გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2019
საქმის ნომერი
140310019002832901
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002832901

საქმე № 3/14-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ

5 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე: ხ----- ტ---------

მოპასუხე: საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველო

წარმომადგენლები: მ------ გ------–---, დ----- ა--------

მესამე პირი: ნ-----–---- მ--–----

საპროცესო წარმომადგენელი: ნ--------–- ა------ე

მესამე პირი: სსიპ ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრი

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს 2019 წლის 30 იანვრის შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელის თანახმად, ნ-----–---- მ--–---- (დაბ. 2014 წლის 6 მაისს, პირ. № 0----------) არის ხ----- ტ---------ს (პირ. № 3----------) არასრულწლოვანი შვილი; ისინი ცხოვრობდნენ ერთად ქ. თბილისში, ს-–--------------–ის ქ. № 20/16-ში.

 

ხ----- ტ--------- არის მარტოხელა დედა; იგი უვლის, ზრუნავს, ზრდის და პატრონობს შვილს; მასთან აქვს მეგობრული და მოსიყვარულე ურთიერთობა.

 

2019 წლის 30 იანვარს მას დაუკავშირდნენ საბავშვო ბაღიდან და განუმარტეს, რომ ნ-----–----ს ჰქონდა სურდო და გაეყვანა ბაღიდან; ცოტა ხანში კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს განმარტება, რატომ ჰქონდა ნაკაწრები ბავშვს ხელებსა და სახეზე, რაზეც უპასუხა, რომ ნაკაწრები გაუჩნდა კატასთან ურთიერთობისას.

 

ადგილზე მისვლისას შეიტყო, რომ მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა ბავშვთან ურთიერთობა იმის გამო, რომ, თითქოს, ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

პოლიციას არ დაუდგენია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოუკითხავს საქმესთან კავშირში მყოფი პირები; ბავშვი სამეურვეოდ გადაყვანილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში დეიდასთან - ნ--------–- ა------ესთან, რომელთანაც ყოფნას მიჩვეული არ არის, ხშირად ტირის, განიცდის დედის გარეშე ყოფნას.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს განმარტებით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ საბავშვო ბაღში, სადაც მოხდა სოცმუშაკთან გასაუბრება, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ-----–----ს შენიშნა ფსიქოლოგიური დათრგუნვა დედის მხრიდან და საჭიროდ მიიჩნია შემაკავებელი ორდერის გამოცემა; ადგილზე გაირკვა, რომ ხ----- ტ---------სთან მიმართებაში დაახლოებით 1 წლის წინათაც იყო შემთხვევა, როდესაც გაჩნდა ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ (თმის აწევა, ყვირილი); ეს კი, საბოლოო ჯამში, გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი.

 

ნ--------–- ა------ის მითითებით, ის დღეები, რაც ბავშვი მასთანაა, ვერ ძინავს, ტირის, საჭმელს არ ჭამს, არის დათრგუნული, ნერვიულობს, განიცდის უდედობას; ნერვიულობის გამო გაძნელებული აქვს საჭმელ-მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, გახდა და წონაში დაიკლო დაახლოებით 3 კილოგრამი, ვერ ეგუება ახალ გარემოს.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (გამოცხადდა სათანადო რწმუნების გარეშე).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 2019 წლის 30 იანვარს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ხ----- ტ---------ს 30 დღით აეკრძალა ნ-----–---- მ--–----სთან მიახლოება; ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 005745.

 

3.2.2. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ი---- კ--–--ს განმარტებით (ხ----- ტ---------ს მეზობელი), ხ-----სთან და ბავშვთან ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს; ხ----- არის მზრუნველი დედა, იგი მარტო ზრდის შვილს, აკეთებს ყველაფერს, რომ ბავშვი იყოს მოვლილი, სათანადო უნარ-ჩვევებით აღზრდილი; მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, ახერხებს მისთვის ნორმალური რჩენისათვის საჭირო პირობების მეტ-ნაკლებად შექმნას; ბავშვი არის მოძრავი, ცელქი; მას ნაკაწრები ნამდვილად გაუჩნდა კატასთან ურთიერთობისას; მას არასდროს შეუნიშნავს, რომ დედას ეყვიროს, ეცემოს ან სხვა მიუღებელი ფორმით ჰქონოდა ურთიერთობა შვილთან.

 

3.2.3. საქმეზე წარმოდგენილია ნ-----–---- მ--–----ს ფოტოსურათები, სადაც იგი გადაღებულია კატასთან ერთად.

 

მტკიცებულება: ფოტოსურათები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო სოცმუშაკის მხოლოდ ის განმარტება, რომ ბავშვს შენიშნა ფსიქოლოგიური დათრგუნვა, და დედის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი სხვა გარემოებებით და მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება შვილი (აგრეთვე, სხვა პირები);

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ნ-----–---- მ--–---- არის ხ----- ტ---------ს არასრულწლოვანი შვილი; ისინი ცხოვრობდნენ ერთად ქ. თბილისში.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 2019 წლის 30 იანვარს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა ხ----- ტ---------ს მხრიდან ფსიქლოგიური ძალადობის ფაქტს ნ-----–---- მ--–----ს მიმართ.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ნ-----–---- მ--–----ზე ფსიქოლოგიური ძალადობით ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, ფსიქოლოგიურ ძალადობად ითვლება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო სოცმუშაკის მხოლოდ ის განმარტება, რომ ბავშვს შენიშნა ფსიქოლოგიური დათრგუნვა, და სხვა რაიმე მტკიცებულებას ეს ორდერი არ ეფუძნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ ქმნის იმის უტყუარად დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, რომ ნ-----–---- მ--–----ს მიმართ ხ----- ტ---------ს მხრიდან განხორციელდა იმგვარი ხასიათის ქმედება (ქმედებები), რაც შეფასებული იქნებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობად.

 

საპატრულო პოლიციის განმარტება, რომ ხ----- ტ---------სთან მიმართებაში დაახლოებით 1 წლის წინათაც იყო შემთხვევა, როდესაც გაჩნდა ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ (თმის აწევა, ყვირილი), ვერ გახდება სადავოდ გამხდარი შემაკავებელი ორდერის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (ფსიქოლოგიური ძალადობის) დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ამ გარემოებასთან მიმართებაში საყურადღებოა ბავშვის საპროცესო წარმომადგენლისა და მოწმის განმარტებები, რომ დედის გარეშე ბავშვს ვერ ძინავს, ნერვიულობს, ტირის, არის დათრგუნული, ნერვიულობს, განიცდის უდედობას, წონაში დაიკლო; ხ----- ტ--------- არის მზრუნველი დედა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ, თუმცა შემაკავებელი ორდერის ნებისმიერ შემთხვევაში გამოცემით შესაძლოა, დაუსაბუთებელი ზიანი მიადგეს მოძალადედ მიჩნეულ პირს და უსაფუძვლოდ ჩაითვალოს იგი მოძალადედ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, არ იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, არ იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ხ----- ტ---------ს მხრიდან ხდება ნ-----–---- მ--–----ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს 2019 წლის 30 იანვრის № 005745 შემაკავებელი ორდერი ხ----- ტ---------ს მიმართ.

 

2. გადაწყვეტილება მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი