გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - ჯ---------------
წარმომადგენელი - ა---------------ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ლ-–-----–------ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წამომადგენელი - ე-----–------------ე, რ------------–---ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-------------ის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-------------ის N 6---------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-----------ის N3---- ბრძანება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2--------ის გადაწყვეტილება (საჩივარი N-----------) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 2--------------ს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ჯ---------------ს მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E-------.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 2--------------ს, 14:39 საათზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგის“ ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შევიდა ამავე ქვეყვის მოქალაქე ჯ--------------- (პასპორტის N 7----------, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: 24 ნივთი წონით 115 გრამი. სასაქონლო ექსპერტიზის N0---------- დასკვნის მიხედვით არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7311,99 ლარი.
ჯ--------------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 7311 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 2-------------ის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი № E------- (ს/ფ 40-41)
3.1.2. 2017 წლის 2--------------ს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მიერ, ჯ---------------ს ჩამოერთვა აღმოჩენილი ოქროს სამკაული, რაზედაც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6---------- (ს/ფ 42-43)
3.1.3. 2017 წლის 27 ნოემბერს, ჯ---------------ს წარმომადგენელმა ფ---------------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და 2017 წლის 2-------------ის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №6---------- ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ოქროს ნაკეთობები, რომელიც არ ჰქონდა დეკლარირებული არ იყო დამალული და მასზე არ იყო ეგრეთ წოდებული ,,ბირკები“, რასაც მიიჩნევს იმის დასტურად, რომ ოქროს ნივთები არ იყო განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის და ის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ოქროს სამკაულები ეკუთვნოდა მასთან ერთად მყოფ მგზავრებსაც და რომ არა მათი ერთად ყოფნა ჩანთაში, მითუმეტეს მათი სხეულზე გაკეთების შემთხვევაში არ იქნებოდა მათი დეკლარირება საჭირო. იგი ასევე საჩივარში მიუთითებდა, რომ ვინაიდან იგი არ ფლობს ქართულ ენას, შესაბამისად მისთვის უცნობი იყო თუ რას ეკითხებოდა მებაჟე ოფიცერი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-----------ის №3---- ბრძანებით ჯ---------------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ ბრძანებაში მიეთითა, რომ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 2--------------ს, საბაჟო კონტროლის ზონაში შესული ჯ---------------- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ხელბარგში ოქროს ნივთები, რომლებიც ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას, ჯ---------------- განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა. კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მის კუთვნილ ხელჩანთაში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული ოქროს სამკაულები საერთო წონით: 115,34 გრამი (ჯამში 24 ნივთი). არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7311,99 ლარი. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ დიალოგი მიდიოდა მოსარჩელისათვის გასაგებ რუსულ ენაზე და სრულყოფილად პასუხობდა რუსულ ენაზევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დასმულ შეკითხვებს. ამასთან მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ჯ--------------- პირველად არ კვეთდა საქართველოს საბაჟო საზღვარს და მისთვის ცნობილი ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 2-----------ის სსიპ შემოსავლების სამსახურის №3---- ბრძანება ( ს/ფ 31-35)
- საჩივარი (ს/ფ 36-39)
3.1.4. ჯ---------------ს წარმომადგენელმა ა---------------მა, 2018 წლის 12 იანვარს, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
მოცემული საჩივრის თანახმად, ჯ---------------ს წარმომადგენელი უთითებდა, რომ ჯ--------------- საქართველოში შემოვიდა სხვა პირებთან ერთად ავტომობილით (სახელმწიფო ნომერი A--------), შესაბამისად ავტომობილში მოთავსებული ბარგი ეკუთვნოდა არამხოლოდ ჯ---------------ს და სადავო ჩანთა შესაძლებელია ყოფილიყო საერთო ოჯახის სარგებლობის ნივთი. მებაჟე ოფიცრის შეკითხვაზე ჯ---------------- პირნათლად უპასუხა, რომ პირადად მას არ გააჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ქონება. საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია თუ რა რეკვიზიტებზე დაყრდნობით დაასკვნა მებაჟე-ოფიცერმა, რომ შემოწმებული ჩანთა წარმოადგენდა ჯ---------------ს ინდივიდუალურ საკუთრებას, მაშინ როცა ჩანთაში ასევე მოთავსებული იყო სხვა ოჯახის წევრების პირადი დოკუმენტები და სხვადასხვა საერთო მოხმარების ნივთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ს/ფ 23-30)
3.1.5. საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2--------ის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ჯ---------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადაადგილების ფაქტს, ამასთან საბაჟო საზღვარზე მალულად გადაადგილებული საქონლის (ოქროს ნაკეთობები) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7311,99 ლარი, რაც აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, შესაბამისად, ჯ---------------ს წარმოეშვა საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამდენად, მის მიმართ გამოყენებული სანქცია მართლზომიერია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2--------ის გადაწყვეტილება (ს/ფ 15-22)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ---------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 199-ე, 207-ე, 215-ე, 218-ე, 227-ე, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 2017 წლის 2-------------ის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის N6---------- ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-----------ის №3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები, რომლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 03 აპრილის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ჯ--------------- დაჯარიმდა 7 311 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. ჯ---------------ს, ხელჩანთის დათვალიერებისას, აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით - 115,34 გრამი, 24 ცალი ოქროს ნაკეთობა, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 7 311, 77 (შვიდი ათას სამასთერთმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი. ასევე, მას, სანქციის უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოერთვა მის კუთვნილ ბარგში აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს პირადი ნივთის დეფინიციას, კერძოდ, პირადი ნივთი არის მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.
საქონლის გაფორმებისას გამოსაყენებელი სასაქონლო ოპერაციების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. მითითებული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი დადგენილია, რომ გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს. სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
აღნიშნული ინსტრუქციის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა/გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ჯ---------------ს ჰქონდა განზრახვა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულებას შეადგენს 7 311,99 (შვიდი ათაც სამასთერთმეტი ლარი და ოთხმოცდაცრამეტი თეთრი) ლარს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ მინიმუმს აღემატება და რომლის დეკლარირების ვალდებულებაც წარმოეშვა მოსარჩელეს. შესაბამისად, იგი საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მგზავრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ყველა მათგანის ნივთი ერთად იყო ჩანთაში მოთავსებული და არ იცოდა, თუ სხვისი ნივთებიც უნდა ეჩვენებინა მებაჟე-ოფიცრისთვის. სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, ჯ--------------- ხშირად გადაადგილდება საქართველოს საზღვარზე, სასამართლო სხდომაზეც ჯ---------------- დაადასტურა, რომ წელიწადში ორჯერ კვეთს საქართველოს საზღვარს, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული პროცედურები.
მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილი არ ჰქონია საბაჟო კონტროლისგან მალულად საქონლის გადაადგილებას, ამასთან რითი განსაზღვა მებაჟე-ოფიცერმა, რომ კონკრეტულად ჯ---------------ს ჩანთაში იყო მოთავსებული ოქროს ნივთები. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის დანაწესი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პირი დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას არ ახორციელებს ნებაყოფლობით და დასადეკლარირებელი საქონლის აღმოჩენა ხდება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ჯ---------------- მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე უარი განაცხადა, რომ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები. მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისა კი აღმოჩნდა რომ მას ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას ენის არცოდნასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს შეკითხვაზე ჯ---------------- განმარტა, რომ მან გაიგო მებაჟე-ოფიცრის შეკითხვა, თუმცა არ იცოდა თუ სხვის ნივთებზეც იყო პასუხისმგებელი. მანვე დაადასტურა, რომ როდესაც ოქროს წონიდნენ და ოქმი უნდა შედგენილიყო, მასთან საუბარი მიმდინარეობდა რუსულ ენაზე და განუმარტეს, რომ შეეძლო გაესაჩივრებინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ მითითებული მუხლი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა და მითითებული მუხლის გამოუყენებლობა არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომელიც შეიძლება გახდეს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 2-------------ის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, 2017 წლის 2-------------ის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის N6---------- ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-----------ის №3---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ჯ---------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 220 (ორას ოცი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე