განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მა-–--------–----ა
ბრალდებული - გი-------------–-------------ა, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ-–----------------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები; ქ. თბილისი, ნ--–--------------------------------------------------–----------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 03 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისში, შ. ნ--–--------------------------------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი---------------მ განახორციელა ფიზიკური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის-ირ---------–---ს მიმართ, კერძოდ, მის მიერ ორივე მუშტის არაერთჯერადი დარტყმით სახისა და სხეულის არეში და თმების მოქაჩვით ირ---------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, გი---------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ირ---------–---მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
თავის მხრივ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გი---------------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
მოწმე ვი-------------------მ განმარტა, მისმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ იჩხუბეს მან და გ-------- და გ------ი სახლიდან წავიდა ბავშვთან ერთად. მეზობლისგან გადმოცემით იცის რომ ჰქონდათ შეხლა-შემოხლა, გ-------- ბავშვს ხელი მოჰკიდა და წავიდა. მან ამ ჩხუბის მიზეზი არ იცის და არც შესწრებია, არც განხილვა ყოფილა მის თვალწინ, ისინი მასთან არ ცხოვრობენ. მან მხოლოდ გადმოცემით იცის.
მოწმე ნა----------ს ჩვენების მიხედვით, ივნისის დასაწყისში ღამის თორმეტი საათის შემდეგ ეძინა და შემოესმა ხმა. გოგონა, მისი მეზობელი ირ---------–--- ყვიროდა და კარებზე ბრახუნი იყო. როდესაც კარი გააღო დახვდა ირ--ე განერვიულებული და ითხოვდა დარეკვას. ამბობდა მეუღლე მიდის და ბავშვის წაყვანას აპირებსო. იგი (ირ---------–---) ფეხებში ჩაუვარდა მის მეუღლეს და არ უშვებდა. ბიჭი მოუწოდებდა მას რომ გაეტარებინა, როდესაც ირ--ემ გზა არ დაუთმო, მან (გი---------------) ხელი მოკიდა ტანსაცმელში და შეათრია ოთახში, რის შემდეგაც ბავშვთან ერთად ქვემოთ წავიდა. ირ---------–---მ დედამისს დაურეკა, დედამისი მოვიდა და დარეკა პოლიციაში. ირ--ეს სხეულზე დაზიანებები არ დაუნახავს. ამ ფაქტამდე მას არ გაუგია ხმაური მათი ბინიდან. მათ ბინას მხოლოდ კედელი ჰყოფს.
მოწმე გი-----------------მ დაადასტურა საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის მის მიერ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით გი---------------, როდესაც ამ უკანასკნელის დაკითხვა დასრულდა საგამოძიებო უწყებაში.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 0---------წ მოქ. ირ---------–---ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 6-9 დღისაა. ხანდაზმულობით, დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა,საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმე პოლიციის თანამშრომელი გი----------------- ჩვენებაში უთითებს, რომ საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო და საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დაზარალებულის დედის - ვი-------------------ს ჩვენებით კი დგინდება, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას სხვადასხვა პირებისგან ფლობს, მისი შვილისგან, რომელიც ამავდროულად დაზარალებულია და მოწმე ნა----------სგან. თავის მხრივ ეს უკანასკნელი ჩვენებაში უთითებს გარემოებებს, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობს ბრალის დადგენილებიდან და არ ადასტურებს გი---------------ს მხრიდან მეუღლეზე ძალადობის ფაქტს. კერძოდ, იგი აცხადებს თუ როგორ შეათრია ბრალდებულმა თავის მეუღლე სახლში იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას ბრალდებულს. ნა---------ე ჩვენებაში ასევე უთითებს, რომ არ შესწრებია გი---------------ს მხრიდან მუშტებით სახის არეში არაერთჯერად დარტყმას, ისევე როგორც თმების მოქაჩვას და სხეულის არეში ძალადობას. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველი) და ძირითადად ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ ფლობენ დაზარალებულისგან, რომელმაც მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები დადასტურდებოდა. ამასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვის ინფორმაციასაც ყვებიან სასამართლოზე მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გი---------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. სადავო არ არის, რომ ირ---------–---ს აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას (ირ---------–---ს) აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრ--ციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გი---------------ს ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი--------------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გი---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გი--------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე