განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100118002543082
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ხელაძე,სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნა-----------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - თა--------–----ა,ბრალდებული - რა----------ან დაბადებული 19---–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები; ქ. თბილისი, ვ---------–------------–--------------------------------

 

თარჯიმანი - ირ-----------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 07 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–------------–----------------------–---------------------ში რა----------ანმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, არასრულწლოვანი შვილის ირ----------ის თანდასწრებით, მეუღლეს ლე--–--------ს სახის არეში მარცხენა მხარეს გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა, ხოლო შემდეგ ყბის მიდამოში ხელი მოუჭირა, აღნიშნულის შედეგად ლე--–--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 09 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–------------–-----------------------–---------------------ში რა----------ანმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ირ----------ის თანდასწრებით, მეუღლე ლე--–--------ი მოქაჩა თმებიდან და თავის არეში მარჯვენა მუშტი ერთხელ დაარტყა, რა დროსაც ლე--–--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, რა----------ანს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლე--–--------მა და მოწმე ირ----------მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე ბე--–-----------ამ განმარტა, რომ ის არ იცნობს ბრალდებულს, დაზარალებული კი გამოძახებაზე ნახა, მეწყვილესთან ერთად მივიდა, დაზარალებული მეზობელთან იმყოფებოდა, იგი აღელვებული იყო, ამბობდა, რომ მეუღლემ სცემა, წნევა ჰქონდა და ხელი ტკიოდა. მისამართზე მეზობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. იგი არ შესწრებია ჩხუბს.

 

მოწმე ცი–-------------–---–მა განმარტა, რომ მას შემოესმა ხმაურის ხმა, სიტყვები არ ესმოდა კონკრეტულად, კონფლიქტი ისმოდა, იმ საღამოს 9 ივნისს გაიგო შესაბამისი ხმა, ძალიან ძლიერი სიტყვიერი დაპირისპირების, ძლიერი ბრახუნის ხმა, რაღაც მძიმე საგნის დავარდნის, ამან გამოიწვია ეჭვი ზოგადად. გააღო კარი და დაინახა, რომ ლ---–- იყო თმა გაჩეჩილი, ყბის მიდამოში ნიკაპზე აღენიშნებოდა სილურჯე, მან შეიყვანა მასთან და დარეკა 1---ზე. მას ხშირად ესმოდა ნ--------ს ოჯახიდან კონფლიქტის ხმა. ლ---–- ამბობდა, რომ ქმარმა ცემა. კონკრეტული სიტყვები არ გაურჩევია, იყო ქალბატონის და მამაკაცის ხმა. ოჯახში არ ყოფილა, ლე--–--------ისგან და მისი შვილისგან გაიგო ძალადობის ფაქტი.

 

მოწმე ნ----–------------მ განმარტა, რომ ბრალდებულს პირადად არ იცნობს, არ ახსოვს მისამართი, ქალბატონი ლ---–- იმყოფებოდა მეზობელ ქალბატონებთან იძახდა მეუღლემ მცემაო, გაუწია სათანადო დახმარება, შესთავაზა საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. ორი დღის შემდეგ ის და მეორე ექიმი გამოიძახეს პოლიციაში და გამოკითხეს.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რა----------ანმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ცოლისთვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ ერთხელ, როდესაც მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა მისმა მეუღლემ ტემპერატურის საზომი ჩაიდო პირში და გადაყლაპვას აპირებდა, რა დროსაც მან მის მეუღლეს ყბის მიდამოში მოუჭირა ხელი, რათა მას პირი გაეღო. მანვე განმარტა, რომ მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი კამათი ჰქონდა ხოლმე, მასზე ფიზიკურად არასოდეს უძალადია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ვ---------–------------–-------------------------------–--

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 1--------- მოქ. ლე--–--------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარცხენა ქვედაყბის მიდამოში შუა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 2018 წლის 07 ივნისს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა,საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმეები - პოლიციის თანამშრომლები გი-------------ე და უჩ------–---–ი, ისევე როგორც სასწრაფო გამოძახების ექიმები, ნ----–------------, ბე--–-----------ა და მეზობელი ცი–-------------–---–ი ჩვენებებში უთითებენ, რომ ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ ფლობენ დაზარალებულისგან, თავის მხრივ, დაზარალებულმა ლე--–--------მა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველი) და მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა. საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან სასამართლოზე მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას რა----------ანის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულების აღქმის ნაწილში, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რადგან იგი უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. სადავო არ არის, რომ ლე--–--------ს აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას (ლე--–--------ი) აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია. ბრალდებული თავის ჩვენებაში უთითებს, რომ ხელი ყბის მიდამოში მას შემდგომ მოუჭირა, როდესაც დაზარალებულმა ტემპერატურის საზომი პირის ღრუში ჩაიდო, რითიც ის ცდილობდა ლე--–--------ის დაცვას მძიმე დაზიანებისგან, ხოლო რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის პოზიციას გააბათილებდა ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და ამ ოქმში დაზარალებულ ლე--–--------ის მიერ მიცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერება ზოგადად ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით. არ შეიძლება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებით ისეთი გარემოების მტკიცება, რაც მისი ბუნებიდან და შინაარსიდან არ გამომდინარეობს (საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირი ფლობს უნდა აისახოს გამოკითხვის ოქმში ან საგამოძიებო ექსპერიმენტში). შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია (დაზარალებულის განცხადება), სასამართლოს უფრო საგამოძიებო ექსპერიმენტს (მიღებული ინფორმაციის შემოწმება) აგონებს, ვიდრე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, თუმცა არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან (დაზარალებული, მოწმე) სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია (იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ან განმარტება) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეს უკანასკნელი იგივეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რა----------ანის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რა----------ანი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

რა----------ანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

რა----------ანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

მობილური ტელეფონი-დაუბრუნდეს მეპატრონეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე