განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1- 867-18
(№012121118006)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ----------------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, პ/ნ №-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------------------------;
ადვოკატები: ბესიკ მინდიაშვილი, მაკა ბერაძე და მარიამ მახარაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ----------–------------ს ქუჩაზე მდებარე ქ---------------------–-------------–-----ის მიმდებარედ, რ----------------ემ მეუღლეს ლ-----–-----ეს, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის 5-–-–-- ნ-----–----------------ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რ----------------ემ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების გავლენით მიიჩნია, რომ როდესაც მეუღლემ ტელეფონზე არ უპასუხა, ამით მას თავმოყვარეობა შეელახა და მეუღლის, როგორც ქალის როლის დაკნინების მიზნით ჯერ მუშტი დაარტყა მას მარცხენა ლოყაში, შემდეგ ხის კეტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ასევე სახრახნის წვერი ჩაარტყა მარცხენა ფეხში. როინი ღუდუმიძის ძალადობრივი ქმედებებით ლ-----–-----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ----------–------------ს ქუჩაზე მდებარე ქ--–--------------------ის შენობასა და შ------- მიმდებარედ, რ----------------ემ მეუღლეს ლ-----–-----ეს, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის 5-–-–-- ნ-----–----------------ის თანდასწრებით, ვინაიდან მეუღლემ ტელეფონზე არ უპასუხა, ჯერ მუშტი დაარტყა მას მარცხენა ლოყაში, შემდეგ ხის კეტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. რ----------------ის ძალადობრივი ქმედებებით ლ-----–-----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ლ-----–-----ის 2018 წლის 12 ნოემბრის განცხადება, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, ქ----------–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მას მეუღლე რ----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
დაზარალებულმა ლ-----–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეუღლეა, მუშაობს ქ-------------------ში და შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში. მეუღლე ურეკავდა, თუმცა ინტერნეტის მხარდაჭერის არარსებობის გამო, თავდაპირველად ტელეფონზე ვერ უპასუხა, ხოლო შემდეგი ზარის დროს უხეშად უთხრა გარეთ გასულიყო. სამსახურში კონფლიქტს მოერიდა და როგორც კი დაბლა ჩავიდა, ყოველგვარი ახსნის გარეშე, სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ, რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობო, მობილური ტელეფონი გამოართვა და შეუმოწმა, გადავიდა მანქანიდან, ე.წ. ხის დუბინკა ამოიღო საბარგულიდან და ურტყავდა შეშლილი სახით თავის არეში. დარტმის შედეგად ტუჩი გაუსკდა. ამ დროს მანქანაში მათი არასრულწლოვანი შვილი იჯდა და ისიც შეესწრო ამ ფაქტს. სახლში რომ მივიდნენ აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას. მალე მათი მეგობარი მოვიდა მათთან და მშობლებთან წაიყვანა, რამდენიმე დღე იწვა, მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა. ტუჩი საავადმყოფოში გაუკერეს, ექიმს უთხრა, რომ დაეცა. როდესაც მომჯობინდა მიმართა პოლიციას. მისი განმარტებით ბრალდებულს სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და თუ მის გამო ცუდ ხასიათზე იყო მას ეჩხუბებოდა. სამსახურს და მეგობრებთან ურთიერთობას არ უკრძალავდა, პერიოდულად ეჭვიანობდა ხოლმე მასზე.
2018 წლის 13 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ-----–-----ეს 02.11.18წ. ამბულატორიულად დაესვა დიაგნოზი: ზედა ტუჩის ჭრილობა, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, დაზიანების მორფოლოგიური აღწერილობის არარსებობის გამო მისი მიმყენებელი საგანი ვერ დგინდება. ექსპერტმა ბ-------------–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია. ლ-----–-----ის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანების მიმყენებელი საგანი ვერ დადგინდა, თუმცა მიყენებულია ერთჯერადი ზემოქმედებით.
ბრალდებულმა რ----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, მეუღლეს ნამდვილად ეჩხუბა, მაგრამ ხის ჯოხი მისთვის არ დაურტყამს. ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა და შესაძლებელია ტუჩი მისი მოხვედრის გამო გაუსკდა. მიზეზი ტელეფონზე ზარის გამოტოვება იყო, მაგრამ ვერ ხსნის რა მოუვიდა და რატომ მოიქცა ასე. ძალიან ნანობს თავის საქციელს, თანამედროვე და ტკბილი ოჯახი ჰქონდა, მეუღლეს მისთვის ეჭვიანობის მიზეზი არასდროს მიუცია, ყველაფერში თანხმდებოდნენ და უგებდნენ ერთმანეთს, საოჯახო საქმეების მოგვარებაშიც ეხმარებოდა.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და ბრალდებულის ჩვენებას, რომ მან ლ-----–-----ეს სცემა ხელით და არა ჯოხით, ვინაიდან ასეთი გარემოება დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით და მის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ისე არასრულწლოვანი ნ-----–----------------ის ჩვენებით, რომელიც გამოკითხვის ოქმის დროს აღწერს დუბინკის ფორმას, იგი დაკითხულია ფსიქოლოგის თანდასწრებით და ხელის მოძრაობით ახსნა, რომ დუბინკა იყო დიდი ზომის.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირმა სხვა ადამიანის ზემოქმედებით მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და უნდა უხელმძღვანელოს მას.
ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, "ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში." საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდების მხარემ რ----------------ესა და ლ-----–-----ეს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცა ამომწურავი ჩვენება. დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტელეფონის უპასუხოდ დატოვების გამო, ჯერ სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ მანქანაში ბავშვის თანდასწრებით წაართვა ტელეფონი, უყვიროდა და თავისა და სახის არეში ხის ჯოხი დაარტყა. დაზარალებულის ჩვენებისა და უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულებების შეფასებისას, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ-----–-----ეს აღენიშნებოდა ზედა ტუჩის ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც ასევე ამყარებს და ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას. აღნიშნული გარემოებები კი ერთობლიობაში სრულად იძლევა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სსკ-ს 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დადგენის შესაძლებლობას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ დანაშაულის მოტივს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და შესაბამისად მასზე დაყდნობით მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გენდერული შეუწყნარებლობის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, როგორც მასზე დაბლა მდგომი სუბიექტის მიმართ, მისი ცხოვრების წესისა და მის ინტერესებზე კონტროლის სურვილით. ასევე უნდა დადგინდეს, რომ ძალადობას ადგილი აქვს ქალის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების გამო.
ფაქტების და მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე არ გამოიკვეთა დანაშაულის მოტივი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია. აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება დაზარალებულ ლ-----–-----ის ჩვენებით და არც მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა მტკიცებულებებით. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე ეჩხუბებოდა და ძალადობდა მასზე, მაშინ თუ თავისი პირადი ურთიერთობები დალაგებული არ ჰქონდა სხვა ქალბატონთან. ასეთ დროს შეეძლო აეკრძალა მისთვის სამსხურში წასვლა, უმოწმებდა ტელეფონს. ზოგადად არ უშლიდა მუშაობას, პირიქით, ქ-------------------ში დასაქმების დროს რეკომენდაცია გაუწია, არც მეგობრებთან ურთიერთობას, არც სასურველი ტანისამოსის ჩაცმას, ხოლო ისეთი ხასიათის გარემოებები, რომელიც იძლევა ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის შეფასების შესაძლებლობას, სხვა მტკიცებულებებით არ გამოვლენიდა, შესაბამისად, მხოლოდ აგრესიულ მდგომარეობაში ყოფნა და ასეთ პირობებში მეუღლეზე ძალადობა ვერ ჩაითვლება გენდერულ ნიშნით დიკსრიმინაციად და სასამართლოს შეფასებით არ ქმნის ამ დანაშაულის შემადგენლობას.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა რ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
რ----------------ეს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი, ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანია ასევე სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რამაც არ უნდა დატოვოს უსამართლობის განცდა დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ ძალადობა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობას სასამართლო მიუთითებს ფართო გაგებით, ვინაიდან მსუბუქი დაზიანება ძალადობის იგივე ფორმაა და მხოლოდ შედეგთან მიმართებით განსხვავდება კლასიკური ოჯახში ძალადობისაგან) ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირის უფლების დარღვევა - ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის უფლება განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, რ----------------ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლით 2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციით დაწესებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დანიშნული სასჯელი არ უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ვინაიდან, გარდა იმისა რომ არ არსებობს პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, (ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) ასევე ბრალდებული ვერ აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და მისგან გამოწვეულ შედეგს. ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით და მან მეუღლეს სცემა ხის ჯოხით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, რასაც თავადაც ვერ უძებნის ახნას და ამ ყოველივეს თითქოს ცნობიერების არქონას უკავშირებს. რეალურად კი სწორედ ამ გაუცნობიერებელი ქმედების გამო, დაზარალებულს რამდენიმე დღე დასჭირდა დაზიანებების ასალაგებლად და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მიემართა სამართალდამცავებისთვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015-–-–-- 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
რ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. რ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ნოემბრიდან.
3. რ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე დართული დისკი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე