გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2019
საქმის ნომერი
330310019002810606
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/370-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ჰ----------------------------

 

წარმომადგენელი - დ----------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

წარმომადგენელი - ა------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება ჰ----------------------------ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2 დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჰ----------------------------ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ჰ----------------------------ი (დაბადებული 1----–-–-----------ს) არის ე----------------–--ის მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეროვნული პასპორტი (ს.ფ. 85);

- 21.11.2018წ. განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 73-75).

 

3.1.2. საქმეზე დადგენილია, რომ ჰ----------------------------ი ირიცხება ა-----–-------–--------–-–---------------------ის მ----–------------–-----------------------–------–----------------------–---- პროგრამის ,,M-------“ სწავლების მეხუთე წელზე (მეათე სემესტრი). საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 წელს (2014-2020წწ.)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის 2018 წლის 13 ნოემბრის M---------------- ცნობა (ს.ფ. 77)

 

3.1.3. დადგენილია ასევე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 12 იანვრის N1--------- გადაწყვეტილებით ჰ----------------------------ის მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 12 იანვრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 16 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილებით მას საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2017 წლის 16 აგვისტომდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებით კი ჰ----------------------------ს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2019 წლის 3 იანვრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 12 იანვრის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 88-89);

 

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 16 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 90-91);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 92-93).

 

3.1.4. 2018 წლის 21 ნოემბერს ე----------------–--ის მოქალაქე ჰ----------------------------იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.11.2018წ. განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 73-75).

 

3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ი----------–------ი რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის 2018 წლის 14 დეკემბრამდე წარდგენა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით კი ჰ----------------------------ის 2018 წლის 21 ნოემბრის N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით, დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

 

2018 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 ნოემბრის №1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 59-60);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 63);

- 2018 წლის 20 დეკემბრის განცხადება (რეგ. N------), თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 65-70).

3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 21 ნოემბრის N1--------- განცხადება და ჰ----------------------------ის უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ე----------------–--იდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 57-58).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰ----------------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ჰ----------------------------ის უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და ითხოვს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში, რომლის თანახმად სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით); ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამასთან, მითითებული ნორმის მე–5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს ე----------------–--ის მოქალაქე ჰ----------------------------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. თავის მხრივ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ი----------–------ი რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის 2018 წლის 14 დეკემბრამდე წარდგენა. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ჰ----------------------------ის 2018 წლის 21 ნოემბრის N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით, დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2018 წლის 21 დეკემბრამდე.

 

თავის მხრივ, 2018 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტი.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით კი არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 21 ნოემბრის N1--------- განცხადება და ჰ----------------------------ის უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ე----------------–--იდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ჰ----------------------------ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომ მას არ განუხილავს და შესაბამისად არ გამოუკვლევია მოსარჩელის 2018 წლის 20 დეკემბრის განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა. მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ აღნიშნული დოკუმენტი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში. ამდენად, მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერ მოლოდინი, რომ მის მიერ 2018 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი მტკიცებულება დროულად იქნებოდა მიწოდებული საქმის განმხილველისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოპასუხის მიერ ჰ----------------------------ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2018 წლის 24 დეკემბერს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოებების ხელახალი შეფასების შედეგად კვლავ გამოიკვლიოს მოსარჩელის მიმართ სასწავლო ბინადრობის გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და მათზე დაყრდნობით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი – ე----------------–--იდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა არ ყოფილა შეფასებულა კანონით დადგენილი წესით, რაც მისცემდა შესაძლებლობას ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო დასკვნა გაეკეთებინა მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ----------------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ჰ----------------------------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 23–ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჰ----------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ჰ----------------------------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე