განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-16-19
№012261018005
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა,სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი: გ------- გ-----–---
დაცვის მხარე: ბრალდებული: ა----- გ------------
დაბადებული: 2-.0-.1---
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო;
ნასამართლობა: მ-----
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, მე-2- მ/რ, N------–-
ადვოკატი: მაკა ბერაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კ/მ-ის მიმდებარედ არსებული ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ჯ---- მ----------- და ა----- გ------------ ავტოსადგომზე ავტომანქანის დგომის საფასურის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ა----- გ------------- ჯ---- მ----------- მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სახისა და კისრის მიდამოში სისხლნაჟღენთების, ასევე სახის მიდამოში ნაჭდევის სახით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ა----- გ------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება, დაზარალებულის ჯ---- მ----------- გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ვ--–------ მ-----------, ა-–---------- დ--------–---–-- და ი-–-- ზ-------–---–-- გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაცია, ჯ---- მ-----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ჯ---- მ----------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ა. გ------------ს გამოკითხვის ოქმი და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კ/მ-ის მიმდებარედ არსებული ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ჯ---- მ----------- და ა----- გ------------ ავტოსადგომზე ავტომანქანის დგომის საფასურის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ა----- გ------------- ჯ---- მ----------- მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სახისა და კისრის მიდამოში სისხლნაჟღენთების, ასევე სახის მიდამოში ნაჭდევის სახით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ა----- გ------------ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა----- გ------------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რაც ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვითარებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი. ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს. ეს კატეგორიებია: საუკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პიროვნებათაშორისი ძალადობა და კოლექტიური ძალადობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.
სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ა----- გ------------ს მხრიდან ბრალის აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას.
ა----- გ------------ს მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ა----- გ------------ მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 1500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა----- გ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----- გ------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ა----- გ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი