გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ე-–----------–----ი“
წარმომადგენელი - დ--------------ე
მოპასუხე - მ-------------ე
წარმომადგენელი - ს---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მ-------------ეს შპს ,,ე-–----------–----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 4834.47 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლი - 91.39 აშშ დოლარის ოდენობით და ჯარიმა 1396.8 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ-------------ე 2010 წლის 27 იანვრის N-- ბრძანებით მუშაობდა შპს ,,ე-–----------–----ში“, რა პერიოდშიც 2010 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ე-–----------–----ი“-საგან ისესხა ფულადი თანხა 6500 აშშ დოლარი, წლიური 23% სარგებლის დარიცხვით, მაგრამ მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება თანხის დაბრუნების თაობაზე, რის გამოც მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება სესხის ძირითადი თანხის - 4834.47 აშშ დოლარის, 91.39 აშშ დოლარისა და ჯარიმის 1396.8 ლარის სახით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, არ ცნო ასევე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წამომადგენელმა კი დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო არაგონივრულია, ამასთან გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის მოთხოვნით სარჩელი შეტანილი იქნა 2018 წლის 05 ოქტომბერს, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-------------ე 2010 წლის 27 იანვრის N-- ბრძანებით მუშაობდა შპს ,,ე-–----------–----ი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2010 წლის 27 იანვრის N-- ბრძანება.
3.1.2. 2010 წლის 20 მაისს შპს ,,ე-–----------–----სა“ და მ-------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ-------------ემ შპს ,,ე-–----------–----ი“-საგან ისესხა ფულადი თანხა 6500 აშშ დოლარი, წლიური 23% სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2010 წლის 20 მაისის N9 სესხის ხელშეკრულება;
3.1.3. სესხის ვადა მოიცავს ხელშეკრულების დადებიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, სესხის ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების დადებიდან პირველივე სამუშაო დღეს. სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო გასაცემი ხელფასიდან, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი დასაფარი თანხის დაფარვა მოხდება მსესხებლის მიერ 30 სექტემბერს. ხელშეკრულების შესაბამისად სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრება ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 20 მაისის N9 სესხის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის და ვადების დარღვევაში. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის თანხისა და სარგებლის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან;
3.1.5. მ-------------ე შპს ,,ე-–----------–----ი“-ს დირექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N--0 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2010 წლის 13 სექტემბრის N--0 ბრძანება.
3.1.6. თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი შპს ,,ე-–----------–----ი“-ს მიერ სასამართლოში აღიძრა 2018 წლის 05 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–----------–----ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე, 316-317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
6.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ვალდებულების საფუძველია სესხის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სადავო არ არის, რომ მ-------------ის მიერ სესხის ხელშეკრულების შესაბამისად დავალიანების გადაუხდელობის შესახებ შპს ,,ე-–----------–----ი“-სთვის ცნობილი იყო 2010 წლის სექტემბრის თვეშივე, როდესაც მოპასუხემ სესხის თანხის გადახდა შეწყვიტა. ამდენად, სესხის თანხის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2010 წელი. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2013 წელს. სარჩელი კი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, 2018 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-? და 140-? მუხლები.
კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველიც.
აღნიშნული ნორმების ანალიზის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია ვალდებულ პირზე. ვალდებული პირი კი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე საერთოდ უარი თქვას შესრულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა 430 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზემოთაღნიშნული ნორმის შესაბამისად აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე-–----------–----ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე