გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
140210118002268566
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210118002268566

საქმე № 2/99-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - ქ----------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ტ-------------ე

მოპასუხე - მ-----–---------ე

წარმომადგენელი - ნ----------------ე

 

დავის საგანი: ვალდებულების შესრულებულად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

2012 წლის 06 თებერვალს სესხის ხელწერილით ნაკისრი ვალდებულებიდან აღიარებულ იქნეს 4808 აშშ დოლარი გადახდილად და მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ განისაზღვროს 866 აშშ დოლარით.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 06 თებერვალს მ-----–---------ემ ქ----------------–---–ის ლომბარდის საშუალებით 11 ფიზიკურ პირზე გაასესხა 6500 აშშ დოლარი, რაზედაც გაიცა ხელწერილი. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფის მიზნით მ-----–---------ეს გადასცა ხელწერილში მითითებული მოქალაქეების გენერალური მინდობილობები და სახელფასო ბარათები, რომელთა საშუალებითაც მ-----–---------ე ბანკიდან იღებდა თანხას და იკმაყოფილებდა მოთხოვნებს. 2013 წლის 07 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ქ----------------–---–ს მ-----–---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის და 6500 აშშ დოლარის გადახდა, რასაც საფუძვლად დაედო 2012 წლის 6 თებერვალს შედგენილი ხელწერილი. მოსარჩელის განმარტებით მას მოპასუხისათვის 2012 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით გადახდილი ჰქონდა 4808 აშშ დოლარი, თუმცა იმის გამო რომ დააგვიანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში პროტესტის წარდგენა, დაეკისრა 6500 აშშ დოლარის გადახდა. გარდა ამისა მ-----–---------ის ანგარიშზე გადარიცხულია 640 და 1040.7 ლარი. როგორც მოსარჩელე მიუთითებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებლო ბიუროს წერილებით დადგენილია რომ მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენდა 5674.74 აშშ დოლარს და 100 ლარს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხისათვის ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილით მისგან, 10%-ანი სარგებლით ისესხა 6500 აშშ დოლარი. მოსარჩელე იხდიდა მხოლოდ პროცენტს, ხოლო ძირი თანხა მას არ გადაუხდია. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხე მიუთითებს რომ მოპასუხეს არ სურს ნაკისრი ვალდებულებები შესრულება და ცდილობს თავი აარიდოს თანხის გადახდას.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხე თავიდან იხდიდა პროცენტს, შემდეგ რომ ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, 1500 აშშ დოლარი, რომელიც სარგებელი იყო ჩაუთვალა ძირ თანხაში, თუმცა შემდეგ მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, თანხის გადაუხდელობის გამო, მან აღსრულება მოითხოვა 6500 აშშ დოლარზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელემ 2012 წლის 06 თებერვალს მოპასუხისაგან ისესხა 6500 დოლარი ყოვეთვიური 10% სარგებლით.

 

მტკიცებულება:

 

- მხარეთა შორის 2012 წლის 06 თებერვალს გაფორმებული ხელწერილი

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2012 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ქ----------------–---–სა და მ-----–---------ეს შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ძირი თანხა განისაზღვრა 5000 აშშ დოლარით, რის შემდეგაც ქ----------------–---–ის მხრიდან გაგრძელდა სარგებლის გადახდა და 2012 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით სესხის ძირი თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს.

 

მტკიცებულება:

 

- მოპასუხის ახსნა - განმარტება;

- მ-----–---------ის ხელწერილები;

- ქ----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი რვეულის 69-ე ფურცლის მე-2 გვერდი;

- 05.09.2012 წლის შსს გორის რაიონული სამმართველოში ქ----------------–---–თან გასაუბრების ოქმი.

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ ვალდებულება მოპასუხის წინაშე არ არის შესრულებული.

 

მტკიცებულება:

 

- მოპასუხის ახსნა - განმარტება;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.01.2013 წ. №130174/11376 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 7.02.2013 წ. № 130174/12860 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.01.2013 წ. № 130174/11376 შეტყობინების მიხედვით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქ----------------–---–ს აცნობა, რომ 2013 წლის 14 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აპლიკანტ მ-----–---------ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ და მ-----–---------ის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 6500 აშშ დოლარს. აღნიშნული შეტყობინება ქ----------------–---–ს პირადად ჩაბარდა 2013 წლის 26 იანვარს.

 

დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 7.02.2013 წ. № 130174/12860 ბრძანების მიხედვით, ვინაიდან რესპოდენტის მიერ არ განხორციელებულა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი, ქ----------------–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 100 ლარის და 600 აშშ დოლარის ოდენობით მაყვალა ძაბახიშის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 623-625-ე მუხლებით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 06 თებერვალს მ-----–---------ესა და ქ----------------–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 6500 აშშ დოლარი ყოველთვიური 10% სარგებლით.

 

აღსანიშნავია ის გარეობა, რომ მხარეებს შორის სესხის შესახებ ხელწერილის კანონიერება სადავო არ გამხდარა, ასევე სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მსესხებელი, ქ----------------–---–ი იხდიდა სარგებელს და ასევე ძირითადი თანხიდან 6500 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს 1500 აშშ დოლარი. მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მან, გარდა 1500 აშშ დოლარისა, რომელსაც თავად მოპასუხეც აღიარებს, გამარტივებული წარმოების დაწყებამდე გადახდილი აქვს 4808 აშშ დოლარი.

 

6.5. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება), ხოლო ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

6.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასაწრ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხე თავის ახსნა - განმარტებით და აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს № 130174/12860 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე ქ----------------–---–ს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის და 100 ლარის გადახდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს სააღსრულებლო წარმოების დროს პრეტენზია არ წარუდგენია. ამასთან, ამ ბრძანებაში შესასრულებელი ვალდებულებიდან არ არის განსაზღვრული 6500 აშშ დოლარი მხოლოდ ძირი თანხაა თუ გადაუხდელ სარგებელსაც მოიცავს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ 2012 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით ნაწარმოები ჩანაწერებით დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხეს უხდიდა ყოველთვიურ სარგებელს, ხოლო ივლისის თვეში გადაუხადა ძირი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ჩანაწერიდან ჩანს, რომ სესხის ძირ თანხას საერთო ჯამში გამოაკლდა 1500 აშშ დოლარი, მოპასუხე აგრეთვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 5000 აშშ დოლარს, თუმცა მოსარჩელეს (მსესხებელს) მისთვის არც ძირი თანხა დაუბრუნებია, არც სარგებელი გადაუხდია და არც ხელშეკრულება შეუწყვეტიათ. აღნიშნულ გარემოებასთან დაკვშირებით სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მხარის მიერ წარმოდგენილ ქ----------------–---–თან გასაუბრების ოქმის შინაარსზე, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომელშიც ქ----------------–---–ი 2012 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით მიუთითებს, რომ მ-----–---------ისათვის გადასახდელი აქვს 5000 აშშ დოლარი და ვინაიდან ერთიანი თანხა არ აქვს, მ-----–---------ეს სამი თვის ვადაში ეტაპობრივად დაუფარავს.

 

გარდა ზემოთ მითითებული გარემებებისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარის მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2013 წლის 28 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქ----------------–---–ის სარჩელი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაბაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბრძანება კანონიერი იყო.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ----------------–---–ის სამოქალაქო სარჩელი მ-----–---------ის მიმართ ვალდებულების შესრულებულად აღიარების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 413 ლარი, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარრჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ქ----------------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 07.02.2013 წ. გაცემული №130174/12860 გადახდევინების ბრძანების საფუძველზე დაწყებული №A13008758 სააღსრულებო საქმის წარმოება. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ქ----------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მ-----–---------ის მიმართ, ვალდებულების შესრულებულად აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 07.02.2013 წ. გაცემული №130174/12860 გადახდევინების ბრძანების საფუძველზე დაწყებული №A13008758 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი