გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7887-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ა---–---------------–--
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თ----- გ--------–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „ა---–---------------–--ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე" სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა---–---------------–--ს მიენიჭება შრომითი ბინადრობის ნებართვა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ა---–---------------–--ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე" სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სააგენტოს მიერ ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 24 სექტემბრის შპს „ს------–--------------------------–--------- დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად დგინდება, რომ 2018 წლის 1 აგვისტოდან ა---–---------------–-- მუშაობს შპს „ს------–--------------------------–---------ში (ს/კ 4--------) გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. მისი კონტრაქტი ძალაშია 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. შრომის ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს პლუს ბონუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს------–--------------------------–---------ს დირექტორის და-----–--–-----–---–-ს, 2018 წლის 24 სექტემბრის ცნობა (ს.ფ.58);
3.1.2. 2018 წლის 22 ოქტომბერს ა---–---------------–--მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 22 ოქტომბრის ა---–---------------–--ს განცხადება (ს.ფ. 52-55);
3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 7 ნოემბერს №1---------/7 წერილით ა---–---------------–--ს განუმარტა, რომ: 1.არ იყო გადახდილი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისთვის კანონით გათვალისწინებული მომსახურების საფასური. 2. უცხოელი ვალდებული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოსთვის მიემართა საქართველოს ტერიტოტიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. 3. წარსადგენი იყო ა---–---------------–--ს საქართველოში ყოველთვიური ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ა---–---------------–--ს დაევალა უზრუნველყო ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 15 ნოემბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 7 ნოემბრის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1---------/7 წერილი (ს.ფ. 63);
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული ა---–---------------–--ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-16);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია 5.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 5.3. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი
5.4. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი
5.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ა---–---------------–--ს განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტებს უნდა ერთვოდეს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს ა---–---------------–--მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ა---–---------------–--ს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 7 ნოემბერს ა---–---------------–--ს დაუდგინა ხარვეზი და მოსთხოვა ხარვეზით დოკუმენტის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 15 ნოემბრამდე წარდგენა. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება. მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარუდგენია;
ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გადაწყვეტილება ა---–---------------–--ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს ა---–---------------–--ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე" სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც ა---–---------------–--ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---–---------------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე