განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1---19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - თამთა გაჩეჩილაძე, ნატო ზერეკიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ-------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ლ----ე - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ვ---------–--------------------------------------------ში.
ადვოკატი - დ---- ფ---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 9 დეკემბერს ქ.თბილისში, ვ---------–--------------------------------------------ში დაახლოებით 17:30 საათზე გ------- ლ----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დედას ნ---- ჯ-------ეს. კერძოდ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფეხსაცმელი ესროლა და ზურგში ჩაარტყა წიხლი, რის გამოც დაზარალებული მიეჯახა კარებს, აღნიშნული ქმედებით ნ---- ჯ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 9 დეკემბერს ქ.თბილისში, ვ---------–--------------------------------------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა გ------- ლ----ის კუთვნილი ერთი ცალი 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშაულება ალფა-პვპ-ს (a-PVP) 0,01 გრამის ოდენობით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ გ------- ლ----ეს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულმა ნ---- ჯ-------ემ და მოწმე გ---–---- ლ----ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ოჯახის წევრის შვილის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.2. ბრალდებულმა გ------- ლ----ემ და მისმა ადვოკატმა, მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ლ----ის მიერ ოჯახურ ძალადობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას. დაზარალებულმა კი სასამართლო სხომაზე გამოიყენა თავისი უფლება და არ მისცა ჩვენება შვილის წინააღმდეგ, შესაბამისად ეს ვერ იქნება გამოყენებული ბრალდებულის წინააღმდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატმა ითხოვა, რომ გ------- ლ----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ ორივე ბრალდებაში და გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4.1. გ------- ლ----ის ბრალდების მტკიცებულებებია: მოწმეების მ------ გ-------–---–ის, ლ---- ს---–-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება №-------, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პატაკი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, 2018 წლის 10 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ქიმიური ექსპერტიზის №3--------------- დასკვნა, სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ბარათი №----.
4.2. ზემოაღნიშნული ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან გ------- ლ----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ გ------- ლ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ლ----ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, მაგრამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, სისტემატიური შეურაცხყოფა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.
5.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ------- ლ----ის მხრიდან დედის ნ---- ჯ-------ის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ფატქის შემსწრე პირდაპირმა მოწმემ დაზარალებულმა - ნ---- ჯ-------ემ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება.
5.4. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებითაც სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ სახეზეა 2018 წლის 9 დეკემბრის ნ---- ლ----ის (ჯ-------ე) ელექტრონულ შეტყობინება, თუმცა თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად რთულია საუბარი აღნიშნული მტკიცებულების ძალაზე, ასევე 2018 წლის 4 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რადგან ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მართალია ნ---- ჯ-------ე აღწერს თუ როგორ მოხდა კონფლიქტი მასსა და ბრალდებულს შორის, რასაც მოყვა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შვილის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოსთვის არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელთა ინფორმაციის წყაროს სწორედ დაზარალებული წარმოადგეს.
5.5. ასევე წარმოდგენილია პაციენტის სამედიცინო ბარათი სადაც აღწერილია, რომ პაციენტი უჩიოდა ტკივილს წელის არეში, მისი გადმოცემით შვილმა ჩაარტყა ფეხი წელის მიდამოში, სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას, დოკუმენტის შემდგენელი პირი არ შესწრებიან უშუალოდ ინციდენტს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გახდა ნ---- ჯ-------ისგან, რომელმაც თავის მხრივ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დადასტურდება, რომ ბრალდებულის მხრიდან მოხდა დაზიანების მიყენება.
5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირადპირი მტკიცებულება. შესაბამისად ვერ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალად შერაცხული ქმედების გ------- ლ----ის მიერ ჩადენა.
5.7. შესაბამისად სასამართლომ მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ გ------- ლ----ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.8. რაც შეეხება ბრალდებულ გ------- ლ----ის მიმართ ბრალდებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
5.9. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც ნ---- ჯ-------ის მონაწილეობით დათვალიერდა საცხოვრებელი სახლი, სადაც სამზარეულოში, სანაგვე ყუთში, ნანახი იქნა ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული მცირე რაოდენობის სითხით. ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 1მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული 0,01მლ მოყავისფრო ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ელფა-პვპ-ს (a-PVP).
5.10. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი მოცემულობისას, როდესაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირმა - ნ---- ჯ-------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოსთვის არასარწმუნოა ზემოაღნიშნული მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული მცირე რაოდენობის სითხით ნამდვილად ეკუთვნოდა ბრალდებულ გ------- ლ----ეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები გ------- ლ----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით ემყარება მხოლოდ ვარაუდს და გამყარებული არ არის სხვა რომელიმე მტკიცებულებით, თუნდაც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით.
5.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
5.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ემყარება მხოლოდ ვარაუდს, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------- ლ----ის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი 1-ლი ნაწილით, შესაბამისად ბრალდებული გ------- ლ----ე უნდა გამართლდეს აღნიშნულ ბრალდებაშიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ლ----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2. გ------- ლ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული სითხით, რომელიც ინახედა შ--------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
4. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი