განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
სტაჟიორ-პროკურორ – მ------ ბ-------–---–ის
ბრალდებულ _ ლ-–- ჩ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ლ-–- ზ-------- ძე ჩ-------ის, დაბადებულის 1--- წლის---------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: თ---–--–-, მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–-, გ------–-- ქუჩა #--ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების - პირადი თავდებობის ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- ჩ-------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ლ-–- ჩ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 20:40 საათზე, ლ-–- ჩ-------ე მართავდა ავტომანქანა „ო---–ს“ და მოძრაობდა ქ.თ---–--–-, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გუდაუთის ქუჩის მხრიდან, სამტრედიის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას ლ-–- ჩ-------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადაჭარბებული სიჩქარით გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ რ----- ლ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „სუბარუს“. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, რ----- ლ------–---–ის მგზავრმა, ე-----–- მ----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ე.ი. ლ-–- ჩ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ლ-–- ჩ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ლ-–- ჩ-------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ სქემას, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნას, სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ-–- ჩ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგს (გარდა დაზარალებულად ცნობილი ე-----–- მ----–--ისა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღეს სხვა მგზავრებმაც, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით), დამნაშავის პიროვნებას, მის ასაკს, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ლ-–- ჩ-------ე აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მისი ოჯახი განიცდის მატერიალურ შეჭირვებას, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ლ-–- ჩ-------ეს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიუხედავად მძიმე მატერიალური მდგომარეობისა, ბრალდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მკურნალობის ხარჯები 700 (შვიდასი) ლარამდე ოდენობით, აგრეთვე, მისივე თქმით, დაზიანებული მანქანის მესაკუთრესთან ჰქონდა სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება ახალი მანქანის შეძენის მიზნით ზიანის 6 (ექვსი) თვის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რომლის პირობებიც დაზარალებულის მხრიდან დაირღვა და მოსთხოვა 2 (ორი) თვის ვადაში ანაზღაურება, რისი საშუალებაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბრალდებულს არ ჰქონდა. აღნიშნული გარემოება სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, ბრალდებულის მზაობა და მისწრაფება - შესაძლებლობის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მის სასარგებლო გარემოებად მიიჩნიოს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ლ-–- ჩ-------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს აუნაზღაურა სამედიცინო ხარჯები, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად. რაც შეეხება ჯარიმას, აღნიშნული სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან უმუშევარია, ხოლო მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს.
ამასთან, სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება და მართვის უფლების ჩამორთმევა, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების იმგვარ უხეშ დარღვევას, რაც მისთვის აუცილებელს გახდიდა მართვის უფლების ჩამორთმევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- ჩ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ ლ-–- ჩ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლ-–- ჩ-------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. ავტომანქანა ”ო---–--- სახელმწიფო ნომრით----------- რომელიც განთავსებულია სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი