განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ი-----–- ქ-------ას
ბრალდებულ _ თ----- მ-----–-–---–ის
ადვოკატ - ი-----–- ე-----ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ თ----- ტ---------ს ძე მ-----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–-- რ------------–-------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- მ-----–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
თ----- მ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 16:20 საათზე, ქ.თბილისში, შ------- ქუჩა №---ში არსებულ შპს „მ------------------------–---------------–--“ შენობაში, თ----- მ-----–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორჯერ დაარტყა ხელი სახის მიდამოში გ------ დ----–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ე.ი. თ----- მ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
სასამართლოს დასკვნა თ----- მ-----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ თ----- მ-----–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმეში არსებული მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც თ----- მ-----–-–---–მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კონფლიქტი პროვოცირებულია დაზარალებულის მიერ ბრალდებულის მეუღლის და არასრუწლოვანი შვილის ხალხის თანდასწრებით შეურაცხყოფით. სასამართლო მხედველობაში იღებს თ----- მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, ამასთან, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს და გამოიხატა აღელვების ნიადაგზე სახის მიდამოში მუშტის ორჯერ დარტყმაში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის მხრიდან მისი ოჯახის წევრების სიტყვიერი შეურაცხყოფით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით ირკვევა, რომ თ----- მ-----–-–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც რეკომენდებული არ არის მისი ფიზიკური დატვირთვა. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით კი სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული ისეთი ალტერნატიული სასჯელის გამოყენება, როგორიცაა ჯარიმა. სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ასევე სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება, რამდენადაც დღე-ღამის გარკვეულ საათებში თავისუფლების შეზღუდვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დროებითი სამუშაოს შესრულებაში, ხოლო შემოსავლის გარეშე დარჩენა კიდევ უფრო უარყოფითად აისახება მისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე, სადაც იზრდება არასრულწლოვანი ბავშვი. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რომელიც იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული და ამავდროულად, სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- მ-----–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ თ----- მ-----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ----- მ-----–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი