განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002634254
N1/198-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
22.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - მე----- ხა----–--ლი
ადვოკატების- გი- გოროზი-ს, დარეჯან ბარბაქაძის, რობერტ ჭინკორაშვილის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მე----- ხა----–--ლი;
მამის სახელი: მუხმად;
დაბადებული: 28.08.1---–--–--
პირადი ნომერი: 0----------;
მოქალაქეობა:რუსეთი;
განათლება:უმაღლესი;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული:ქ. მოსკოვი, მატიევას ქ.N42, კორპუსი -3, ბინა N1--- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მოსკოვი, მატიევას ქ.N42, კორპუსი -3, ბინა N1---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია:მე----- ხა----–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 03 საათზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ზვ---- ხა----–--ლი და გი------ ბჟ--–-ვა სამსახურეობრივ მოვალეობას ანხორციელებდნენ და ავტომანქანით მოძრაობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მათ შენიშნეს გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი, რენაულტის მარკის, რუსეთის სახელმწიფო ნომრით-С--------, ავტომანქანა. გადამოწმების მიზნით მივიდნენ ავტომანქანასთან და მძღოლს, იმრან განაევს მოსთხოვეს მართვის მოწმობა და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. დოკუმენტაციის შემოწმებისას, მძღოლის ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას, მოსთხოვეს მას, რომ გაჰყოლოდათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების მიზნით. აღნიშნულზე იმრან განაევი დასთახმდა და პოლიციელების მოთხოვნის შესაბამისად, ჩაჯდა დამატებით გამოძახებულ, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს სამსახურებრივ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდნენ ინსპექტორ გამომძიებელი ნი-- შე-------ვი და გი------ მი-----–--ლი. მძღოლის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანის გამო, აგრესიული გახდა იმრან განაევის ავტომანქანაში მყოფი მე---- ხა----–--ლი, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მან პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რათა მათ ვერ განეხორციელებინათ იმრან განაევის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანა, ძალადობის გამოყენების მუქარით და მათთან ფიზიკური დაპირისპირების გზით გადაუღობა გზა პოლიციის ავტომანქანას. პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას, მე---- ხა----–--ლმა ხელი ჰკრა და წააქცია ზვ---- ხა----–--ლი, ხოლო გი------ ბჟ--–-ვას სახის არეში დაარტყა მუშტი, რითაც მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.
მე----- ხა----–--ლი 2018 წლის 4 აგვისტოს 03:35 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 5 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 03 საათზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ზვ---- ხა----–--ლი და გი------ ბჟ--–-ვა სამსახურეობრივ მოვალეობას ანხორციელებდნენ და ავტომანქანით მოძრაობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მათ შენიშნეს გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი, რენაულტის მარკის, რუსეთის სახელმწიფო ნომრით-С--------, ავტომანქანა. გადამოწმების მიზნით მივიდნენ ავტომანქანასთან და მძღოლს, იმრან განაევს მოსთხოვეს მართვის მოწმობა და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. დოკუმენტაციის შემოწმებისას, მძღოლის ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას, მოსთხოვეს მას, რომ გაჰყოლოდათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების მიზნით. აღნიშნულზე იმრან განაევი დასთახმდა და პოლიციელების მოთხოვნის შესაბამისად, ჩაჯდა დამატებით გამოძახებულ, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს სამსახურებრივ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდნენ ინსპექტორ გამომძიებელი ნი-- შე-------ვი და გი------ მი-----–--ლი. მძღოლის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანის გამო, აგრესიული გახდა იმრან განაევის ავტომანქანაში მყოფი მე---- ხა----–--ლი, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მან პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რათა მათ ვერ განეხორციელებინათ იმრან განაევის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანა, ძალადობის გამოყენების მუქარით და მათთან ფიზიკური დაპირისპირების გზით გადაუღობა გზა პოლიციის ავტომანქანას. პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას, მე---- ხა----–--ლმა ხელი ჰკრა და წააქცია ზვ---- ხა----–--ლი, ხოლო გი------ ბჟ--–-ვას სახის არეში დაარტყა მუშტი, რითაც მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,ძალადობით და ძალადობის მუქარით.
2.1. შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსმა - დაზარალებულმა ზვ---- ხა----–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროს გი------ ბჟ--–-ვასთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მოძრაობდნენ პოლიციის ავტომობილით ბაკურციხიდან საგარეჯოს მიმართულებით. გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარე ტარიტორიაზე, გზის გვერდულზე გაჩერებული იყო ავტომობილი, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით, ვინაიდან ავარიული ფარები ჰქონდა ჩართული, მოწმემ იფიქრა, რომ რაიმე უჭირდა და შეჩერდნენ დახმარების აღმოჩენის მიზნით. მოწმეს და მის მეწყვილეს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მძღოლი შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. გამოიძახეს გურჯაანის რაიონული სამმართველოდან თანამშრომლები, რათა მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა იმრან განაევი, გადაეყვანათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შესამოწმებლად. ამით განაწყენდა მძოლთან მყოფი მგზავრი მე---- ხა----–--ლი და არ აძლევდა საშუალებას პოლიციის თანამშრომლებს, რომ განაევი წაეყვანათ. განაევმა უთხრა პოლიციელებს, რომ მე---- ხა----–--ლი იყო მისი ბიძა და ნასვამ მდგომარეობაში ხდებოდა აგრესიული. გურჯაანის სამმართველოდან გამოძახეს პოლიციელები ნი-- შე-------ვი და გი------ მი-----–--ლი. მე---- ხა----–--ლი არ აძლევდა მათ საშუალებას, რომ ავტომობილის კარები დაეკეტათ და განევი წაეყვანათ, იგინებოდა და ყველას აყენებდა შეურაცხყოფას. რაღაც მომენტში, პოლიციელებმა, მოახერხეს ავტომობილის კარების დაკეტვა და განაევი წაიყვანეს. ამის შემდეგ მე---- ხა----–--ლი გახდა კიდევ უფრო აგრესიული, აგინებდა მოწმეს და მის მეწყვილეს, მარცხენა ხელი ჩაავლო მოწმეს სამსახურეობრივი ფორმის მაისურში, რა დროსაც მაისური გაიხა, ასევე ჰკრა ხელი და წააქცია. ამ დროს მასთან მივიდა გი------ ბჟ--–-ვა, რომელსაც მე---- ხა----–--ლმა ერთხელ ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება. ამის შემდეგ მოწმე დაუკავშირდა გურჯაანის რაიონულ სამმართველოს უფროსს თა---- თა----აშვილს, გამოძახეს დამხმარე ჯგუფი, რომლებმაც წაიყვანეს მე---- ხა----–--ლი. მოწმემ აღნიშნა, რომ ის და გი------ ბჟ--–-ვა ყოველ ღამით დადიან მთელ რეგიონში და ამოწმებენ მორიგე ჯგუფებს. ყოველთვის მოძრაობენ პოლიციის აღჭურვილობის ავტომობილით.
2.2. შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა, დაზარალებულმა გი------ ბჟ--–-ვამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა იგივე რაც შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსმა - დაზარალებულმა ზვ---- ხა----–--ლმა და დაამატა, რომ მე---- ხა----–--ლი მათ ემუქრებოდა, კერძოდ მას უთრხა სტეჩკინი უნდა ჩაგტენო პირშიო, ოჯახს ამოგიწყვიტავო. მოწმეს ერთხელ გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო მარჯვენა თვალის ქუთუთოს არეში. ზვ---- ხა----–--ლს ჩამოახია მაისური და ხელი ჰკრა, რის შედეგადაც იგი წაიქცა. მოწმე, ვინაიდან მიიღო დაზიანება იმყოფებოდა საავადმყოფოში.
2.3. მოწმის სახით დაკითხული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი ალ---- კვ-------ლი, რომელმაც დაადასტურა, რომ ექსპერტიზა ტარდება პირადი მომართვის ან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. გი------ ბჟ--–-ვას და ზვ---- ხა----–--ლს ექსპერტიზები ჩაუტარდა გამომძიებლის მომართვის საფუძველზე. 2018 წლის 06 აგვისტოს ჩატარებული ექსპერტიზით ზვ---- ხა----–--ლს პირადი გასინჯვისას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. 2018 წლის 04 აგვისტოს სამედიცინო ჩანაწერების და 2018 წლის 06 აგვისტოს პირადი გასინჯვისას გი------ ბჟ--–-ვას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას.
2.4. შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ეკა ტავლალაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა შემდეგი: მან როგორც ამ საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა გამოკითხა სსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელები ნი-- შე-------ვი და გი------ მი-----–--ლი. ასევე განმარტა, რომ გურჯაანი-ბაკურციხის მაგისტრალი ითვლება შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიად.
2.5. შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტოტ-გამომძიებელმა მოწმე ნი-- შე-------ვმა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას აჩვენა შემდეგი: იგი მუშაობა შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო მორიგე, რა დროსაც შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა გი------ ბჟ--–-ვამ საძახისით გამოძახა დამხმარე ჯგუფი, რადგან ყველაზე ახლოს მათთან მისი ჯგუფი იყო, ის და მისი მეწყვილე გი------ მიმინოშვილი მივიდნენ შემთხვევის ადგილას - გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარე ცენტრალურ გზაზე, სადაც გაჩერებული იყო რუსეთის სახელმწიფო ნომრებით ავტომობილი ,,რანაულტი“ და იქ იმყოფებოდნენ ზვ---- ხა----–--ლი და გი------ ბჟ--–-ვა. მათ განემარტათ, რომ ეჭვი შეეპარათ ავტომობილის მძროლის ნარკოლოგიური თრობის კუთხით და უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ კაბინეტში შესამოწმებლად. იქვე იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც, როგორც შემდეგ შეიტყო იყო მე----- ხა----–--ლი, რომელიც გამოხატავდა უკმაყოფილებას და აპროტესტებდა მისი დის შვილის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანას. ყველას აგინებდა და ემუქრებოდა, არ აძლევდა ავტომობილს გზის გაგრძელების საშუალებას და წინ უდგებოდა. მას უხსნიდნენ, რომ შეამოწმებდნენ მძღოლს და ისევ უკან მიიყვანდნენ. რაღაც მომენტში ხა----–--ლი გაიწია და შეძლეს მანქანით გასცლოდნენ ადგილს. მძღოლს იმრან განაევს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ნებაყოფლობით ჩაჯდა ავტომობილში და წაჰყვათ. როდესაც გზაში მიდიოდნენ საძახისში გაიგონეს, რომ გი------ ბჟ--–-ვა ითხოვდა დამხმარე ჯგუფს, მაგრამ ივითონ არ მიტრიალებულან. მისთვის მე---- ხა----–--ლს პირადად შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მე---- ხა----–--ლის მიერ დაზარალებულების მიმართ ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან ის იმ დროს იქ უკვე აღარ იყო.
2.6. შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე გი------ მი-----–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას აჩვენა შემდეგი: მოწმემ, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ მოწმე ნი-- შე-------ვის ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს და დაამატა, რომ მათი სამმართველოს უფლებამოსილება, როგორც პოლიციის, ვრცელდება გურჯაანის რაიონის მთელ ტარიტორიაზე, მათ შორის საავტომობილო გზაზე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ისე სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში.
2.7. შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ბე-- ახ--–---რმა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას აჩვენა შემდეგი: იგი იყო ამ საქმის გამომძიებელი. მან შეადგინა მე---- ხა----–--ლის დაკავების ოქმი შემთხვევის ადგილას. მოწმე იყო მორიგე და როდესაც გამოიძახეს და მივიდა შემთხვევის ადგილას მე---- ხა----–--ლი იჯდა ავტომობილში. მისი თანდასწრებით არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, მხოლოდ განაცხადა, რომ არ ეკუთვნოდა ბორკილების დადება. დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა. დაკავების ღამეს არ გამოუკითხავს, მეორე დღეს საგამოძიებო იზოლიტორში გამოკითხვისას გამოიყენა დუმილის უფლება. მან როგორც გამომძიებელმა გამოკითხა დაზარალებულები, ამოიღო ზვ---- ხა----–--ლისაგან ნივთმტკიცება სამსახურეობრივი მაისური და დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
2.8. შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა დავით დანელიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვვისას განაცხადა შემდეგი: იგი არის საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი. ხელმძღვანელობისაგან დაევალა და 2018 წლის 04 აგვისტოს მოწმის სახით დაკითხა დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მე---- ხა----–--ლმა მათ გაუწია წინააღმდეგობა, ზვ---- ხა----–--ლს დაახია სამსახურეობრივი მაისური და გი------ ბჟ--–-ვას ხელი გაარტყა სახეში. მოწმემ განმარტა, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა მთელი გურჯაანის რაიონის ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა გასული, იქ იმყოფებოდა გამომძიებელი ბე-- ახ--–---რი, თვითონ მორიგე იყო, მაგრამ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.
2.9. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს მე---- ხა----–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
2.10. სასამართლომ გამოიკვლია დაცვის მხარის მტკიცებილებები და ყველა გარემოება, რაზედაც დაცვა ამახვილებდა ყურადღებას.
2.10.1. სასამართლომ მოუსმინა ბრალდებულ მე---- ხა----–--ლს, რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: 2018 წლის 17 ივლისს ჩამოვიდა ქალაქ მოსკოვიდან დუისში, დედის, მე---- ხა----–--ლის სანახავად. მას პოლიტიკოსი გი-- თა------ძე აბრალებს, რომ მის მიმართ, მან მე---- ხა----–--ლმა მოახდინა ტერაქტი. სურდა გაერკვია რატომ აბრალებდა ამ ამბავს, რის საფუძველზე და უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მას ამ ტერაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამ მიზნით სურდა შეხვედროდა ჟურნალისტებს, გამოეწვია გი-- თა------ძე სატელევიზიო დებატებში და დაემტკიცებინა, რომ მას ამ ტერქტს უსაფუძვლოდ აბრალებდნენ. რაც შეეხება მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაჯარიმებას, თავი არ მიაჩნია დამაშავედ, რადგან ახმეტაში, როდესაც მივიდა პოლიციის განყოფილებაში სურდა ძველი მეგობრები მოენახულებინა და იქ მყოფმა პოლიციელმა ძალიან უხეშად ჰკითხა, თუ რატომ ააფეთქა გი-- თა------ძე, ამაზე გაბრაზდა და მოუხდა ჩხუბი. მეორედ 2018 წლის 03 აგვისტოს თბილისში ყოფნისას, სურდა, რა ტელევიზია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან შეხვედრა, იმყოფებოდა მეგობრის სახლში. შეამჩნია, რომ მისთვის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, არ სურდა მეგობარი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო და გადაწყვიტა სოფელ დუისში დაბრუნებულიყო. თბილისის გამოსასვლელში გააჩერა პატრულმა და ამოწმებდა მძღოლის საბუთებს, ამ დროს დაინახა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება მას სურათებს უღებდა, ამაზე გაბრაზდა და პოლიციელს უთხრა, რა უნდოდათ მისგან და ვინ იყო პიროვნება და რატომ უღებდა სურათებს, რაზედაც პოლიციელმა სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა, რომ იგი იგინებოდა და შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შემდეგ გზა გააგრძელეს დუისისაკენ გურჯაანის გავლით. მისი დის შვილი იმრან განაევი არის სპორტსმენი და არავითარ ნარკოტიკს არ იღებს. პოლიციელებისათვის მას არც წინააღმდეგობა გაუწევის და არ დაურტყამს, მხოლოდ ეუბნებოდა, რომ არ წაეყვანათ მისი დის შვილი, რადგან თვითონ დიაბეტითაა დაავადებული და მარტო თუ დარჩებოდა, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, რადგან ხშირად ხდება ცუდად. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაკავების ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ და საერთოდ გამომძიებელი ბე-- ახ--–---რი მან პირველად პოლიციის განყოფილებაში ნახა. ბრალდებულის განმარტებით მას არაფერი დაუშავებია და გაუგებარია რატომ ემტერება პოლიცია. იგი არის საქრთველოს შვილი, უყვარს თავისი სამშობლო და არ აპირებს ისეთი ქმედებების ჩადენას, რაც მის სამშობლოს ზიანს მიაყენებს.
2.10.2. დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიკითხა მოწმე იმრან განაევი, რომელიც არის ბრალდებულ მე---- ხა----–--ლის დის შვილი და 2018 წლის 04 აგვისტოს იმყოფებოდა მე---- ხა----–--ლთან ერთად. მან სასამართლო სხდომაზე, როგორც მოწმემ აჩვენა შემდეგი: 2018 წლის 04 აგვისტოს თბილისიდან მე---- ხა----–--ლთან ერთად ბრუნდებოდა დუისში. თბილისის გამოსასვლელში გააჩერა პატრულმა. მოსთხოვეს საბუთები და მანაც მიაწოდა მართვის მოწმობა. მე---- ხა----–--ლსაც მოსთხოვეს მანქანიდან გადასვლა და მოსთხოვეს საბუთები. ამ დროს ვიღაც კაცი მათ უღებდა ვიდეოს, რაზედაც მე---- ხა----–--ლი გაბრაზდა და პატრულს ჰკითხა რატომ იღებდა ის კაცი ვიდეოს. უცნობი გაიქცა, ხოლო პატრულმა მე---- ხა----–--ლს დაადო ბორკილები და ისინი გააჩერეს 3-4 საათი. ბოლოს მათ მისცეს რაღაც ყვითელი ქაღალდი და გაუშვეს. შემდეგ სოფელ მელაანთან გაჩერდნენ. ის იყო ჩასხდნენ ავტომობილში და გამგზავრებას აპირებდნენ, რომ მოვიდა თეთრი შკოდა, ციმციმებით და როდესაც საბუთები მიაწოდა, პოლიციელებმა განუცხადეს, რომ უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. მე---- ხა----–--ლი სთხოვდა პოლიციელებს რათა იმრან განაევი არ წაეყვანათ, რადგან მას აქვს დიაბეტი, ხშირად ხდება ცუდად და მისი მარტო ყოფნას არ შეიძლება. მე---- ხა----–--ლს არავისთვის უგინებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია. თვითონ იმრან განაევი წაჰყვა პოლიციელებს . იგი ჯერ გურჯაანის სამმართველოში მიიყვანეს და შემდეგ გადაიყვანეს თელავში ნარკოლოგიურ კაბინეტში. მას ანალიზებით ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, როდესაც გურჯაანში პოლიციაში მიიყვანეს მე---- ხა----–--ლი განყოფილებაში იყო. შემდეგ უთხრეს, რომ იგი დაკავებულია პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
2.11. სასამართლო ბრალდებულის განმარტებას, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეზე დაკითხული დაზარალებულები ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად ადასტურებენ მე---- ხა----–--ლის მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზვ---- ხა----–--ლს დახეული აქვს სამსახურეობრივი მაისური, ხოლო გი------ ბჟ--–-ვამ დარტყმის შედეგად მიიღო დაზიანება. მართალია მოწმე ნიკო შე-------ვს და გი------ მი-----–--ლს არ დაუნახავთ მე---- ხა----–--ლის მიერ დაზარალებულებისათვის ძალადობის და მუქარის ფაქტი, მაგრამ მათაც დაადასტურეს, რომ მოწმე იმრან განაევის გადაყვანისას ბრალდებული იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა და ხელს უშლიდა მათ იმრან განაევის გადაყვანაში.
2.12.სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას 2018 წლის 04 აგვისტოს გამომძიებელ ბე-- ახ--–---რის მიერ შედგენილი დაკავების ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით მოსაზრება, რომ თითქოს აღნიშნული ოქმი არ შემდგარა შემთხვევის ადგილზე, რადგან ოქმის შედგენას დიდი დრო სჭირდება და ამ ოქმში მითითებულ დროში მისი შედგენა და შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაბრუნება შეუძლებელია. აღნიშნული არის მხოლოდ დაცვის მხარის მოსაზრება და რაიმე მტკიცებულებით ვერ დასტურდება. სასამართლო ითვალისწინებს თვითონ გამომძიებელ ბე-- ახ--–---რის ჩვენებას, სადაც იგი ადასტურებს, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და დაკავების ოქმიც ადგილზე შეადგინა. იგივეს ადასტურებს მოწმე დავით დანელიშვილი. რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ მას თითქოს გამოუგონეს და აბრალებენ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, ასეთი ფაქტი რაიმე მტკიცებულებით არ დადასტურდა. დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, როგორიცაა დახასიათება, სამედიცინო დასკვნა და სხვადასხვა პირებთან გაგზავნილი წერილები, რომელიც სასამართოსათვის არ არის ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2.13. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ოთხ ძირითად წინაპირობას, კერძოდ, პირი, რომელიც გასცემს განკარგულებას ან მოთხოვნას, უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი, ეს პირი განკარგულების გაცემის დროს უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას, პირის მიერ გაცემული განკარგულება ან მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი და მოქალაქე არ უნდა დაემორჩილოს გამოცემულ განკარგულებას ან მოთხოვნას, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, კანონმდებელი გულისხმობს შესაბამისი პირის მიერ მოთხოვნის უგულებელყოფას, მოთხოვნის რამდენჯერმე წარდგენის მიუხედავად.
2.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმაზე, რომ შემთხვევის დღეს გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა რაიმე საპოლიციო ღონისძიება და ზვ---- ხა----–--ლს და გი------ ბჟ--–-ვას არ ჰქონდათ უფლებამოსილება დაეკავებინათ მე---- ხა----–--ლი. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელიც გაცემულია 2018 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ და რომელსაც ხელს აწერს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი შოთა ჭანუყვაძე მითითებულია შემდეგი: ,,2018 წლის 3 ოქტომბერის N2412151 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობა, რა დროსაც დაახლოებით 03:30 საათზე გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მიმდებარედ, საავტომობილო გზატკეცილზე შენიშნეს გაჩერებული ავტომანქანა, რომელსა ჩართული ჰქონდა საავარიო მაშუქები. პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლს შესთავაზეს დახმარება, რა დროსაც მძღოლის მოქალაქე ი.გ-ს მიმართ გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმყოფებოდა ნარკოტიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო მის გვერდით მყოფი მოქალაქე მ.ხ. იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. თანამშრომლების მიერ განმარტებული იქნა, რომ უნდა გადაეყვანათ შესამოწმებლად აღნიშნული პიროვნებები. მითითებულის შემდგომ, მოქალაქე მ.ხ. გახდა აგრესიული და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა სიტყვიერი და გიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე საპოლიციო ღონისძიება არ ჩატარებულა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ ,,პოლიციის შესახებ“’ საქართველოს კანონის ფარგლებში, ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან.“
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და დაცვის მხარის მოსაზრება, რომ პოლიციელები მიემგზავრებოდნენ, რა გურჯაანიდან საგარეჯოს მიმართულებით, არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას და არ იყვნენ უფლებამოსილი განეხორციელებინათ საპოლიციო ღონისძიება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო პოლიციურ ღონისძიებაში გულისხმობს მოქალაქის შემოწმებას, არ დადასტურდა.
საქართველოს კანონის ,,პოლიციის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად ,,საქართველოს პოლიცია (შემდგომ – პოლიცია) არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად’’.
2.15. პოლიცია თავის საქმიანობას ახორციელებს საპოლიციო ღონისძიებებით, როგორიცაა სამართალდარღვევის და დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა. ყველა მოქმედება, რომელსაც პოლიციელი ანხორციელებს, მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის პოლიციური ღონისძიება. პოლიციური ღონისძიების სახეს პოლიციელი ირჩევს საჭიროების მიხედვით და მის განხორციელებას ცალკე, სხვა რაიმე დოკუმენტის გამოცემა არ სჭირდება. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საავტომობილო გზებე მართლწესრიგის დაცვა მხოლოდ საპარტულო პოლიციის უფლებამოსილებაა და ყვალა სხვა პოლიციელი არ არის უფლებამოსილი საავტომობილო გზაზე განახორციელოს საპოლიციო ღონისძიება არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
2.16. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ამ საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კანონის დაცვით და რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი მათ უფლებამოსილებაში საქმის მასალების და გამოკვლეული მტკიცებულებების საუძველზე არ წარმოშობილა. ასევე პოლიციელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების მიმართ დაცვის მხარის მტკიცება, რომ ისინი არ იყვნენ სამსახურეობივი უფლებამოსილების მქონე, არ დადასტურდა და დაცვას გარდა განხცადებისა სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელი ასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.
2.17. სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობაში შეიძლება განიხილოს ისეთი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.
2.18. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მე---- ხა----–--ლმა ჩაიდინა ძალადობა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, როდესაც ისინი ასრულებდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. მათ დაუხია სამსარურეობრივი მაისური, ხელი ჰკრა, წააქცია და სახეში ერთხელ გარტყა ხელი.
3. სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მე---- ხა----–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მე---- ხა----–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მე---- ხა----–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მე---- ხა----–--ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემობა საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მე---- ხა----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე---- ხა----–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სანქციის მინიმუმი.
7. ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართული - პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე,279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მე---- ხა----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
2. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მე----- ხა----–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 04 აგვისტოს 03:35 საათიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება -
3.1. პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. ( მდებარე: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. N 24)
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე