განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი - შოთა ზალკალიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან-------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნი----–-----–---–-------ი
ბრალდებული - რა----------–----------------ე, დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სა----------------------------–--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, რუს---------------–--–------------------------------ში მდებარე მა--------–--ის საცხოვრებელ სახლში, რა-----------ემ ყოფილი მეუღლის - მა--------–--ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ეჭვიანობის ნიადაგზე, რა-----------ე მა--------–--ეს დაემუქრა, რომ მოკლავდა მას, ხოლო აღნიშნულის შედეგად მა--------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, რუს---------------–--–------------------------------ში მდებარე მა--------–--ის საცხოვრებელ სახლში, რა-----------ემ ყოფილი მეუღლის - მა--------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ხელების მრავალჯერადი დარტყმით მასზე განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ძალადობის განხორციელებას თან ესწრებოდა მათი საერთო შვილი - 6 წლის ნი----–-----------ე.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, რა-----------ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მა--------–--ემ და არასრულწლოვანმა მოწმემ ნი----–-----------ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმე გო--------–-–--ლმა განმარტა, იგი შეესწრო ჩხუბს რა-----------ესა და მა--------–--ეს შორის. მათ შორის იყო კონფლიქტი, კერძოდ, ხმამაღალი საუბარი, რის გამოც მან რა-----------ე გამოიყვანა გარეთ. როდესაც ლიფტში შევიდნენ რა-----------ეს ხელზე შეამჩნია სისხლი. ეს უკანასკნელი ინფიცირებულია და მას სურდა, რომ ხელი მალე დაებანა, რის გამოც მას (რა-----------ე) მალე დაშორდა. როდესაც ის შეესწრო კამათს მა--------–--ეს მისთვის დახმარება არ უთხოვია. ასეთი თხოვნის შემთხვევაში ის აუცილებლად დაეხმარებოდა მა--------–--ეს, ამ უკანასკნელმა მას მხოლოდ ის უთხრა, რომ რა-----------ე მას ახრჩობდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რა-----------ემ განმარტა, რომ აღიარებდა ბრალად შერაცხულ ქმედებას, თუმცა შემდეგ ჩვენებაში მიუთითა, რომ მას და მის მეუღლეს შორის იყო კამათი, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გადასულა. ხელის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, ის არ ახრჩობდა თავის მეუღლეს, მან არ იცის საიდან აქვს მას დაზიანებები. მათი არასრულწლოვანი შვილი სახლში მაშინ შევიდა, როდესაც კამათი მასსა და მა--------–--ეს შორის დასრულებული იყო. ყველაფერს ეთანხმება, არ სურს დეტალურად ისაუბროს ფაქტებზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. სასამართლო ცალკე ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულ რა-----------ის მიერ სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით. მან თავისი ჩვენება დაიწყო განცხადებით აღიარებასთან დაკავშირებით, მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედების აღიარების შესახებ, ბოლოს კი დაასრულა იმით, რომ არ სურდა დეტალურად ფაქტებზე საუბარი, თუმცა მანამდე მან თავის ჩვენებაში ყურადღება გაამახვილა უმნიშვნელოვანეს დეტალებზე, რაც გადამწყვეტია ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დასაკვალიფიცირებლად, კერძოდ, ბრალდებულმა რა-----------ემ კატეგორიულად გამორიცხა დაზარალებულზე ფიზიკური შეურაცხყოფა, უარყო მეუღლეზე ხელის დარტყმის და ყელზე ხელის მოჭერის - ,,დახრჩობის’’ ფაქტი, აღნიშნა, რომ არ იცის საიდან ჰქონდა დაზიანებები მის მეუღლეს, ხოლო მისი არასრულწლოვანი შვილი საერთოდ არ ესწრებოდა მათ კამათს და მივიდა, როდესაც კამათი მათ შორის (რა-----------ე, მა--------–--ე) დასრულებული იყო. ამდენად, რა-----------ე ჩვენებაში შეეხო შინაარსობრივ მხარეს და უარყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო მხოლოდ ფორმალური, ზოგადი და ზედაპირული განცხადება აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიღებული როგორც უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება. ამასთან, გამოძიებაში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკითხული არცერთი პირი არ არის თვითმხილველი მოწმე, ხოლო დაზარალებულმა მა--------–--ემ და არასრულწლოვანმა მოწმე ნი----–-----------ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული დასკვნა არ არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება დანაშაულის ჩამდენი სუბიექტის დასადგენად. ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. სადავო არ არის, რომ მა--------–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას (მა--------–--ე) აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სატელეფონო შეტყობინებაზე, რომლის მიხედვითაც რა-----------ე მოკვლით ემუქრება მა--------–--ეს. უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქმედების მოცემული მუხლით დასაკვალიფიცირებლად მნიშვნელოვანია შედეგი, ვინაიდან საქმე გვაქვს შედეგზე ორიენტირებულ დანაშაულთან, ანუ მთავარი არა ზოგადად მუქარის ფაქტია, არამედ ის, რომ ვისაც ემუქრებიან მან აღიქვას ეს ყველაფერი რეალურად და გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იმის გათვალისწინებით, რომ მუქარის ადრესატი (მა--------–--ე) არ ადასტურებს მის მიმართ განხორციელებული მუქარის აღქმის რეალობას, ქმედების ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირება შეუძლებელია. ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას რა-----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რა-----------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რა-----------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რა-----------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რა-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
რა-----------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ერთი დისკი - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი დარახველიძე