გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7057-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დავით წერეთელი
სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გი------ ჩუ---–-–---–-
მოპასუხე - ბე-- შა----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბე-- შა----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ზედმეტად მიღებული ხელფასის - 2----- ლარის ანაზღაურება
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - ბექ შა---- არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მისთვის სხდომის თარიღის შესახებ ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის №------- ბრძანების თანახმად, შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ-------–-------------------------------------–-----------------------–-------–-------------------- ბე-- ზურაბის ძე შა---- (პ/ნ 5----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2018 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა ბე-- შა----ს და აცნობა, რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ერიცხებოდა 2018 წლის (25.07.2018 წ-დან - 01.08.2018 წ-მდე) ზედმეტად მიღებული ხელფასი 2----- ლარის ოდენობით.
მოპასუხე ბე-- შა----ს ზემოთ აღნიშნული თანხა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ დაუბრუნებია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 31 აგვისტოს წერილი M---------------- (ს.ფ. 15-16);
- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის №------- ბრძანებიდან (ს.ფ. 18);
- მხარის ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ბე-- შა---- 2018 წლის 25 ივლისამდე მუშაობდა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ-------–-------------------------------------–-----------------------–-------–--------------------- თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, გამომდინარეობს, თუ არა "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბე-- შა----სთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის’’ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის №------- ბრძანების თანახმად, შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ-------–-------------------------------------–-----------------------–-------–-------------------- ბე-- შა---- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 25 ივლისიდან. სადავო არ არის რომ ის გარემოება, რომ განთავისუფლებისას ბე-- შა----ს მთლიანად ჩაერიცხა 2018 წლის ივლისის თვის ხელფასი. შესაბამისად, ზედმეტად იქნა დარიცხული 5------- - 2018 წლის 25 ივლისიდან, ამავე წლის პირველ აგვისტომდე პერიოდის ხელფასი 2----- ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ამრიგად, მოპასუხე ბე-- შა----ს მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 2----- ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ბექ შა----ს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 2----- ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბე-- შა----ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 2----- ლარის ოდენობით;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი