გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2019
საქმის ნომერი
210310019002845459
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310019002845459

საქმე №3/12-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-------------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - გ-------------–---–ი

მესამე პირი - ა-----–---------–-–---–ი

დავის საგანი: 2019 წლის 09 თებერვლის №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული განყოფილების გამომძიებელის გ-------------–---–ის მიერ 2019 წლის 09 თებერვალს (ნ-------------–---–ის მიმართ) გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----;

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი განიცდის ა-----–---------–-–---–ის მხრიდან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ძალადობას. განმარტავს, რომ მისი მეუღლე არის ნასამართლევი, მისი მხრიდან პირველი მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე და იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. ამავე დროს იგი ძალადობდა თავად ნ-------------–---–ზე, რის გამოც მის მიმართ დაიწყო გამოძიება და იგი ბრალდებულად არის ცნობილი და სწორედ ნ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2019 წლის 09 თებერვალს მასსა და მის მეუღლეს ა-----–---------–-–---–ს ტელეფონთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი. იგი შეეხო ფიზიკურად, აგინებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც გატყდა ჭურჭელი და ის გავარდა სახლიდან. ა-----–---------–-–---–მა სახლში მიიყვანა მეზობელი და ეუბნებოდა, რომ ყოფილიყო მისი მოწმე იმისა, რომ ნატომ სცემა და ტელეფონი ესროლა. შემდეგ მან დარეკა პოლიციაში და პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, სადაც მოძალადედ მითითებულია ნ-------------–---–ი. მოსარჩელე განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა უკანონოდ, ვინაიდან პოლიცია დაეყრდნო მხოლოდ ა-----–---------–-–---–ის ჩვენებას, რაც არის არასწორი. ყველა ფაქტი მითითებული აქვს ტყუილად, ვინაიდან იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და მის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. იგი გირაოთი არის გათავისუფლებული და აიძულებს მოსარჩელეს, რომ სრულიად შეცვალოს ჩვენება ისე, რომ იგი ამ საკითხში გამართლდეს. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ ამდენი ფიზიკური ძალადობის შემდგომ, თვითონ აპირებდა პოლიციაში დარეკვას და მისი მხრიდან პოლიციის გამოძახება, უპირობოდ გამოიწვევდა მის დაკავებას, რის გამოც ა-----–---------–-–---–მა დაასწრო მას და მისცა ცრუ ჩვენება პოლიციას. ამასთან განმარტავს, რომ რაც არის ჩვენებაში მითითებული ყველაფერი არის ტყუილი, ვინაიდან იგი ფიზიკურად ვერ შეძლებდა ა-----–---------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას და მის მიმართ შანტაჟს, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე. მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან შემაკავებელ ორდერში იგი მოძალადედ არის მითითებული, მას არცერთი თავშესაფარი არ იღებს. მას ჰყავს 6 (ექვსი) თვის ბავშვი, ამჟამადაც ორსულად არის და დარჩენილია ღია ცის ქვეშ და წასასვლელი არსად არ აქვს. შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული განყოფილების გამომძიებელის გ-------------–---–ის მიერ 2019 წლის 09 თებერვალს (ნ-------------–---–ის მიმართ) გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა გ-------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა-----–---------–-–---–ის განმარტებით, ნ-------------–---–ის მხრიდან ხშირად არის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალადობის ფაქტები. 2019 წლის 09 თებერვალს ნ-------------–---–მა კონფლიქტის დროს ა-----–---------–-–---–ს ესროლა თეფში, რომლითაც თავის არეში მიაყენა დაზიანება. რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ტკივილი. თუმცა, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის გ-------------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია და ეს იცის ა-----–---------–-–---–ის გადმოცემით. ა-----–---------–-–---–ისათვის მიყენებული დაზიანება, გამოკითხვის დასრულებისთანავე დაფიქსირებული იქნა სასწრაფოს ექიმის მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციის თანდასწრებით, ნ-------------–---–ი აყენებდა მის მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, განუწყვეტლივ ამცირებდა მას და ემუქრებოდა ციხეში გამოკეტვით.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი და ძალაში უნდა დარჩეს 2019 წლის 09 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

3. დაინტერესებული პირის პოზიცია;

 

სასამართლოს სხდომაზე ა-----–---------–-–---–ი არ გამოცხადდა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე ნ-------------–---–ი და ა-----–---------–-–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ყოფნის პერიოდში 2018 წლის 06 აგვისტოს შეეძინათ ერთი შვილი ა-----------------–-–---–ი. ნ-------------–---–ი დღეის მდგომარეობით იმყოფება ორსულად და შპს ,,თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრის“ სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 თებერვლისათვის იგი არის 7 კვირის ორსული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები, საქმის მასალები;

 

4.1.2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ-------------–---–ის მიერ ა-----–---------–-–---–ის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 09 თებერვალს ნ-------------–---–ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

N0----- შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: ა-----–---------–-–---–ი; მოძალადე: ნ-------------–---–ი; ორდერის შედგენის საფუძველი: ნ-------------–---–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ა-----–---------–-–---–ს. ძალადობის ფორმა: ფიზიკური. ორდერის მოქმედების ვადა 30 დღე; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: აეკრძალოს მოძალადეს იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.02.2019 წლის შემაკავებელი ორდერი №0-----.

 

4.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთ შეჯერების საფუძველზე არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან ა-----–---------–-–---–ის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ფაქტის განხორციელება.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ ა “ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.A

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე (საქმის გარემოებათა გამოკვლება) მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები “.

 

7.2. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს.

 

7.3.. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი “.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლოს მიერ მოპასუხის განმარტებიდან დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა მხოლოდ ა-----–---------–-–---–ის განცხადების საფუძველზე და მისი განმარტებებიდან. მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან რაიმე ძალადობის ფაქტს და პირიქით ძალადობაში ადანაშაულებს მეუღლეს ა-----–---------–-–---–ს. არანაირი სხვა მტკიცებულებები იმისა, რომ ნ-------------–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა რაიმე ძალადობას მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა. თავად ა-----–---------–-–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა დადგენილება, რომლითაც დგინდება, რომ ნ-------------–---–ი ცნობილია დაზარალებულად. გარდა ამისა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელეს ყავს ექვსი თვის ბავშვი და იგი შვიდი კვირის ორსულია. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და დღეისათვის მეგობრებთან ცხოვრობს.

 

ამრიგად, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთ შეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან ა-----–---------–-–---–ის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ფაქტის განხორციელება და ამრიგად უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული განყოფილების გამომძიებელის გ-------------–---–ის მიერ 2019 წლის 09 თებერვალს შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერი.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.11. მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით).

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამრიგად, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ი,მე-2, მე-12-ე, მე-13-ე, 17-ე, 2112-ე, 2114-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე,105-ე, 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ-------------–---–ის მიერ 2019 წლის 09 თებერვალს ნ-------------–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----;

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე მისამართზე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 03 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე