განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - იგ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ--- ი----- ძე გუ-----ე - დაბადებული 19-- წლის 4-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ავ-----–-----–-- N2-----------;
ადვოკატი - ა---- ჯა---–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 აპრილს დაახლოებით 19:30 საათზე ქუთაისში ირ---–-----–---ს გამზირზე ბ--- გუ-----ემ მისი მართვის ქვეშ არსებულ „ნ-------–-----“ მოდელის სანომრე ნიშნით O------ ავტომობილით ავტოქარხნის მიმართულებით, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ არ გაითვალისწინა საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა.) რათა საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ დაახლოებით 49 მეტრის მანძილიდან ქვეითთა გადასასვლელზე შენიშნა რა მარჯვნიდან მარცხნივ 6,3 მეტრში საგზაო მოძრაობის წესების 24.7 (ა) და 24.8 მუხლების დარღვევით მოძრავი ქვეითი ნ--------------, არ მიუღია ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომ შეემცირებინა სიჩქარე და ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში არ გაუჩერებია სატრანსპორტო საშუალება, მაშინ როცა მოცემულ სიტუაციაში მას სრული შესაძლებლობა ქონდა 19 მეტრში სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების და ავტომობილი შეაჯახა ქვეით ნ--------------ს, რომელიც მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მძიმე ხარისხის დაზიანებებით - ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით 2018 წლის 10 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტომასალა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტრასოლოგიური ექპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერის ამოღების ოქმი, მოსამართლის განჩინება იძულებითი ღონისძიების გამოყენების კანონიერად ცნობის შესახებ, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეოჩანაწერი, ბ--- გუ-----ის გამოკითხვის ოქმი, გუ-–-------------ის გამოკითხვის ოქმი, ზუ-----------–------ის გამოკითხვის ოქმი) ერთობლიობა ბ--- გუ-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ--- გუ-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბ--- გუ-----ემ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნა და ავტომობილი შეაჯახა ქვეით ნ--------------ს. რომელიც მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მძიმე ხარისხის დაზიანებებით 2018 წლის 10 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, ბ--- გუ-----ის ქმედება - მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ნ-------------ის სიცოცხლის მოსპობასთან. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--- გუ-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სასამართლო ითვალისწინებს ბ--- გუ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, წარსულში არ არის ნასამართლევი, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს - არის დასაქმებული სადისტრიბუციო კომპანიაში მძღოლად, დაოჯახებულია. სასამართლო ასევე, ითვალისწინებს, რომ ბ--- გუ-----ე წლის განმავლობაში გამოვლენილია საპატრულო პოლიციის მიერ ოთხი საგზაო დარღვევისათვის, სასამართლო ასევე, ითვალისწინებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას, რომელსაც პრეტენზია გააჩნია ბრალდებულთან და ითხოვს მის მკაცრად დასჯას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, დაცვის მხარის პოზიცია, ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების შესახებ და თვლის, რომ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებიდან, ხასიათიდან (ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული), სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად ბ--- გუ-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის ფოტომასალა CD დისკზე და ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა ,,ნი---------–---ი’’ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ--- გუ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ--- გუ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბ--- გუ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება:
შემთხვევის ადგილის ფოტომასალა CD დისკზე და ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა ,,ნი---------–---ი’’ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური