განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
სტაჟიორ-პროკურორ _ ს--–---- კ----ის
ბრალდებულ _ გ------- ბ-------ის
ადვოკატ - ს------- ჯ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ------- ბ-------ს ძე ბ-------ის, დაბადებულის 1--- წლის 1------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ჭ----------------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ჭ----------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ-------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
გ------- ბ-------ეს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 მაისს, ქ.თბილისში, 01:30 საათიდან 02:00 საათამდე დროის შუალედში მეტრო „ა--–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ბ-------ემ იტალიის მოქალაქე მ------ ჯ-------- ტ----ს სახის არეში ხელისა და ფეხის დარტყმით გაუტეხა ცხვირის ძვალი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ე.ი. გ------- ბ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
სასამართლოს დასკვნა გ------- ბ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ გ------- ბ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმეში არსებული მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც გ------- ბ-------ემ პასუხი უნდა აგოს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კონფლიქტი პროვოცირებულია დაზარალებულის მიერ ბრალდებულის საცოლის შეურაცხყოფით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული დღეის მდგომარეობით უკვე დაოჯახებულია სწორედ იმ გოგონასთან, ვისთანაც ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები დაზარალებულს და უახლოეს მომავალში ელოდებიან შვილს. სასამართლო მხედველობაში იღებს გ------- ბ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, ამასთან, მისი განმარტებითა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაზარალებულს აუნაზღაურა სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელთა გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე აფასებს დანაშაულის რეციდივის რისკს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ი----–--- ვინაიდან არის ამ ქვეყნის მოქალაქე და იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობა, რაც აღიარა და მოინანია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის განმეორების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, რის გამოც საკმარისად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება შინაპატიმრობას, სასამართლოს გ------- ბ-------ის მიმართ აღნიშნული სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან ბრალდებული დასაქმებულია და მიღებული შემოსავლით არჩენს ოჯახს, ხოლო აღნიშნული სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებაში, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს ახლადშექმნილ ოჯახზე, რომელიც ელოდება შვილს.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
ასევე ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობისა (მისი განმარტებით, დასაქმებულია და აქვს საკუთარი შემოსავალი) და მის მიერ განხორციელებული ძალადობის ხასიათის გათვალისწინებით, რაც გამოიხატა ქუჩაში, საჯარო ადგილას ხელისა და ფეხის არაერთჯერადი დარტყმის შედეგად დაზარალებულის სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, კერძოდ, სამედიცინო დასკვნის თანახმად, დაზარალებულს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებით სასჯელად ჯარიმის დაკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ბ-------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ბ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ------- ბ-------ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მსჯავრდებულ გ------- ბ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ბ-------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. მ------ ჯ-------- ტ----ს რენტგენოფირი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ძვ--–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მ------ ჯ-------- ტ----ს სასამართლოში დაკითხვის ოქმის ელექტრონული ვერსია, განთავსებული 1 (ერთი) ცალ CD-R დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი