განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორის – გ------- გ-----ის
ბრალდებულების – გ--- ბ----------ის და ზ---- ბ----------ის
ადვოკატის – მ------- ღ----–----ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– გ--- გ---ს ძე ბ----------ის, დაბადებულის 1--- წლის----------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ------–--–ი, თ------------------------------ კ--------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–ი, ლ------------ ქუჩა,------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
– ზ---- გ---ს ძე ბ----------ის, დაბადებულის 1--- წლის-------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების: ქ------–--–ი, ლ------------ ქუჩა,------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--- ბ----------ემ და ზ---- ბ----------ემ ჩაიდინეს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როცა არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით.
გ--- ბ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
გ--- ბ----------ისათვის ცნობილი იყო „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ფ-------------------- #--- ბრძანების 51-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდი, კერძოდ, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
2013 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, გ--- ბ----------ემ დანაშაულებრივად განიზრახა ხსენებული საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, საკუთარ სახელზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით შემოტანილ საქონელზე არ გადაეხადა სახელმწიფო გადასახადები და მოტყუებით მიეღო სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტისა და დღგ-ს გადასახადების თანხა, მის მფლობელობაში არსებული ფირმების სახელით შემოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულების 18% და 12%.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ--- ბ----------ემ 2013 წლის----------ს და 2014 წლის-------–-- თვეებში საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა 2 (ორი) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). ხსენებული კომპანიების გამოყენებით, მის მიერ წინასწარ მოფიქრებული გეგმის თანახმად, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მიეღო იმპორტისა და დღგ-ს გადასახადების თანხა, 2013 წლის დეკემბრისა და 2014 წლის მაისის თვეებში, 5 ეტაპად შემოტანილ იქნა 241 349 ლარის სატარიფო ღირებულების ბიტუმი, ქიშმიში და ფინიკი, რომლის განბაჟების შედეგად წარმოშობილი იმპორტის გადასახდელმა თანხამ საერთო ჯამში შეადგინა 50 229 ლარი. გ--- ბ----------ემ, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და განზრახვით, არ გადაიხადა სახელმწიფო გადასახადები, ხოლო მის მფლობელობაში არსებული ფირმების წინასწარ განზრახული გადახდისუუნარობის გამო ვერ მოხერხდა დარიცხული გადასახადების იძულებითი ამოღება. აღნიშნული ქმედებით კი სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ე.ი. გ--- ბ----------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ზ---- ბ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ზ---- ბ----------ისათვის ცნობილი იყო „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ფ-------------------- #--- ბრძანების 51-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდი, კერძოდ, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
2013 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ზ---- ბ----------ემ დანაშაულებრივად განიზრახა ხსენებული საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, საკუთარ სახელზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით შემოტანილ საქონელზე არ გადაეხადა სახელმწიფო გადასახადები და მოტყუებით მიეღო სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტისა და დღგ-ს გადასახადების თანხა, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფირმების სახელით შემოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულების 18% და 12%.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ზ---- ბ----------ემ 2013 წლის განმავლობაში საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა 2 (ორი) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და ასევე, დანაშაულებრივი მიზნით გამოიყენა ადრეულ პერიოდში დაფუძნებული სააქციო საზოგადოება სს „-–-------“, რომლის დირექტორიც იყო თავად. ხსენებული კომპანიების გამოყენებით, მის მიერ წინასწარ მოფიქრებული გეგმის თანახმად, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მიეღო იმპორტისა და დღგ-ს გადასახადების თანხა, 2013 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში, 6 ეტაპად შემოტანილ იქნა 331 772 ლარის სატარიფო ღირებულების ბიტუმი, ქიშმიში და ფინიკი, რომლის განბაჟების შედეგად წარმოშობილი იმპორტის გადასახდელმა თანხამ საერთო ჯამში შეადგინა 86 337 ლარი. ზ---- ბ----------ემ, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და განზრახვით, არ გადაიხადა სახელმწიფო გადასახადები, ხოლო მის მფლობელობაში არსებული ფირმების წინასწარ განზრახული გადახდისუუნარობის გამო, ვერ ხერხდებოდა დარიცხული გადასახადების იძულებითი ამოღება. აღნიშნული ქმედებით კი სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ე.ი. ზ---- ბ----------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ--- ბ----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა დაადასტურა სახელმწიფოს მიმართ დავალიანების სახით - ჯამში 50 229 ლარის არსებობა და განმარტა, რომ 2012-2013 წლებში გადაწყვიტა ბიზნეს–საქმიანობა ეწარმოებინა ი------– პარტნიორებთან, რის გამოც დააფუძნა ორი კომპანია: 2013 წელს - შპს „--------------, ხოლო 2014 წელს - შპს „----------. მან ირანის რ-------–---დან სხვადასხვა დროს რამდენიმე ეტაპად შემოიტანა ბიტუმი, ქიშმიში და ფინიკი, რომლის რეალიზაციაც მოახდინა და კომპანიების საქმიანობაც იყო მომგებიანი, თუმცა იმის გამო, რომ უნდოდა ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვება, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - დაახლოებით 140 000 აშშ დოლარი, საქონლის შემომტანი მძღოლების მეშვეობით, გაუგზავნა ი------– პარტნიორებს საქონლის ახალი შეკვეთის გამოსაგზავნად, ვინაიდან ირანთან არ არსებობდა საბანკო გადარიცხვები, თუმცა, იმის გამო, რომ ი------–ი პარტნიორების მიერ თავად იქნა მოტყუებული (არც საქონელი გამოუგზავნეს და არც თანხა დაუბრუნეს), მან ვეღარ შეძლო სახელმწიფო გადასახადების გადახდა. ბრალდებულის თქმით, მან არ იცის არც თანხის წამღები მძღოლების და არც ი------–ი პარტნიორების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ამასთან, თანხის გაგზავნასა და ი-----დან საქონლის მიუღებლობასთან დაკავშირებით რეაგირებისათვის სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ---- ბ----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა მანაც დაადასტურა სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა - ჯამში 86 337 ლარის ოდენობით და განმარტა, რომ ი------– პარტნიორებთან ბიზნეს-საქმიანობის საწარმოებლად დააფუძნა ორი კომპანია: შპს „ი---------“ და შპს „-----------“, ასევე მის მფლობელობაში იყო მესამე კომპანია სს „-–-------“. მან ი-----ს რ-------–---დან სხვადასხვა დროს რამდენიმე ეტაპად შემოიტანა ბიტუმი, ქიშმიში და ფინიკი, ისარგებლა ხუთდღიანი საშეღავათო პერიოდით და არ გადაიხადა იმპორტისა და დღგ-ს გადასახადი, ვინაიდან ფიქრობდა, რომ გადასახდელი თანხით კვლავ შემოიტანდა საქონელს და შემდეგ ერთიანად გადაიხდიდა სახელმწიფო გადასახადებს. საქონლის ახალი შეკვეთის შესაძენად თანხა გაატანა საქონლის შემომტან მძღოლებს, თუმცა არც საქონელი ჩამოსვლია და არც თანხა დაუბრუნებიათ. ზ---- ბ----------ის თქმით, იგი თავად იქნა მოტყუებული ი------–ი პარტნიორების მხრიდან, რის გამოც ვერ შეძლო სახელმწიფო გადასახადების გადახდა. მან არ იცის არც თანხის წამღები მძღოლების და არც ი------–ი პარტნიორების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ამასთან, მას თანხის გაგზავნასა და ი-----დან საქონლის მიუღებლობასთან დაკავშირებით, რეაგირებისათვის სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მართალია ახალი შეკვეთის შემოტანას 10 დღეზე მეტი სჭიდებოდა, მაგრამ იგი ფიქრობდა, რომ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ჯარიმებს გადაიხდიდა. რაც შეეხება მეორე კომპანიის დაფუძნების მიზანს, ზ---- ბ----------ის თქმით, პირველი კომპანიის სახელზე საქონლის გამოგზავნის შემთხვევაში იყო რისკი, რომ დავალიანების გამო გამოგზავნილი საქონელი დაყადაღდებოდა.
მიუხედავად ბრალდებულების პოზიციისა მათი უდანაშაულობის შესახებ, გ--- ბ----------ის და ზ---- ბ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – ბ------ ჩ-----–----, რომელმაც განმარტა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფ-------------------- #--- ბრძანების შესაბამისად, იმპორტისა და დღგ-ს გადასახადების გადასახდელად გ--- ბ----------ეს და ზ---- ბ----------ეს ჰქონდათ 5 დღიანი საშეღავათო პერიოდი, თუმცა მათ არ გადაიხადეს სახელმწიფო გადასახადები და მოტყუებით მიიღეს სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტისა და დღგ-ს გადასახადების თანხა - მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფირმების სახელით შემოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულების 18% და 12%, რის შედეგადაც გ--- ბ----------ის მიერ განზრახ არ გადახდილმა თანხამ შეადგინა ჯამში - 50 229 ლარი, ხოლო ზ---- ბ----------ის მიერ განზრახ არ გადახდილმა თანხამ ჯამში - 86 337 ლარი. დაზარალებულის წარმომადგენელმა მოითხოვა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე - გ---- ა------–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–--------------------------–ის თანამდებობაზე. მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში, საგადასახადო მონაცემთა ბაზების დამუშავების შედეგად გ--- ბ----------ისა და ზ---- ბ----------ის ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, რის გამოც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე - ბ------- ი----–---–მა განმარტა, რომ იგი არის შპს „-----------------“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბაკალეის - ბურღულეულის, ქიშმიშის, ფინიკის და სხვა პროდუქტების საბითუმო რეალიზაცია. 2014 წლის დასაწყისში მათი კომპანიის მიერ შპს „-------------სგან შეძენილ იქნა ქიშმიში, რომლის ღირებულებაც ნაწილ-ნაწილ გადაიხადა დაახლოებით ერთი თვის ვადაში. მოწმეს წარედგინა 2014 წლის 13 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაადასტურა მასში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა.
სასამართლოს დასკვნა გ--- ბ----------ის და ზ---- ბ----------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა განხილული მტკიცებულებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ე------ ს------ას, ა-------- ჭ------ის, ც----- გ-------–---–ის, ვ----------–----------–-------ის და ო-–-----------–-–---–ის დაკითხვის ოქმებს, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების დათვალიერების ოქმებს და თანდართულ მასალებს, საბაჟო დეკლარაციებს და თანდართულ მასალებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერებს, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმებს, კომერციული საბანკო დაწესებულებებიდან ამოღებულ ინფორმაციას და საქართველოს ფ-------------------- 2----–-–---------–---ს #--- ბრძანებას.
ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ გ--- ბ----------ემ და ზ---- ბ----------ემ ჩაიდინეს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გ--- ბ----------ის და ზ---- ბ----------ის მიერ თავიანთ სახელზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ი-----ს რ-------–---დან საქართველოში სხვადასხვა დასახელების საქონლის სხვადასხვა დროს შემოტანის ნამდვილობას, იმპორტისა და დღგ-ს გადასახადის გადახდაზე 5 დღიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას, შემდეგ აღნიშნული დეკლარირებული საქონლის რეალიზაციას და გარკვეული სარგებლის მიღებასაც, ასევე იმ ფაქტს, რომ მათ აღნიშნულ 5 დღიან საშეღავათო პერიოდში და მას მერე არ გადაუხდიათ იმპორტისა და დღგ-ს გადასახადები, რაც გ--- ბ----------ის შემთხვევაში საერთო ჯამში შეადგენს - 50 229 ლარს, ხოლო ზ---- ბ----------ის შემთხვევაში - საერთო ჯამში შეადგენს - 86 337 ლარს, თუმცა, დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეული იყო არა ბრალდებულების მხრიდან მოტყუებითა და სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების სურვილით, არამედ ი-----ს მხარის მიერ თავად ბრალდებულების მოტყუებით, კერძოდ, იმის გამო, რომ ი-----ს რესპუბლიკაში არ ხდებოდა საბანკო გადარიცხვები, საქონლის შესაძენად თანხა ხელზე გაატანეს საქონლის შემომტან მძღოლებს, თუმცა მათ არც საქონელი მიუღიათ და არც თანხა დაბრუნებიათ, რის გამოც მათ ფიზიკურად ვეღარ შეძლეს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე თვლის, რომ ეს არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა, შესაბამისად, გ--- ბ----------ისა და ზ---- ბ----------ის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამის გამო ისინი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ, რასაც სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს გ--- ბ----------ისა და ზ---- ბ----------ის მხრიდან წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით მიზნად დასახულ გადასახადების გადაუხდელობასთან, რომელიც განხორციელდა მოტყუებით, კერძოდ, ბრალდებულებმა წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით შემოიტანეს სხვადასხვა დასახელების საქონელი, ისარგებლეს იმპორტის გადასახადის გადახდისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდით, თუმცა აღნიშნული საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ არ გადაიხადეს მათთვის კანონით დაწესებული სახელმწიფო გადასახადები, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა მომგებიან ფასად მოახდინეს შემოტანილი საქონლის რეალიზაცია და მიიღეს გარკვეული სარგებელი.
მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური მუხლი - 218-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას, როდესაც პირი არ იხდის კანონით მისთვის დაწესებული გადასახადის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უბრალოდ გადასახადებისათვის თავის არიდებასთან, არამედ მოტყუების გზით სახელმწიფო გადასახადების გადაუხდელობასთან, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა ქონებრივი ზიანი მიუღებელი შემოსავალის სახით. მოცემულ შემთხვევაში გ--- ბ----------ისა და ზ---- ბ----------ის მხრიდან გადასახადების გადაუხდელობა მოხდა მოტყუების გზით, რომელიც განხორციელდა ისეთი სქემით, როგორიცაა ახალი კომპანიების გახსნა, რათა მანამდე არსებული კომპანიებისათვის თავიდან აცილებულიყო ქონებრივი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ვერ განხორციელებულიყო გადასახადების გადაუხდელობის სანაცვლოდ გარკვეული იძულებითი ღონისძიებების გატარება, რაც მიუთითებს სწორედ განზრახ დანაშაულზე და გადასახადების მიზანმიმართულ გადაუხდელობაზე წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, შესაბამისად, გ--- ბ----------ისა და ზ---- ბ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების კვალიფიკაცია სწორია და მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა აგონ პასუხი.
სასამართლოსათვის არასარწმუნოა ბრალდებულების მიერ მოშველიებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მათ სოლიდური თანხები ხელზე გაატანეს მათთვის უცნობ პირებს ასევე უცნობი ბიზნეს–პარტნიორებისთვის გადასაცემად, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად ისარგებლეს ამ ფაქტით და აღარც საქონელი გამოუგზავნეს და აღარც თანხა დაუბრუნეს უკან, რის გამოც ბრალდებულებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები და ამან განაპირობა გადასახადების გადაუხდელობა. ამ ვერსიის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს ბრალდებულთა მიერ მოფიქრებული სქემა, რომლის მიხედვით იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული სარგებლის მიუხედავად ისინი არ იხდიდნენ გადასახადებს და მომავალშიც ამ ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით ქმნიდნენ ახალ კომპანიებს, რომელთა სახელზე იმპორტის განხორციელება გამორიცხავდა მანამდე არსებული ვალდებულებების გამო ყადაღის დადების ან სხვა იძულებითი ღონისძიებების გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მატერიალური პრობლემების გამო გადასახადების გადაუხდელობის ნამდვილობას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და მის შედეგს, ბრალდებულთა პიროვნებას, მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ გ--- ბ----------ე და ზ---- ბ----------ე არ არიან ნასამართლევები, ადასტურებენ სახელმწიფოს წინაშე დავალიანების ქონას. ამასთან, მართალია სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი დღემდე ანაზღაურებული არ არის, თუმცა მათი მხრიდან ზიანის ანაზღაურებისაკენ მისწრაფებას და ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასჯელის დანიშვნისას.
გ--- ბ----------ისა და ზ---- ბ----------ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაული უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ მსჯელობს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლაზე, რამდენადაც ბრალდებულები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ დანაშაულს და ასევე, სახეზეა განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით გ--- ბ----------ეს და ზ---- ბ----------ეს უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- ბ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გ--- ბ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2014 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 8 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. გაუქმდეს გ--- ბ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ზ---- ბ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ზ---- ბ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2014 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 8 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. გაუქმდეს ზ---- ბ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
7. სს „ს----------–-------------“, სს „თ----------------ნ“, სს „ლ----------------ან“, სს „------------------------დან“ და სს „ბ-------------ან“ ამოღებული საბანკო ინფორმაცია, განთავსებული 5 (ხუთი) ცალ ელექტრონულ დისკზე და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ს----------------------–------ მიღებული ინფორმაცია, განთავსებული 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი