გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002479880
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3451-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - ა----- ს---–------–ი

წარმომადგენელი - შ-----------------ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოახდინოს ა----- ს---–------–ის სახელზე შპს „პოლიტიკურ ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტიტუტი“-ს მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს გაცემული P----------- ბაკალავრის დიპლომის აპოსტილით დამოწმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. „პოლიტექნიკურ-ჰუმანიტარული სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ, 2013 წლის 31 ოქტომბერს, ა----- ს---–------–იზე გასცა P----------- დიპლომი. დიპლომის თანახმად, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის,2013 წლის 29 ივლისის, გადაწყვეტილებით, ა----- ს---–------–ის მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართლის სპეციალობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- P----------- დიპლომი (ს.ფ. 11).

 

3.2. შო---------------ემ (ა----- ს---–------–ის წარმომადგენელმა) 2018 წლის 31 იანვარს განცხადებით (სააგენტოში რეგისტრაციის №-------) მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა დოკუმენტის - ა----- ს---–------–ის სახელზე შპს „პოლიტექნიკურ-ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტიტუტის“ მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს გაცემული P----------- ბაკალავრის დიპლომის აპოსტილით დამოწმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13).

 

3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N---------- გადაწყვეტილებით შო---------------ეს უარი ეთქვა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ 2018 წლის 31 იანვრის №------- განცხადების დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნა. დასკვნის თანახმად, შპს პოლიტექტიკურ- ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტრიტუტი P----------- ბაკალავრის დიპლომის გაცემის მომენტში არ ფლობდა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, რის გამოც დიპლომი არ ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 9 თებერვლის №------- წერილი (ს.ფ. 62).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა----- ს---–------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №93/ნ - №170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებულ „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს დოკუმენტის სპეციალური შტამპით - „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) - აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №93/ნ - №170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესს“, რომელიც არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის (შემდგომში – დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია) განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან (შემდგომში – ცენტრი) გამოთხოვისა და იმავე ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) მიწოდების პირობებსა და პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველია სააგენტოში უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების რეგისტრაცია დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სააგენტო მიმართავს ცენტრს და მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ცენტრში წარდგენილი დოკუმენტი არ ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას, ცენტრი, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, უგზავნის სააგენტოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის შესახებ დასაბუთებულ უარყოფით დასკვნას. ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დასკვნის მიღების შემდეგ, სააგენტო, ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შო---------------ემ 2018 წლის 31 იანვარს განცხადებით (სააგენტოში რეგისტრაციის №-------) მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა დოკუმენტის - ა----- ს---–------–ის სახელზე შპს „პოლიტექნიკურ-ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტიტუტის“ მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს გაცემული P----------- ბაკალავრის დიპლომის აპოსტილით დამოწმება. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მიმართავს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სააგენტოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ გადაუგზავნა დასაბუთებული უარყოფითი დასკვნა. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №---------- გადაწყვეტილებით შო---------------ეს (ა----- ს---–------–ის წარმომადგენელს) უარი ეთქვა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათი ავთენტურობა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით მოწმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანამანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები.

 

ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ბაზაში (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) ამოწმებს: ა) დოკუმენტებზე არსებული ბეჭდისა და ხელმოწერის ნიმუშების ნამდვილობას; ბ) დოკუმენტზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას; გ) დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათ ავთენტურობას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტი იმ შემთხვევაში ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, თუ დოკუმენტი გაცემულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით და მისი სახე შეესაბამება ნორმატიული აქტების იმპერატიულ დანაწესს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2010 წელს საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად გაუქმდა ლიცენზირება და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება დაუკავშირდა ავტორიზაციის გავლას. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ო“ პუნქტის შესაბამისად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 27 აპრილს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შედეგად აღნიშნულ კანონის დაემატა შემდეგი შინაარსის 323 მუხლი, რომლსი თანახმად, დაუშვებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თუ განათლება მიღებულია ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ პოლიტექნიკურ-ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტიტუტი არ წარმოადგენდა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და 2010 წლის შემდგომ საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა----- ს---–------–ის კვალიფიკაცია მიენიჭა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ, მითითებული სამართლებრივი ნორმით კი კანონმდებელმა დაუშვებლად მიიჩნია ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება.

 

6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა----- ს---–------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი