განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ნ----- ნ------ის
ბრალდებულ _ შ--–-- ჩ----ის
ადვოკატ _ მ------ კ---------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ შ--–-- გ--ს ძე ჩ----ის, დაბადებულის 1--- წლის 1------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ------–--–-- მ--–-----------------------–-----------ს ქუჩა #---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-- ჩ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შ--–-- ჩ----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, ბ--–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შ--–-- ჩ----ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - თ----- ა-----ის მიმართ, კერძოდ, არაერთხელ დაარტყა ხელი თ----- ა-----ეს სხეულისა და თავის არეში, ათრია თმით და რამდენჯერმე ჩააყოფინა თავი წყლით სავსე აბაზანაში. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----- ა-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. შ--–-- ჩ----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა შ--–-- ჩ----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ შ--–-- ჩ----ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს, შემაკავებელ ორდერებს და შემაკავებელი ორდერების ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ--–-- ჩ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში, შ--–-- ჩ----ის მიერ თ----- ა-----ის მიმართ განხორციელდა მომეტებულად დაუნდობელი ხასიათის ძალადობა, კერძოდ, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს შემდეგს: „შ--–-- ჩემს მიმართ გახდა აგრესიული... გაშლილი ხელით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მირტყამდა და მაგინებდა უკანასკნელი სიტყვებით, შემდეგ მომვარდა, გაშლილ თმაზე მწვდა, დამაგდო იატაკზე და თმებით მათრია სააბაზანო ოთახში. თან მიყვიროდა, რომ უნდა მოვეკალი და ჩავეხრჩვე ვანაში... შ--–--მ მოუშვა ვანაში ცივი წყალი და ცივი წყლით სავსე ვანაში მაყოფინებდა თავს, ვინაიდან ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას, თავი მოვიმკვდარუნე და გავწექი სააბაზანო ოთახში, მაგრამ შ--–-- მაინც განაგრძობდა ჩემ ლანძღვა-გინებას და მირტყამდა წიხლებს.“ აღნიშნული ძალადობის შედეგად თ----- ა-----ემ მიიღო თავის ტვინის შერყევა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
აღსანიშნავია, რომ შ--–-- ჩ----ის მიერ წარსულშიც არაერთხელ არის განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა არამარტო დაზარალებულის, არამედ ოჯახის სხვა წევრების, კერძოდ, შვილის (გერის) და მეუღლის მშობლის მიმართ, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერებით. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის მოძალადეობაზე, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შ--–-- ჩ----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო პრევენციის მიზანი).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ შ--–-- ჩ----ე დღეისათვის სამართლებრივად აღარ ითვლება ნასამართლევ პირად (გაქარწყლებული აქვს), აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მისი თქმით კონფლიქტიდან დროის მცირე პერიოდში შეურიგდა დაზარალებულს, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, რასაც თავის მხრივ ადასტურებს დაზარალებულიც სასამართლოში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით, რომლის თანახმადაც, თ----- ა-----ეს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის დასჯას. ამასთან, ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც ბრალდებული უზრუნველყოფდა მატერიალურად, ვინაიდან დაკავებამდე იყო დასაქმებული და ჰქონდა საკუთარი შემოსავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--–-- ჩ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. შ--–-- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
3. მსჯავრდებულ შ--–-- ჩ----ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. შ--–-- ჩ----ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი