გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2133-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: სალომე არევაძე
მოსარჩელე - და-----–----–---–---ი
წარმომადგენელი - იო---------–---–ი
მოპასუხე - შპს"გე-------ო"
მოპასუხის წარმომადგენლები- თე----------------–-ა, ნო--------------ა, გი----------–-----–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,გე-------ოს'' და-----–----–---–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 27 000 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,გე-------ოს'' და-----–----–---–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 810 ლარის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 09 აგვისტოს და-----–----–---–---ს და შპს ,,გე-------ოს'' შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, და-----–----–---–---ს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა სიმინდის ჩალი, არანაკლებ 60 %-იანი ტენიანობით, სიმინდი აღებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ტექნიკით, აღნიშნულ პროდუქციას მოპასუხე გამოიყენებდა სილოსის დასამზადებლად.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ფლობს 18 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გარდაბნის რაიონში, სოფელ მუხროვანის რაიონში, რომელზეც განლაგებულია შესაბამისი საირიგაციო სისტემები და აქვს შესაძლებლობა დათესოს სიმინდის ჩალა საშუალოდ 30 ტონის ოდენობით 1 ჰექტარზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სიმინდის ჩალი არანაკლებ 540 ტონა, მოპასუხისათვის უნდა გადაცემულიყო 2016 წლის 20 ოქტომბრიდან არაუგვიანებს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შემძენი ვალდებული იყო მიმწოდებლისათვის გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ერთ კილოგრამზე 0.05 თეთრი, ყველა კანონით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით, გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს 18 ჰექტარზე უნდა დაეთესა ,,სპრია ას 13281'' წარმოების სიმინდი.
სარჩელში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა, კერძოდ, 18 ჰექტარზე დათესა ,,ასპირია ას 13281'' წარმოების სიმინდი, ხოლო შემძენმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 პუნქტი და ამავე ხელშეკრუელბის 3.1.3 პუნქტი, რითაც და-----–----–---–---ს მიადგა ზიანი 27 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1. მოპასუხე შპს ,,გე-------ოს'' და-----–----–---–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 27 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე შპს ,,გე-------ოს'' და-----–----–---–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 810 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,გე-------ოს'' წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან დავით ჯორჟოლიანის მიერ არ მომხდარა შემძენისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება, შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოშობია საზღაურის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გე-------ოს'' წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 09 აგვისტოს და-----–----–---–---ს და შპს ,,გე-------ოს'' შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, და-----–----–---–---ს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა სიმინდის ჩალი, არანაკლებ 60 %-იანი ტენიანობით, სიმინდი აღებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ტექნიკით, აღნიშნულ პროდუქციას მოპასუხე გამოიყენებდა სილოსის დასამზადებლად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სიმინდის ჩალი არანაკლებ 540 ტონა, მოპასუხისათვის უნდა გადაცემულიყო 2016 წლის 20 ოქტომბრიდან არაუგვიანებს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე.
მტკიცებულება: 09.08.2016 წლის ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
(ს.ფ. 35- 37)
3.1.2. და-----–----–---–---მა 2016 წლის 08 აგვისტოს შპს ,,ასპირია სიიდს''-ისაგან შეიძინა საქონელი- AS 13281, 60 ტომარა.
მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 135)
3.1.3. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი და-----–----–---–---ს შემკვეთისათვის არ გადაუცია, ხოლო შპს ,,გე-------ოს'' შეთანხმებული საზღაური არ გადაუხდია.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ და-----–----–---–---ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 412-ე, 414-ე, 992-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ზიანი წარმოიქმნება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არ არსებობის ფაქტს, ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულს და ზიანის მიმყენებელს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებას და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა თავის მხრივ, უნდა დაადასტუროს მის ქმედებაში
მართლწინააღმდეგობის და ბრალის არ არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 09 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად და-----–----–---–---ს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა სიმინდის ჩალი, არანაკლებ 60 %-იანი ტენიანობით, სიმინდი აღებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ტექნიკით, აღნიშნულ პროდუქციას მოპასუხე გამოიყენებდა სილოსის დასამზადებლად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სიმინდის ჩალი არანაკლებ 540 ტონა, მოპასუხისათვის უნდა გადაცემულიყო 2016 წლის 20 ოქტომბრიდან არაუგვიანებს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე. შემძენის მიერ გადახდა უნდა მომხდარიყო შესაბამისი მიღება-
ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით მოიყვანა პროდუქცია, თუმცა ვინაიდან შპს ,,გე-------ომ'' არ წაიღო სიმინდის ჩალი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, სტიქიური უბედურების შედეგად პროდუქტი გაიყინა და გაფუჭდა. შესაბამისად, მან ვერ მოახერხა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია და მიადგა ზიანი 27 000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, და-----–----–---–---ი ითხოვს რა ზიანის ანაზღაურებას, მან უნდა დაადასტუროს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, დაამტკიცოს ის გარემოებები რომლებზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მან უნდა დაადასტუროს, რომ მოიყვანა ,,ასპრია ას 13281'' წარმოების სიმინდი არანაკლებ 540 ტონა, 60 %-იანი ტენიანობით დათქმულ ვადაში, ასევე მიყენებული ზიანის მოცულობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ და-----–----–---–---ს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მან ნამდვილად შეასრულა ხელშეკრულების პირობები და მოიყვანა პროდუქცია განსაზღვრული პირობებით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა- ზა-------–------ემ და ის-------–---------მა, სასამართლოს ერთმანეთისაგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს და ვერც მათ დაადასტურეს თუ როდის, რა რაოდენობით მოვიდა მოსავალი, როდის მოხდა სტიქია და რა მოცულობის ზიანი მიადგა მხარეს, სასამართლო განმარატვს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მან შეასრულა, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ზიანის არსებობის უტყუარ მტკიცებულებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 810 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ახალსოფელი, საკადასტრო კოდით: 81.11.08.353.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს რუსთვის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 აპრილს მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. და-----–----–---–---ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,გე-------ო'-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,გე-------ოს'' სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ახალსოფელი, საკადასტრო კოდით: 81.11.08.353.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი