესაც მებაჟე-ოფიცრის მიერ დაფიქსირდა განსხვავებული სურათი პირველ და მეორე დათვალიერებას შორის. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტს, რომ მისთვის გასაგებ ენაზე არ ეთარგმნა ე-–----- ბ---------ას ოქმის შინაარსი და მისთვის გასაგებ ენაზე არ მიმდინარეობდა საქმისწარმოება. ვიდეო-ჩანაწერიდან არ იკვეთება, რომ მებაჟე-ოფიცერი მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობს. სასამართლო ასევე არ იზიარებს, მოსარჩელის პოზიციას, რომ ე-–----- ბ---------ასათვის უცნობი იყო დეკლარაციის შევსების წესი და არ იცოდა თუ უნდა შეევსო, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, ე-–----- ბ---------ა ხშირად გადაადგილდება საქართველოს საზღვარზე, კერძოდ მას აქვს 32 შესვლა/გასვლა, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული პროცედურები.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილი არ ჰქონია საბაჟო კონტროლისგან მალულად საქონლის გადაადგილებას, რადგან ე-–----- ბ---------ამ თავად წარუდგინა საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებს თავისი ხელჩანთა შესამოწმებლად და შემდგომ თვითონ წარუდგინა ოქროს ნაკეთობები. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის დანაწესი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პირი დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას არ ახორციელებს ნებაყოფლობით და დასადეკლარირებელი საქონლის აღმოჩენა ხდება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ე-–----- ბ---------ამ მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე უარი განაცხადა, რომ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები. მებაჟე-ოფიცერმა ორჯერ მოახდინა ხელბარგის დასკანერება, პირველ სურათში ჩანდა, რომ მას ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, ხოლო მეორე სურათი იძლეოდა განსხვავებულ სურათს და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მოახდინა მოსარჩელემ ოქროს ნაკეთობების წარდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომელიც შეიძლება გახდეს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 0--------–-- №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2-------- №1---- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაც.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 400, 48 (ოთხასი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ე-–----- ბ---------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე-–----- ბ---------ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400, 48 (ოთხასი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე