განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100118002663725
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/45-----

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი--------------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - მი----–--------ი (დაბადებული - 1----–-–--------------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------------–-----------–-------–-----------------------------------------------------–---------------------–-------------------–---------------–-------------------------ში).

 

ადვოკატი - და--------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 20 აგვისტოს, ეთ-------------ე და მი----–--------ი იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ა. წე------–ის გამზირზე, „ექ-------------იას“ სა------------–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ეთ-------------ემ მი----–--------ს განუცხადა, რომ აღარ სურდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება, რის შემდგომაც, ეს უკანასკნელი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, განუცხადა, რომ „თუ დაშორდებოდა აუცილებლად მოკლავდა და მიყენებულ შეურაცხყოფას მისივე სისხლით ჩამოიბანდა’’, რაც ეთ-------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებით ეთ-------------ეს მიადგა მორალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მი----–--------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ეთ-------------ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - დი---------------ისა და ლე--------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 8 სექტემბრის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 10 სექტემბრის დათვალიერების ოქმსა და 2018 წლის 10 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მი----–--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მი----–--------ი ეთ-------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ეთ-------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მი----–--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც მი----–--------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მი----–--------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მი----–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის, მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (მი----–--------ი ეთ-------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მისი სისხლით ჩამოიბანდა შეურაცხყოფას. ბრალდებულის მხრიდან ეთ-------------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. მი----–--------ი დაზარალებულს მისი ინტიმური სურათების ოჯახის წევრებისათვის გაგზავნით აშანტაჟებდა თუ დაშორდებოდა, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარაში გადაიზარდა), მი----–--------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე, მყუდროება და დაეშინებინა), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი და არასრულწლოვანი შვილი), დაზარალებულის პოზიციას (ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია), მი----–--------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, იმ გარემოებას, რომ მი----–--------ის წარსული ცხოვრება მისი უარყოფითად შეფასების საშუალებას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მი----–--------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მი----–--------ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მი----–--------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მი----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. მი----–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. მი----–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 სექტემბრიდან.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მი----–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და ერთი ცალი სიმ ბარათი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი