გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/8828-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - შპს ,,ე------------ი’’
მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - -ხ-----------–--------–ი
მესამე პირი-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბა--------------ე
დავის საგანი -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილდ იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის N---- განკარგულება ,,შპს ,,ე------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’.
მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, სასამართლოსათვის ასევე უცნობია პროცესზე გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 31 ივლისს შპს ,,ე------------მა’’ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 ივლისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომიიის N- სხდომის ოქმის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ე------------ის’’ დისკვალიფიკაცია.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლი 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ე------------ის’’ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემსყიდველ ორგანიზაციას დაევლა 2017 წლის 25 ივლისის N- სხდომი ოქმით მიღებული გადაწყვეილების გადასინჯვა და პრეტენდენტის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შაფასება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით. სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N- სხდომის ოქმით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ე------------ი’’ და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ჯ--------მა’’ 2017 წლის 21 აგვისტოს გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავბის განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ--------კის’’ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა 2017 წლის 18 აგვისტოს N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და პრეტენდენტის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომიიის N- სხდომის ოქმის (ს.ფ. 69-70)
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლი 11 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 90-94)
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომიიის 2017 წლის 18 აგვისტოს N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 73-74)
-საჩივარი ND--------------------) (s.f. 95-96)
-სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ჯ--------კი’’ მიერ წარმოდგენილ D-------------- საჩივართან დაკავშირებით (.ფ. 116-120)
4.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომიიის სატენდერო კომისიის 2017 წლის 15 სექტემბრის N- სხდომის ოქმის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასების ცხრილის (დანართი N1) პირველი და მესამე პოზიციებზე შემოთავაზებული ატრაქციონების (მოდელები: M------- და M------) თურქულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატების (ესკიზები N1 და N-) ნომრები (N----------------), ასევე შემადგენლობა იყო ერთმანეთის იდენტური. ამასთან, წარდგენილი სერტიფიკატების გამცემი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ------------- გადამოწმების შედეგად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაადგინა, ფასების ცხრილის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პოზიციებზე წარმოდგენილი სერტიფიკატები გაცემულია სხვა კოდების მქონე სხვა პროდუქტებზე (M------, M------------------------). აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუქტის საფუძველზე, შპს ,,ე------------ს’’ მიეცა დისკვალიფიკცია ხელშეკრულების დადებს უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სატენდერო კომიიის სატენდერო კომისიის 2017 წლის 15 სექტემბრის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 75-76)
-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 21 სექტემბრის N0----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 77-81)
4.3. სახელმწიფო შესყიდვები სააგენტოში 2017 წლის 21 და 26 სექტემბერს წარდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N1-------------- წერილობითი შეტყობინება და 2016 წლის 26 სექტემბრის N1------------ დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის N8---), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა N------------ ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის -შპს ,,ე------------ის’’ დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. შპს ,,ე------------ს’’ სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ------------ მეშვეობით, 2017 წლის 27 სექტემბრის N4--- წერილით აცნობა შემსყიდველი ორგანიზაციის შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტებების წარდგენა.
2017 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,ე------------მა’’ წარადგინა 2017 წლის 2 ოქტომბრის N4-- განმარტება (რეგისტრაციის 9---) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო მისი დისკვალიფიკაციის თაობაზე. პრეტენდენტის წერილობითი განმარტებით თანახმად, მის მიერ წარდგენილი სერტიფიკატების სინამდვილის დადასტურების მიზნით, მან მიმართა პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სერტიფიკატები, ტექნიკური შეცდომი გამო, წარდგენილია არასწორად (პრეტენდენის განმარტების შესაბამისად, იი აღნიშნულთან დაკავშირებით ელოდებოდა მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ წერილს). იმის გთვალისწინებით, რომ პრეტენდენტი ინფორმირებული არ იყო აღნიშნულის შესახებ და მწარმოებელი კომპანია თავად იღებდა პასუხისმგებლობას შეცდომაზე, მან ითხოვა, რომ არ დარეგისტრირებულიყო შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-,,პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიცპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N1------------- შეტყობინება (ს.ფ. 128-131)
-,,პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიცპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N1------------- შეტყობინება (ს.ფ. 132-133)
-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 სექტემბრის N4--- წერილი (ს.ფ. 126-127)
4.4. სახელმწიფო შესყუდვებს სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ნოემბრის N---- განკარგულებით შპს ,,ე------------ი 2017 წლის 21 ნოემბრიდან დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო შესყიდვებს სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ნოემბრის N---- განკარგულება (ს.ფ. 121-125)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ე------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი მოქმედი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’ (ძალადაკარგულია 2017 წლის 19 ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 06/14/2017 N 12 ბრძანებით), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავის სიის წარმოების წესი და პირობები''
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,ე------------ის’’ შავ სიაში დარეგიტრირების შესახებ’’ 2017 წლის 20 ნოემბრის N---- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტების მიმართ ისეთი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, რომელიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, დაუსაბუთებლად და არათანაზომიერად არ შეზღუდავს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციაში მონაწილეობის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაცია, გამომდინარეობდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა, ხოლო ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შავი სიის წარმოება წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას.
7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავის სიის წარმოების წესსა და პირობებზე'', რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. მასში მითითებულია, რომ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
მითითებული წესისა და პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
ამავე წესისა და პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხის და მესამე პირის ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რადგან მის მიერ წადგენილი ფასების ცხრილის (დანართი N1) პირველ და მესამე პოზიციებზე შემოთავაზებული ატრაქციონების (მოდელები M------- და M------) თურქულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატების (ესკიზები N1 და N-) ნომრები (N---------------), ასევე შემადენლობა იყო ერთმანეთის იდენტური. ამასთან, წარდგენილი სერტიფიკატების გამცემი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ------------- გადამოწმების შედეგად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ფასების ცხრილის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პოზიციებზე წარმოდგენილი სერტიფიკატები გაცემულია სხვა კოდების მქონე სხვა პროდუქტებზე (M------, M------------------------). აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო შესყიდვები სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ (2017 წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტს საფუძველზე, შპს ე------------ს’’ მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები კი ადგენს, რომ წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით (2017 წლის 19 ილისამდე მოქმედი რედაქცია) შპს ,,ე------------ს’’ მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ პრეტენდენტს მიუხედავად იმისა, რომ მან განმარტებაში მიუთითა სერტიფიკატების სისწორის დამადასტურებელი ოფიციალური წერილის წარმოდგენასთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავდა მის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მას მიეცა დისკვალიფიკაცია, გაესაჩივრებინა დავების განხილვის საბჭოში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავის სიის წარმოების წესისა და პირობებით’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისად, ვინაიდან დგინდება, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში. ამდენად, სახეზეა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი