გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3--------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ა-–----------------------ა
წარმომადგენლები რ---–-----------ძე, რ--------------–---–ი
მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი ს-------- ლ--------
მესამე პირი შპს „ი-–----------------ი“
წარმომადგენელი უჩა ქ-----
მესამე პირი შპს „ა-–------ი“
წარმომადგენელი ა-----–------–-–---–ი
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს „ი-–----------------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. მესამე პირის - შპს „ა-–------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის №---------- განჩინებით ა-–----------------------ა წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. შპს „ი-–----------------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორს აეკრძალა შპს „ი-–----------------ის“ ქონებისა და ფულადი სახსრების განკარგვა (გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა) და ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციის განხორციელება პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე. აღნიშნული განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის №---------- განჩინება (ს.ფ. 49-53).
4.1.2. 2018 წლის 04 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცა შპს „ი-–----------------ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის №---------- განჩინების საფუძველზე აისახა ინფორმაცია ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ, შპს „ი-–----------------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორს ანზორ ალბრეხტის (პ/ნ 5----------) აეკრძალა შპს „ი-–----------------ის“ ქონებისა და ფულადი სახსრების განკარგვა (გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა) და ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციის განხორციელება პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 ივლისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 15-17).
4.1.3. 2018 წლის 04 ივლისს, შპს „ა-–------ს“ (შემსრულებელი) და შპს „ი-–----------------ს“ (შეკვეთი) შორის გაფორმდა ფინანსური შედარების აქტი №-------------, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 4 ივლისის მდგომარეობით მიღებულია 714,974.78 (შვიდას თოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი და 0,78) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო შპს „ი-–----------------ის“ დავალიანება შემსრულებელი კომპანია ა-–------ის მიმართ შეადგენს 202,344.98 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 ივლისის №------------- ფინანსური შედარების აქტი (ს.ფ. 61).
4.1.4. 2018 წლის 12 ივლისს შპს „ა-–------სმა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შპს „ა-–------სმა“ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა შპს „ა-–------სა“ და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2016 წლის 20 ნოემბრის №--------- ხელშეკრულებასა და მის №1 და №2 ცვლილებაზე, ასევე, მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 ივლისის №------------------ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 99-124).
4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინებით რესპოდენტ შპს „ი-–----------------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 12 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის შპს „ა-–------სის“ (ს/კ 2--------) განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს 202344.98 აშშ დოლარს და 100 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია 2018 წლის 15 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, 2016 წლის 20 ნოემბრის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მისი №1 და №2 დანართი. ამავე შეტყობინებით შპს „ი-–----------------ს“ მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის (17.04.2018წ. №1-------- სანოტარო აქტი) საფუძველზე, 2018 წლის 25 ივლისს ი----------------ს ჩაბარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება (ს.ფ. 134-135);
- უკუგზავნილი (ს.ფ. 137);
- 2017 წლის 04 აპრილის №1-------- სანოტარო აქტი (ს.ფ. 138-140).
4.1.6. 2018 წლის 14 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 202344.98 აშშ დოლარისა და 100 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „ა-–------ის“ მიმართ.
აღნიშნული ბრძანება 2018 წლის 24 აგვისტოს, შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, ი----------------ს ჩაბარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 141);
-უკუგზავნილი (ს.ფ. 142);
- რწმუნებულება (ს.ფ. 143).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–----------------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეების და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რამე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივლისს შპს „ა-–------სმა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შპს „ა-–------სმა“ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა შპს „ა-–------სა“ და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2016 წლის 20 ნოემბრის №--------- ხელშეკრულებასა და მის №1 და №2 ცვლილებაზე, ასევე, მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სასამართლო შეტყობინებისა და ჩაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის (17.04.2018წ. №1-------- სანოტარო აქტი) საფუძველზე, 2018 წლის 25 ივლისს ი----------------ს ჩაბარდა.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 202344.98 აშშ დოლარისა და 100 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „ა-–------ის“ მიმართ. აღნიშნული ბრძანება 2018 წლის 24 აგვისტოს, შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, ი----------------ს ჩაბარდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის №---------- განჩინების საფუძველზე შპს „ი-–----------------ის“ დირექტორს - არ გააჩნდა 2018 წლის 04 ივლისის №------------- აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება, არ არსებობდა 2018 წლის 14 აგვისტოს №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
7.2. სასამართლო მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლს, რომლის თანახმადაც, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპოდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე საკანონმდებლო აქტის 915 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას უპირველეს ყოვლისა ადგენს გააჩნია თუ არა აპლიკანტს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა რესპოდენტის მიმართ და აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს თუ არა ვადამოსულ ფულად ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინებაში, ასევე 2018 წლის 14 აგვისტოს №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აპლიკანტის მოთხოვნის და გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია 2018 წლის 15 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, 2016 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება და მისი №1 და №2 დანართი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ შპს „ა-–------ის“ განცხადების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას და აპლიკანტის მოთხოვნის დადასტურებისას აღსრულების ეროვნული ბიურო დაეყრდნო მტკიცებულებებს, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის №---------- განჩინების მიღებამდე, კერძოდ, შპს „ი-–----------------ის“ დირექტორისთვის პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციის განხორციელების აკრძალვამდე. ამასთან, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 15 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, 2016 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება და მისი №1 და №2 დანართი ხელმოწერილია შპს „ი-–----------------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ და არ გაუქმებულა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას, 2018 წლის 04 ივლისის ფინანსური შედარების №------------- აქტზე, აღსანიშნავია, რომ შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი ზემოაღნიშნული აქტი ასახავს სწორედ 2018 წლის 15 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის, 2016 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების და მისი №1 და №2 დანართის საფუძველზე წარმოშობილი და დადასტურებული დავალიანების ოდენობას 2018 წლის 4 ივლისის მდგომარეობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს მიღების აკრძალვას, ხოლო შპს „ა-–------ის“ მოთხოვნისა და 2018 წლის 14 აგვისტოს №------------------ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს მხოლოდ 2018 წლის 04 ივლისის ფინანსური შედარების №------------- აქტი არ წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის №---------- განჩინებით დადგენილი აკრძალვა გავლენას არ ახდენდა აპლიკანტის არსებულ მოთხოვნაზე, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „ა-–------ის“ განცხადების საფუძველზე გამარტივებული წარმოების დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ შპს „ი-–----------------ს“ კანონის შესაბამისად შედგენილი შეტყობინება მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2018 წლის 25 ივლისს ჩაბარდა. ამდენად, შპს „ი-–----------------ი“ უფლებამოსილი იყო, 2018 წლის 25 ივლისიდან 10 დღის ვადაში წარედგინა თავისი წერილობით პოზიცია შპს „ა-–------ის“ მოთხოვნაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. დასახელებულ ვადაში სააღსრულებო ბიუროსადმი მიმართვის განუხორციელებლობა კი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ანიჭებდა უფლებას გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ აპლიკანტის მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №------------------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მითითებული ნორმის საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის (№3--------) განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიება - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული შპს „ი-–----------------ის“ წინააღმდეგ №---------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №--------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა-–----------------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის (№3--------) განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიება - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული შპს „ი-–----------------ის“ წინააღმდეგ №---------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №--------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.
3. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.№6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია