გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2019
საქმის ნომერი
140310019002864811
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002864811

საქმე № 3/31-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შემაკავებელი ორდერის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე: ი---–-- ი----

წარმომადგენელი: ბ--- ნ----–-------

მოპასუხე: საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველო

წარმომადგენელი: დ----- მ------–---–-

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: უ-–---- პ---------

თარჯიმანი: ლ-------–- გ----------

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს 2019 წლის 19 თებერვლის № 004445 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ი---–-- ი---- (პასპორტის ნომერი 5---------) არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც, 2 არასრულწლოვან შვილთან - ვ--------- და ვ---------- ი----ებთან ერთად, დროებით იმყოფება საქართველოში, ნაქირავებ ბინაში.

 

ი---–-- ი----, უფროსი ქალიშვილის სახლიდან წასვლასთან დაკავშირებით, იყო აღელვებული; მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ძლიერი ნერვიულობის ფონზე, თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც დაუკავშირდა საგანგებო გამოძახების ცენტრს; ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი გამოიძახეს სოციალური მუშაკი იმ საბაბით, რომ სახლში იმყოფებოდა არასრულწლოვანი (9 წლის) ვ---------. რადგან მოსარჩელე იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობასა და ალკოლჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მისი დამშვიდება დროულად ვერ მოხერხდა, ამავე დროს, ჩაითვალა, რომ ბავშვი იყო მშიერი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და ბავშვის დედისაგან იზოლირების შესახებ.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ უფროსი ქალიშვილის სახლიდან წასვლის გამო იყო აღელვებული; ამავე დროს მისი ბინის პატრონი აიძულებდა, დაეცალა ბინა, რის გამოც ემზადებოდა წასასვლელად და სახლი იყო არეული; იგი თავს ცუდად გრძნობდა, სუნთქვა უჭირდა, შეეშინდა სიკვდილის და ბავშვის მარტო დარჩენის. ამის გამო დაუკავშრდა საგანგებო გამოძახების ცენტრს, აუხსნა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილი გადაეცათ ი---–--ს დედისათვის.

 

რაიმე სახის ძალადობას ი---–-- ი----ს მხრიდან არასრულწლოვან ვ---------ს მიმართ არ ჰქონია ადგილი. აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა მოსარჩელემ ჩაილაპარაკა, რომ თავს მოიკლავდა და შვილი დარჩებოდა მარტო, არ შეიძლება, ფსიქოლოგიურ ძალადობად ჩაითვალოს; ეს არ იყო ქმედება, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას; ის ფაქტი, რომ თუნდაც ბავშვი იმ მომენტისათვის იყო მშიერი, არ შეიძლება შეფასდეს მშობლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობად; ბავშვი იღებდა ყველა საჭირო, ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას, დედა ამოგზაურებს ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში და ზრუნავს მის განვითარებაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი იმ მომენტისათის კანონიერად იყო გამოცემული, დღეის მდგომარეობით ეს საფუძველი აღარ არსებობს და მისი ძალაში დატოვება ავნებს არასრულწლოვნის ინტერესებს, რადგან ის მოშორებულია მისთვის ჩვეულ გარემოს, იმყოფება სხვა ქალაქში, მისთვის უცხო გარემოში, უცხო მენტალიტეტისა და უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანების გარემოცვაში, დედის გარეშე; ეს კი უფრო დიდ ზიანს მიაყენებს მის ფსიქიკურ ჯანრთელობას; ბავშვს ხშირად აქვს მუცლის არეში გაურკვეველი სახის ტკივილები და თავშესაფარში ვერ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამის სამედიცინო მომსახურება; მოსარჩელე მიემგზავრება თავის ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციაში, და ეს მოხდება მაშნვე, როგორც კი დაუბრუნდება შვილი.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, გამოძახების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე; გამოძახების თემა იყო სუიციდის მცდელობა. ადგილზე მისვლისას დახვდათ ი---–-- ი----, რომელიც იყო ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში, იყო არაადეკვატური, სასმლის მიღებას აგრძელებდა მათი და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით; ვ---------ს ეუბნეოდა, რომ თავს მოიკლავდა და მას მოუწევდა დედის საფლავზე მისვლა; სახლი იყო მოუწესრიგებელი, მოუვლელობის განცდა იქმნებოდა; ბავშვი იყო მშიერი, თავდაპირველად არ იძახდა ამის შესახებ, თუმცა როდესაც ბინის მეპატრონემ იგი უზრუნველყო საკვებით, საკვების მიღებისას აშკარად ეტყობოდა, რომ ბავშვი იყო მშიერი; სახლში არსებული საკვები იყო გაფუჭებული და იდგა გაუსაძლისი სუნი; ასევე ვ--------- ი---- არ სწავლობს სკოლაში, 9 წლის ბავშვს არ აქვს თავისი სახელის და გვარის დაეწერის, კითხვის უნარი; სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ბავშვი დროებით გადაყვანილი იქნა სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მესამე პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ადგილზე მისვლისას ი---–-- ი---- იმყოფებოდა ალკჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ; მათი არაერთი მცდელობისა, სტაციონარში გადაყვანასა და დამამშვიდებელი საშუალებების მიღებაზე ი---–-- ი---- აცხადებდა უარს; ბავშვის უნარების შესწავლის მიზნით მის მშობლიურ ენაზე მოხდა გასაუბრება მასთან, მაგრამ ბავშვს არ აქვს განათლება მიღებული, ვერ იხსენებს, როდის იყო ბოლოს ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, სკოლაში არ სწავლობს, რადგან ხშირად უწევთ გადაადგილება რუსეთის, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე. გაირკვა, რომ ი---–-- და მისი უფროსი ქალიშვილი გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში და ვ--------- ი---- ამ დროს დატოვებული ჰყავდათ ი---–-- ი----ს პარტნიორ მამაკაცთან.

 

თავშესაფარში ყოფნისას ი---–-- ი---- გამუდმებით უკავშირდებოდა ვ--------- ი----ს და ემოციურად ესაუბრებოდა, შესაბამისად, გრძელდებოდა ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც გახდა საფუძველი კიდევ ერთი შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, რითიც მას აეკრძალა შვილთან სატელეფონო კომუნიკაცია.

 

ი---–-- ი---- უკავშირდებოდა და ემუქრებოდა სააგენტოს წარმომადგენელსაც; იმ შემთხვევაში, თუ დედა ითანამშრომლებდა სოციალურ მუშაკებთან, ეცდებოდა ალკოჰოლური მდგომარეობიდან გამოსვლას, მათ არ მოუწევდათ ბავშვის თავშესაფარში გადაყვანა; იმ სიტუაციაში ბავშვის გაჩერება უფრო საზიანო იქნებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესისათვის; შესაბამისად, გამოცემის მომენტში შემაკავებელი ორდერი იყო გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული. თავშესაფარში გადაყვანისას ბავშვს არ ჰქონია არანაირი პრობლემა, რადგან იმ მომენტში თავი დააღწია იქ არსებულ არასაიმედო სიტუაციას, თუმცა დღეის მდგომარეობით ის ითხოვს სახლში დაბრუნებას. სოციალურ სამსახურს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვის დაბრუნება დედასთან უკეთესი იქნება თუ დაცული იქნება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და მშობელი უზრუნველყოფს ბავშვს შესაბამისი განათლებით და საყოფაცხოვრებო პირობებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ი---–-- ს------ს ასული ხ-------- ამჟამად არის ი---–-- ი----.

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა

 

3.2.2. ი---–-- ს------ს ასული ი---- არის ვ--------- ი----ს დედა;

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა.

 

3.2.3. ვ--------- ი---- დაბადებულია 2009 წლის 1 ოქტომბერს;

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა.

 

3.2.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 20 თებერვალს შედგენილი გადაუდებელი რეაგირების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 19 თებერვალს საპატრულო პოლიციის შეტყობინების საფუძველზე თბილისში, მ---–--–----–-----ის ქ. № 4ა, ბინა № 15-ში გამოცხადდა სააგენტოს 2 სოციალური მუშაკი, სადაც აგრეთვე იმყოფებოდნენ ბინის მეპატრონე და მისი მეუღლე; ბინის დამქირავებელი ი---–-- ი---- იმყოფებოდა ძლიერი ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ, აგრესიული და არაადეკვატური; საცხოვრებელი გარემო იყო მოუწესრიგებელი, ნივთები მიმოფანტული, სახლში იყო გაფუჭებული საკვები, სპეციფიური უსიამოვნო სუნი; მისი შვილი, არასრულწლოვანი ვ--------- ი---- იყო მშიერი, საკვები მიღებული ჰქონდა წინა საღამოს (მისი განმარტებით); დედას, უფროს ქალიშვილთან ერთად, რამოდენიმე დღით დატოვებული ჰქონდა საქართველოს საზღვრები და ბავშვი იმყოფებოდა ი---–-- ი----ს მეგობარ მამაკაცთან; მეზობლებს ბოლო 2 დღის განმავლობაში ამ ბინიდან ესმოდათ ჩხუბისა და კონფლიქტის ხმა; ი---–-- ამ დღეების განმავლობაში იღებდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მეგობარ მამაკაცთან დაშორების გამო; სახლი დატოვა უფროსმა ქალიშვილმაც, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა ი---–--; სახლში ვიზიტისას ბავშვი - ვ--------- იყო შეშინებული, დათრგუნული; დედა იქცეოდა არაადეკვატურად, ვერ აკონტროლებდა ქმედებას, გარბოდა ქუჩაში და ისე შემორბოდა, ყვიროდა და ბავშვს ეუნებოდა, რომ თავს მოიკლავდა და მას მოუწევდა სასაფლაოზე სიარული; ამან ბავშვი კიდევ უფრო დათრგუნა. ი---–--მ სტაციონარში გადაყვანასა და დამამშვიდებელი პრეპარატის გამოყენებაზე უარი განაცხადა. იმის გამო, რომ ბავშვი იმყოფებოდა არაისამედო გარემოეში, გადაწყდა მისი განთავსება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;

 

მტკიცებულება: მიმართვაზე გადაუდებელი რეაგირების 2019 წლის 20 თებერვლის ოქმი № 3105.

 

3.2.5. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 19 თებერვალს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ი---–-- ი----ს 30 დღით აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან - 2009 წლის 01 ოქტომბერს დაბადებულ ვ--------- ი----სთან, მის სამსახურთან, სახლსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 004445.

 

3.2.6. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 22 თებერვალს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ი---–-- ი----ს 30 დღით აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან - 2009 წლის 01 ოქტომბერს დაბადებულ ვ--------- ი----სთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 007925.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ვ--------- ი----ზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მისთვის ფსიქოლოგიური ძალადობის რისკი, ხოლო ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით მისაღები ღონისძიებებისათვის, რაც ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ, საკმარისია 10 დღე.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, და, ძმა და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე ი---–-- ი---- და ვ--------- ი---- ცხოვრობდნენ ერთად, ხოლო ბოლო 10-15 დღე - ნაქირავებ ბინაში, ქალაქ თბილისში, მ---–--–----–-----ის ქუჩაზე.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ვ--------- ი----ზე ფსიქოლოგიური ძალადობა არ განხორციელებულა და არც უგულებელყოფილი იყო ბავშვის ინტერესები; იმ მომენტისათვის მისი მდგომარეობა გამოწვეული იყო ძლიერი აღელვებისა და ნერვიულობის ნიადაგზე, დღეის მდგომარეობით კი ყველანაირი საფუძველი აღმოფხვრილია, რამაც გამოიწვია შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი, მით უფრო არასრულწლოვანი, დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა და ბავშის ინტერესების უგულებელყოფა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას.

 

ამ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით არასრულწლოვანთან მიმართებაში, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის ძირითადი საყრდენი მისი დედაა.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

იმავე მუხლის ,,ე1" პუნქტის მიხედვით, არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 19 თებერვალს ი---–-- ი---- იმყოფებოდა ძლიერი ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ, აგრესიული და არაადეკვატური; საცხოვრებელი გარემო იყო მოუწესრიგებელი, ნივთები მიმოფანტული, სახლში იყო გაფუჭებული საკვები, სპეციფიური უსიამოვნო სუნი; მისი შვილი, არასრულწლოვანი ვ--------- ი---- იყო მშიერი; ბავშვი გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ი---–-- ი----ს მეგობარ მამაკაცთან დედის გარეშე; ბოლო 2 დღის განმავლობაში ამ ბინიდან ისმოდა ჩხუბისა და კონფლიქტის ხმა; ბავშვი იყო შეშინებული, დათრგუნული; დედა იქცეოდა არაადეკვატურად, ვერ აკონტროლებდა ქმედებას, ბავშვს ეუნებოდა, რომ თავს მოიკლავდა და მას მოუწევდა სასაფლაოზე სიარული, რამაც ბავშვი კიდევ უფრო მეტად დათრგუნა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ი---–-- ი----ს მხრიდან ხდებოდა არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა სარჩელი შემაკავებელი ორდერის სრულად გაუქმების შესახებ, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს.

 

გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ ამ ეტაპზე ბავშვის დაბრუნება დედასთან უკეთესი იქნება, თუ დაცული იქნება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და მშობელი უზრუნველყოფს ბავშვს შესაბამისი განათლებით და ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის მიერ ბავშვისათვის ფსიქლოგიური ზიანის მიყენებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარებისა და ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ინტერესების დაბალანსების საკითხი, რის შესაბამისადაც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვროს 10 დღე, რაც სრულიად საკმარისია მითითებული საკითხის გასარკვევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. გაუქმდეს საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ 2019 წლის 19 თებერვლის № 004445 შემაკავებელი ორდერის მე-4 პუნქტი, რომლითაც შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე, და ეს ვადა განისაზღვროს 10 (ათი) დღით.

 

1.3. ი---–-- ი----ს სარჩელი საქართველოს საპატრულო პოლიციის მიმართ 2019 წლის 19 თებერვლის № 00445 შემაკავებელი ორდერის სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი