განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/48-----
(გამოძიების №00----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი--------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლე----------–---–- (დაბადებული - 1------–--------------------------–----------–---------------------------------------–--------------------–-------------------–----------------------–------------–---3-ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ქორწინების იძულება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვა--------–-------------------------–----------------------ში არსებულ ნი-----------ის ბინა №---ში მივიდა ლე----------–---–-, რომელმაც დაიწყო ბინის კარზე ბრახუნი და ნი-----------ის მისამართით გინება, ლანძღვა და მუქარა, რომ თუ ცოლად არ გაჰყვებოდა მოკლავდა. კარის გაღების შემდეგ, ლე----------–---–- შევიდა სახლში და ნი-----------ეს კვლავ დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა თუ ცოლად არ გაჰყვებოდა. აღნიშნული ქმედებებით ლე----------–---–- ახორციელებდა ნი-----------ის ფსიქიკურ იძულებას, რათა დაეთანხმებინა ქორწინებაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ლე----------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ნი-----------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - თე---------------–---სკის, და-------------–---–ისა და მა-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 19 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და 2018 წლის 20 სექტემბრის დათვალიერების ოქმს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლე----------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქორწინების იძულება. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება - კანონის ფარგლებში იმოქმედოს შეხედულებისამებრ და ქორწინების საკითხზე საკუთარი ნების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. დანაშაული გამოიხატება: ა) პირის ფიზიკურ იძულებაში; ბ) პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს მოქმედება. ფსიქიკურ იძულებაში მოიაზრება მუქარა ან პირის თავისუფალ ნებაზე იმგვარი ფსიქიკური ზემოქმედება, რაც მისი ნამდვილი ნების მიუხედავად აიძულებს მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ პირზე დაქორწინების შესახებ. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანების, მოკვლის, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა. მიაღწევს თუ არა დამნაშავე დასახულ მიზანს დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, ლე----------–---–- ნი-----------ეს დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქორწინების იძულება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლე----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ლე----------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლე----------–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ლე----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ლე----------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ქორწინების იძულება, რაც საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ლე----------–---–- ნი-----------ეს მიუვარდა სახლში და დაემუქრა, რომ ყელს გამოსჭრიდა თუ მას ცოლად არ გაჰყვებოდა) ლე----------–---–-ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს,დაზარალებული ეიძულებინა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაჰყოლოდა მას ცოლად), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დაზარალებულის პოზიციას (ლე----------–---–-ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ლე----------–---–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლე----------–---–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. და 4.6. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ლე----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლე----------–---–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლე----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.
2. ლე----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი