განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ა-- ხ-----–---–ის
ბრალდებულ _ გ------- მ---------ის
ადვოკატ _ ო----- ს----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ------- რ------ს ძე მ---------ის, დაბადებულის 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), დანაშაულის ჩადენის დროისათვის ნასამართლობის მქო---, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ო--- რაიონის სოფელ წ-----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-- დ--------------, ა-------– ლ--------ის ქუჩა №--ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- მ---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ------- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-------–----–--–---------------–- მდებარე სილამაზის სალონში - „ნ---“, გ------- მ---------ემ ყოფილი მეუღლის - ნ---- ზ-----–---–ის მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილის - მ------ ა-–-----------ს თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით და თმის მოქაჩვით განახორციელა ძალადობა, რამაც ნ---- ზ-----–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. გ------- მ---------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა გ------- მ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გ------- მ---------ის დაკავების ოქმს, ალკოტესტით შემოწმების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, პაციენტის სამედიცინო ბარათს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, გ------- მ---------ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. გ------- მ---------ის მიერ ნ---- ზ-----–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, როგორც მათი თანაცხოვრების პერიოდში, ასევე დაშორების შემდეგაც, რაც დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით და 2018 წლის 31 ივლისის შემაკავებელი ორდერით (ყურადსაღებია, რომ გ------- მ---------ემ მოცემულ შემთხვევაშიც საჯარო ადგილას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაზარალებულს). ამასთან, ბრალდებულის მომეტებულ საშიშროებაზე მეტყველებს დანაშაულის ჩადენის ვითარება, კერძოდ, ის, რომ ძალადობა განხორციელებულია საჯარო ადგილას (დაზარალებულის სამუშაო ადგილას), გარეშე პირებისა და ნ---- ზ-----–---–ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდებულისთვის შემაკავებელი არ გახდა შემთხვევის ადგილას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მისვლა და მათი თანდასწრებით ნ---- ზ-----–---–ზე ძალადობა უფრო აგრესიული ფორმით (სახისა და ზურგის არეში ხელის დარტყმით, თმების მოქაჩვით) განაგრძო, რაც გამოხატავს ბრალდებულის უკიდურეს არაკანონმორჩილებას და უპატივცემულობას გარშემო მყოფთა მიმართ.
რაც შეეხება მომავალში ძალადობის განმეორების რისკებს, აღსანიშნავია, რომ გ------- მ---------ის მიმართ წარსულში მიღებული სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი ზომები არ გახდა მისთვის შემაკავებელი და სათანადო ქცევის უზრუნველმყოფელი, კერძოდ, მიუხედავად გ------- მ---------ისათვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათისა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრისა, მან ნასამართლობის პირობებში კვლავ ჩაიდინა ახალი ძალადობრივი და შესაბამისად, მომეტებული საშიშროების მქონე დანაშაული (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------------ს განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ გადახდილია 2017 წლის 27 დეკემბერს). აგრეთვე, 2018 წლის 31 ივლისს მის მიმართ ნ---- ზ-----–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ბრალდებული არაკანონმორჩილი პიროვნებაა და უკვე მიღებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო მისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, გ------- მ---------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი აგრესია არ იყო პირველი შემთხვევა და დაშორების მიუხედავად არ ანებებდა თავს. დაზარალებულის თქმით: „გ------- მ---------ე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პერიოდულად მოდიოდა ჩემთან, სილამაზის სალონში და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მე ვგრძნობდი თავს დამცირებულად და განვიცდიდი ფსიქოლოგიურ ტანჯვას“.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტებს ხშირად ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი; „გ------- მ---------ის მიერ ჩემს მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად შესწრებია ასევე ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის თანდასწრებითაც არ ერიდებოდა ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენებას“. ამ შემთხვევაში მართალია, ბავშვი უშუალოდ არ არის ძალადობის ობიექტი, მაგრამ იგი არის მოწმე ძალადობისა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).
მართალია, ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რომლის თანახმადაც, მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია, აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას და სასამართლოს სთხოვს გ------- მ---------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულთან შერიგება ვერ მიიჩნევა ძალადობის განმეორების რისკის შემცირების საფუძვლად (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გ------- მ---------ე უმიზეზოდ, უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო, ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ასევე ადგილი ჰქონდა მათი დაშორების შემდეგაც) და ცალსახად ვერ გახდება მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).
ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის დაკავების საფუძველი გახდა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრება, სასამართლო ვერ იმსჯელებს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენებაზე და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გ------- მ---------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებების, მათ შორის, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს გ------- მ---------ისათვის კანონით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილისათვის არის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რითაც მიღწეული იქნება სასჯელის მიზნები და ამასთან, უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევასა და კანონისადმი პატივისცემის გრძნობით განმსჭვალას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გ------- მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 30 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 8 ოქტომბრიდან - 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი