განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 იანვარი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------ რა-----ს ძე ი------- - დაბადებული 1--- წლის 1----------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ლ---------------- მე-2----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქუთაისში, ყა-----–---–ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------ ი-------, მისი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ------ გრ---–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ბ------ გრ---–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 მაისს ის და მისი მეგობარი, მეორე ნახევარი - ჯ--- ორ---–--ე სეირნობდნენ, ბრალდებულმა გვერდით გაუარა და რაღაც მიაძახა, მისკენ შეტრიალდა და ძალიან უხამსად მიმართა „შე პიდარასტოო“, „შენნაირები არ უნდა დადიოდნენ ამ ქვეყანაზეო“, რომ ჰკითხა თუ რატომ ამბობდა ამას - დაემუქრა ,,ყელს გამოგჭრიო’’, რასაც ძალიან დამაჯერებლად ამბობდა და ამის გამო შეეშინდა. ბრალდებულმა მისკენ წამოიწია, რის გამოც ეგონა, რომ მივიდოდა და დაარტყამდა, შეეშინდა, რომ მუქარას ნამდვილად განახორციელებდა. მუქარა ალბათ გამოწვეული იყო იმით, რომ ის და ჯ--- „პადრუჩკით“ მიდიოდნენ, ანუ დაემუქრა მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. ორიენტაციის გამო რომ ემუქრებოდა ამას იმით მიხვდა, რომ ,,პიდარასტი’’ უწოდა. მუქარა მხოლოდ მისი მისამართით იყო, იმიტომ რომ იგი შეეპასუხა. თავდაცვის მიზნით ამოიღო ელექტრო შოკი და პნევმატური იარაღი, რომელშიც შარიკებია და დაზიანებას არ იწვევს, უბრალოდ მტკივნეულია. თავად და მისი მეგობარი წავიდნენ უკან და დარეკეს 112-ში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ბრალდებულს არ იცნობდა.
მოწმე ჯ--- ორ---–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 მაისს მის მეგობარ ბ------ გრ---–-–---–თან ერთად მიდიოდა თეთრი ხიდის მიმართულებით, მოპირდაპირე მხრიდან მოძრაობდა ბრალდებული და მისი მეგობარი. ბრალდებულმა მიაძახა ცუდი სიტყვები - „თქვენ საქართველოს ახლა არცხვენთო“, მისი მეგობარი ბ------ გრ---–-–---–ი გაჩერდა მიუბრუნდა და გამოელაპარაკა, რატომ მოგვაყენე შეურაცხყოფაო. ამის შემდეგ ეს პიროვნება (მიუთითა ბრალდებულზე) მოტრიალდა მათკენ მიუახლოვდა ბ------ გძ--–-–---–ს და დაუწყო მუქარა „სადაც გნახავ ყელს გამოგჭრიო“, რის გამოც ბ------ გრ---–-–---–მა დარეკა საპატრულო პოლიციაში. ამის შემდეგ ბრალდებულმა მას უთხრა „შენ საქართველოს არცხვენო“ - სახეში უყვიროდა, „წვერს რატომ ატარებ ეს ქართველი ვაჟკაცის საქციელია და შენ არ შეგეფერებაო“. ბრალდებული იძახდა, რომ „თქვენ საქართველოში არ უნდა იცხოვროთო“, რისი მიზეზიც იყო მათი სექსუალური ორიენტაცია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მანამდე ბ------ ი-------ს არასდროს შეხვედრია. მუქარა მიმართული იყო ბ------ გრ---–-–---–ის მიმართ, ბ------ს ეუბნებოდა „შენს სახეს დავიმახსოვრებ და სადაც გნახავ ყელს გამოგჭრიო“, რაც რეალურად ჟღერდა. პირველ ეტაპზე მასაც შეეშინდა. მუქარა მის მიმართ არ ყოფილა. პირველი ჰომოფობიური კომენტარი ბ------ ირ---------ნ როგორც ახსოვს იყო - „შეხედე გეები“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ------ გრ---–-–---–მა ეს მუქარა აღიქვა რეალურად.
მოწმე გი------ გი-------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ბ------ გრ---–-–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი გამომძიებელი იყო თავად. მოწმემ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ბ------ ი-------ს წარუდგინა ბრალდება, განუმარტა უფლებები, გადასცა ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ მასში მითითებული მასალებით, გამოკითხა ბრალდებული ბ------ ი-------.
მოწმე ლ----- შა-–---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში 2018 წლის 20 მაისს მიღებული იქნა შეტყობინება მოქალაქე ბ------ გრ---–-–---–ისაგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოძიების მომენტში დაკითხული იქნენ მოწმეები: ბ------ გრ---–-–---–ი, ჯ--- ორ---–--ე, ბ------ მა------–--ი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაკითხვისას დაზარალებული მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო იყო შეშინებული და რეალურად აღიქვამდა მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 2018 წლის 20 მაისს გამოძიება დაიწყო ქუთაისში, ყა-----–---–ის ქუჩა N--თან ბ------ გრ---–-–---–ის მიმართ, უცნობი ბიჭის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობით მუქარის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 20 მაისს იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს 107 საპატრულო ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა მ.------------მ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მორიგე ინსპექტორს ვა-–-------------–---ს, რომ ქუთაისში ყა-----–---–ის ქუჩა N--თან ბ------ გრ---–-–---–ს და ჯ--- ორ---–--ეს მისთვის უცნობმა ორმა ბიჭმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, რომ გამოჭრიან ყელს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ბ------ ირ-----ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებაა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მაშასადამე, ზემოაღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭიროა პირს (დაზარალებულს) ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რეალური შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
სასამართლო ბრალდებულ ბ------ ირ-----ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით იძლევა იმ მაღალ სტანდარტს, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ბ------ ირ-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბ------ ირ-----ს მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი/გარემოება.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ბ------ ირ-----ს პოზიციას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არ დამუქრებია ბ------ გრ---–-–---–ს სიცოცხლის მოსპობით, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქუთაისში, ყა-----–---–ის ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------ ი-------, მისი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ------ გრ---–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ბ------ გრ---–-–---–მა განმარტა, რომ ბ------ ი------- მას დაემუქრა, რომ დაიმახსოვრებდა და ყელს გამოჭრიდა, რასაც ძალიან დამაჯერებლად ამბობდა და ამის გამო შეეშინდა. ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ჯ--- ორ---–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ ბ------ ი------- ბ------ გრ---–-–---–ს დაემუქრა „შენს სახეს დავიმახსოვრებ და სადაც გნახავ ყელს გამოგჭრიო“, რაც რეალურად ჟღერდა. ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ლ----- შა-–---------მ აღნიშნა, რომ მან გამოკითხა ბ------ გრ---–-–---–ი, რომელიც მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო იყო შეშინებული და რეალურად აღიქვამდა მუქარას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად ბ------ გრ---–-–---–ს და ჯ--- ორ---–--ეს მისთვის უცნობმა ორმა ბიჭმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, რომ გამოჭრიან ყელს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი სახეზეა.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულმა ბ------ გრ---–-–---–მა განმარტა, რომ როდესაც ბ------ ი-------მ მათ გვერდით გაუარა მიაძახა „შე პიდარასტოო“, „შენნაირები არ უნდა დადიოდნენ ამ ქვეყანაზეო“. ბ------ ი-------მ მის მიმართ მუქარა განახორციელა მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და ასევე აღნიშნა, რომ მანამდე ბრალდებულს არ შეხვედრია და არ იცნობდა. აღნიშნული გარემოება, ასევე დადასტურებულია მოწმე ჯ--- ორ---–--ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა შემდეგ ფრაზებს: ,,თქვენ საქართველოს არცხვენთ’’, „წვერს რატომ ატარებ, ეს ქართველი ვაჟკაცის საქციელია და შენ არ შეგეფერება“ , „თქვენ საქართველოში არ უნდა იცხოვროთ“. მოწმის განმარტებით აღნიშნულის მიზეზი იყო მისი და ბ------ გრ---–-–---–ის სექსუალური ორიენტაცია. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრალდებულმა ბ------ ი-------მ მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ განმარტა, რომ მან ნამდვილად მიმართა ბ------ გრ---–-–---–ს სიტყვებით, რომ ,,შენნაირები საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენო”.
წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------ ი-------მ ბ------ გრ---–-–---–ის მიმართ მუქარა განახორციელა სწორედ მისი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------ ი-------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ------ ირ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექსუქლური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე ადეკვატური რეაგირება იმდენად, რამდენადაც ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში, სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში და ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა გახდნენ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი, როგორც ეს მოხდა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამნაშავისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, მსხვერპლის დაცვა და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბ------ ირ-----ს მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენებას და საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვას, დღე-ღამის ისეთი პერიოდში, რითაც მას არ შეეზღუდება მუშაობის შესაძლებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ------ ი------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.
ბ------ ი-------ს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.
ბ------ ირ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური