გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/36436-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შპს ,,რ-----’’
წარმომადგენელი - მ--------------–---–ი
მოპასუხე - დ-----------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს დ-----------ას შპს ,,რ-----’’-ს სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 800 ლარის და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის - 200 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოპასუხე დ-----------ა მუშაობდა შპს ,,რ---’’-ში ტექ-------ს თანამდებობაზე 2015 წლის 01 ივნისიდან. 2016 წლის 20 თებერვალს პირადი განცხადებით მიმართა საზოგადოების ხელმძღვანელობას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. ოფისის შეცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების ადმინისტრაციამ 2016 წლის 22 აპრილს შეცდომით ჩაურიცხა მოპასუხეს 800 ლარი. დ-----------ამ 2018 წლის თებერვალში შეიტანა სარჩელი მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე, თუმცა სარჩელში მითითებულ მისამართზე წერილი ვერ ჩაბარდა.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელესა და მას შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტს, თუმცა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა მას არ ჩარიცხვია ანგარიშზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, დ-----------ას სარჩელი შპს ,,რ-----’’-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,რ-----’’-ის დ-----------ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მიუღებელი შრომის ანაზღაურების სახით და დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ 497.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტის თანახმად დადგენილია შემდეგი: ,,მოსარჩელე და მოპასუხე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 01 ივნისიდან. მხარეთა შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2016 წლის 01 ივნისამდე. მოსარჩელე დასაქმებული იყო ტექ-------ს თანამდებობაზე.
2015 წლის პირველი ნოემბრის დამატებითი შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 1 ნოემბრამდე. სადავო არ არის, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 400 აშშ დოლარს’’.
გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტის თანახმად, 2016 წლის 04 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით დ-----------ას ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 800 ლარით. ამავე გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტის თანახმად კი დადგენილია, რომ 2016 წლის 20 თებერვალს დ-----------ამ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2016 წლის 01 მარტიდან სამსახურიდან გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.21-36);
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.14-16);
- განცხადება (ს.ფ.17);
- ბრძანება (ს.ფ.18);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 22 აპრილს შპს ,,რ-----’’-ის მიერ დ-----------ას ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა 800 ლარის ოდენობით, დანიშნულებით - ხელფასი. თანხის ჩარიცხვის დანიშნულების მიზნობრიობიდან გამომდინარე, შპს ,,რ-----’’-ის მიერ ასევე განხორციელებულია სსიპ შემოსავლების სამსახურთან დასარიცხი შემოსავლიდან გათვალისწინებული შესაბამისი პროცენტის - 200 ლარის ანაზღაურების ანგარიშსწორება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს თანხის ჩარიცხვის ფაქტთან მიმართებით მითითებული გარემოების დასტურად წარმოდგენილი აქვს შესაბამისი საგადახდო დავალება და ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ. მოპასუხემ წარმოდგენილი პოზიციით უარყო მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირი შედავება წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ არ წამოადგენს მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დადასტურებისათვის ვარგის, ჯეროვან მტკიცებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება (ს.ფ.19);
- ინფორმაცია (ს.ფ. 20);
- ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,რ-----’’-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა და წარმოდგენილი გადაწყვეტილებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,რ-----’’-ისა და დ-----------ას შორის 2015 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის 1 მარტამდე არსებობდა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ 2016 წლის 04 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით დ-----------ას ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 800 ლარით. ასევე დადგენილია, 2016 წლის 22 აპრილს შპს ,,რ-----’’-ის მიერ დ-----------ას ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა 800 ლარის ოდენობით დანიშნულებით - ხელფასი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკისრება მოსარჩელეს, შესაბამისად, მას წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვა მოხდა უსაფუძვლოდ, შეცდომის საფუძველზე, რაც მან ვერ უზრუნველყო. მხარეთა შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის და საგადახდო დავალებაში მითითებული დანიშნულების პარალელურად, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი მითითება შეცდომით თანხის ჩარიცხვის თაობაზე არ წარმოადგენს ჯეროვან, სათანადო მტკიცებულებას მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 2016 წლის აპრილის თვეში, რა დროსაც მხარეები უკვე აღარ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არ გულისხმობს უტყუარად იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება უსაფუძვლოა და მას არ ჰქონდა მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი განსაზღვრულია, რომ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. შესაბამისად, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,რ-----’’-ის სარჩელი მოპასუხე დ-----------ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,რ-----’’-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მიერ 17/12/2018 წლის N- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან - 50 ლარი;
3. შპს ,,რ-----’’-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია