განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100118002558174
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

16 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი ლე----–----–---–--ე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი კა------------ა,ბრალდებული: ივ--------------,დაბადების თარიღი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------

განათლება: საშუალო,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, ზ---------------------------

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ზ---------------------------

სისხლის სამართლის საქმე 0------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სისტემატური ცემა ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ივ-------------- და ეკ---------–--ე დაქორწინდნენ 2016 წლის ნოემბერში და 2017 წლის იანვრის თვის ბოლო რიცხვებიდან 2018 წლის 6 მაისის ჩათვლით ივ-------------- ეკ---------–--ეს სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. კერძოდ, ქ. თბილისში, ჭ-------------------–-- მათსავე საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა დროს მომხდარი კონფლიქტების დროს თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმით სცემდა და თმის მოქაჩვით აყენებდა ფიზიკურ ტკივილს. მათ შორის, ივ-------------- მეუღლის მიმართ სისტემატურ ცემას ახორციელებდა წინასწარი შეცნობით, ეკ---------–--ის ორსულობის პერიოდშიც, 2017 წლის ივნისის თვის დასაწყისიდან - ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის 6 მაისს განხორციელებული ძალადობის დროს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა კისრის მიდამოში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სისტემატური ცემა ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

დაზარალებულმა ეკ---------–--ემ განაცხადა, რომ ივ--------------სთან ერთად ოჯახი შექმნა 2016 წელს. მათ თავდაპირველად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2016 წლის ნოემბრის თვეში, როდესაც მისი ბიძაშვილისგან დაბრუნდა სახლში, ივ-------------- ნასვამი დახვდა, მას უსაყვედურა თუ რატომ იყო წასული და ამ ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შედეგად მან (ივ--------------) ხელი დაარტყა ცხვირში, რა დროსაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. 2017 წლის თებერვლის თვეში, სამსახურიდან სახლში ივ-------------- ნასვამი დაბრუნდა და კვლავ ცემა იგი. როდესაც ივ-------------- ფხიზელი იყო მისთვის არასოდეს მიუყენებია ზიანი, თუმცა სიმთვრალეში მისი ხასიათი იცვლებოდა. მანვე განმარტა, რომ ორსულობის პერიოდში ივ--------------მ დაახლოებით სამჯერ ან ოთხჯერ ცემა. ჩხუბის შემდეგ ის მიდიოდა სახლიდან, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ურიგდებოდა ივ--------------ს. ბოლო პერიოდში, როდესაც ივ-------------- ნასვამი იყო თითქმის ყოველთვის ცემდა, ის ურტყამდა სახეში, ასევე თავში. ყოველი ცემის შემდეგ განიცდიდა ტკივილს და ფსიქიკურად დიდ სტრესს იღებდა. ბოლოს, როდესაც პატრული გამოიძახა ისევ ნასვამი იყო ივ-------------- და სახეში გაარტყა ხელი, მან ვეღარ მოითმინა და გამოიძახა საპატრულო სამსახური. პატრულის მოსვლისას ის ცუდად იყო და არ ახსოვს როდის წაიყვანეს ივ--------------.

 

მოწმე მ--------------–---მ დაადასტურა, რომ მის შვილს ეკ---------–--ეს ივ-------------- აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა პირადად ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია. მან ყველაფერი იცის გადმოცემით, მისი შვილი უამბობდა, როდესაც მას ნახულობდა. მას ასევე ნანახი აქვს მისი შვილის სხეულზე დაზიანებების კვალი.

 

მოწმე ხა---------------–---–მა განმარტა, რომ მისი სახლის ერთი ოთახი 2017 წელს მიაქირავა ეკ---------–--ეს და ივ--------------ს. ეკ---------–--ე დღემდე იქ ცხოვრობს. მათი სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა, თუმცა იგი არასდროს ჩარეულა. ბოლო პერიოდში ივ-------------ის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან ნახა ეკ---------–--ე, რომელსაც სახეზე სიწითლე ჰქონდა, მან (ეკ---------–--ე) უთხრა, რომ პოლიცია ჰყავდა გამოძახებული, რადგან მისმა ქმარმა ხელით გაიწია და ცემა.

 

მოწმე გი----------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 06 მაისს იმყოფებოდა სამსახურში მის მეწყვილესთან მე------------–---–თან ერთად, რა დროსაც მიუვიდათ შეტყობინება ქ.თბილისში, ჭ-------------------ში ეკ---------–--ის მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის განხორციელების თაობაზე. ის და მე------------–---–ი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ კერძო სახლი, სახლიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა. ისინი შევიდნენ ოთახში, საიდანაც გამოდიოდა ხმაური და დაინახეს, რომ ივ-------------- და ეკ---------–--ე ჩხუბობდნენ. ივ-------------- იყენებდა უცენზურო სიტყვებს და ცდილობდა ეკ---------–--ისთვის დაერტყა. მე------------–---–ი ჩადგა მათ შორის და არ მისცა ივ--------------ს დარტყმის საშუალება. მან და მე------------–---–მა ივ-------------- ბრალდებულის სახით დააკავეს ადგილზე. ეკ---------–--ეს სახეზე სიწითლე ეტყობოდა და თმები ჰქონდა აჩეჩილი. მანვე განმარტა, რომ ცემის ფაქტი არ დაუნახავს, დაინახა მომარჯვებული ხელი ივ-------------ის მხრიდან, რომელიც აპირებდა დარტყმას, თუმცა ამის საშუალება არ მისცა მისმა თანამშრომელმა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მე------------–---–მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მას ხელის დარტყმა არ დაუნახავს, მან დაინახა ქალბატონი, რომელსაც ხელები ჰქონდა სახეზე აფარებული, ხოლო ივ-------------- ცდილობდა ხელის დარტყმას, რასაც ხელი შეუშალა. მან მარცხენა ხელით დაუჭირა მარჯვენა ხელი ივ--------------ს.

 

ბრალდებულმა ივ--------------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მის მეუღლეს ეკ---------–--ეს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, როდესაც ეკ---------–--ეს შაქარი უწევდა ხდებოდა ცუდად და იყო აგრესიული. 2018 წლის 6 მაისს იგი იმყოფებოდა ახლობელთან და ცოტა ოდენი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული, მას დაუკავშირდა ეკ---------–--ე და განუცხადა, რომ ცუდად იყო და თხოვა სახლში მისვლა. როდესაც სახლში მივიდა, ალკოჰოლის სუნზე ეკ---------–--ე გახდა აგრესიული და მას დაუწყო ჩხუბი. ის ცდილობდა მის დამშვიდებას და შესაძლებელია იმ დროს ხელიც მოუხვდა და აქედან ჰქონდა მის მეუღლეს დალურჯებები. რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იგი დააკავეს. მას არასდროს არ დაურტყამს ხელი მეუღლისთვის, მითუმეტეს ორსულობის პერიოდში.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ეკ---------–--ის მითითებით მივიდნენ ქ.თბილისში, ჭ-------------------–-- სადაც ეკ---------–--ემ მიუთითა ის ადგილები, სადაც მისი მეუღლე ივ-------------- აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: ეკ---------–--ემ მიუთითა ოთახში მდგარ ხის საწოლზე და განაცხადა, რომ 2018 წლის 06 მაისს იწვა საწოლში, რა დროსაც ივ-------------- ნასვამ მდგომარეობაში მიუვარდა და უმიზეზოდ დაუწყო ცემა, სახის არეში გაარტყა რამდენიმეჯერ ხელი და თმებში მოქაჩა. შემდეგ იგი ადგა საწოლიდან, გარეთ გავიდა და გამოიძახა პოლიცია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 0--------- წ. მოქ. ეკ---------–--ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა კისრის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ივ-------------ის ქმედების შედეგად ეკ---------–--ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა------------–---–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ ეკ---------–--ემ აღწერა მასზე განხორციელებული ძალადობები, შემოწმდა მისი პიროვნული მახასიათებლები - ემოციური დაძაბულობა, დათრგუნულობა, მოწყვლადობა, მას ჰქონდა მუდამ შიშის, ხიფათისა და საფრთხის მოლოდინი, რაც იყო იმის დასტური, რომ ეკ---------–--ისთვის ქმედებები იყო ტანჯვის გამომწვევი.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ივ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. კერძოდ, ეკ---------–--ემ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ სისტემატურ ცემას, რითიც ის განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ სტრესს. თავის მხრივ, ეკ---------–--ეს და ივ--------------ს შორის არსებულ სისტემატურ ჩხუბს და კამათს ჩვენებაში ადასტურებს მოწმე ხა---------------–---–ი. მოცემულ საქმეზე ასევე გამოკვლეული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ივ-------------ის ქმედებების შედეგად ეკ---------–--ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა ექსპერტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკ---------–--ის ემოციური დაძაბულობა, დათრგუნულობა, მოწყვლადობა, მუდამ შიშის, ხიფათისა და საფრთხის მოლოდინი იყო იმის დასტური, რომ ეკ---------–--ისთვის ქმედებები იყო ტანჯვის გამომწვევი. საყურადღებოა ასევე 2018 წლის 6 მაისის ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულმა კვლავ იძალადა მის მეუღლეზე, რასაც ეს უკანასკნელი ადასტურებს თავის ჩვენებაში, რაც ასევე დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (დაზარალებულს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები) და მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, რომლებიც აცხადებენ, რომ შეესწრნენ ვითარებას, რა დროსაც ივ-------------- უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა თავის მეუღლეს და იწევდა ხელის დასარტყმელად, თუმცა მათ (პოლიციელები) არ მისცეს ამის საშუალება (ერთერთმა პოლიციელმა ივ-------------ის მოქნეული ხელი, რომელიც გამიზნული იყო ეკ---------–--ის მიმართ დაუჭირა და არ მისცა ხელის დარტყმის საშუალება). ამდენად, სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ივ--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ივ--------------მ განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა..

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ივ-------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ივ--------------ს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ივ-------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ივ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით

 

მსჯავრდებულ ივ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ივ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 06 მაისის 18:15 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ერთი ცალი კომპიუტერული დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე